შინაარსზე გადასვლა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფა1918 წლის 2 აგვისტოს მიღებული კანონით, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საგუბერნიო, საოლქო და სამაზრო ადმინისტრაციის შტატები. საქართველო დაყოფილი იქნა შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებად: თბილისის გუბერნია ცხრა მაზრით (თბილისი, დუშეთი, თიანეთი, გორი, თელავი, სიღნაღი, ბორჩალო, ახალციხე, ახალქალაქი); ქუთაისის გუბერნია შვიდი მაზრით (ქუთაისი ახალსენაკი, ლეჩხუმი, რაჭა, ზუგდიდი, ოზურგეთი, შორაპანი); სოხუმის ოლქი, ზაქათალის ოლქი, 1920 წლის ივლისიდან ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოიყო ბათუმის ოლქი.

შემოიღეს ორსაფეხურიანი ადმინისტრაციული სტრუქტურა, გუბერნიაში უმაღლესი ადმინისტრაციული მოხელე იყო გუბერნიის კომისარი, ოლქში - ოლქის კომისარი, მაზრაში - მაზრის კომისარი. გუბერნიის ოლქისა და მაზრის კომისარიატებს ჰყავდათ თავიანთი აპარატი - სულ 14 სამაზრო და 56 სარაიონო კომისარი. ყველა სასოფლო თემში შეიქმნა 5-კაციანი მილიცია. 1918 ადგილობრივი მმართველობის რეფორმიდან გამომდინარე გაუქმდა საქართველოს დაყოფა გუბერნიებად, რის შემდეგაც ყველა მაზრაში ჩატარდა საერობო კრების არჩევნები. 1919 წელს საქართველოს მაზრებში ჩამოყალიბდა მრავალპარტიული საერობო კრებები. საერობო კრებები საერო აღმასრულებელ ორგანოს წარმომადგენდა გამგეობები. სამაზრო თვითმმართველობების (ერობების) შექმინის შემდეგ გატარდა საქალაქო თვითმმართველობის რეფორმა. არჩეულ იქნა მრავალპარტიული საქალაქო სათათბიროები და მისი გამგეობები. საბოლოო ჯამში, საქართველოში ჩამოყალიბდა დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული ადგილობრივი მართველობის სისტემა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თვითმართველობის კომისიის მიერ 1920 წელს შემუშავებული საქართველოს ტერიტორიის დანაწილებისა ახალ საადმინისტრაციო ერთეულებად (ოლქებად) პროექტის შესაბამისად (საქართველოს ერობათა კავშირის კომიტეტის გამოცემა N 2, 1920 (სახელმწიფო სტ.), ტფილისი. - 103გვ. ; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საარქივო ფონდი, F 7.876/4 - https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/277728) გაუქმდა დაყოფა რუსეთის იმპერიის დროინდელ გუბერნიებად, ოლქებად (области) და ცალკეულ ოკრუგებად. მაზრები და შიდა ოკრეგები შეინარჩუნეს და დაარქვეს ოლქები. ახალი ოლქების სახელები ძირითადად მათი ადმინისტრაციული ცენტრების სახელწოდებებით იყო შემოთავაზებული. ამავდროულად, მცირე ცვლილებები განხორციელდა მათ საზღვრებში და რამდენიმე ყოფილი მაზრა და ოკრუგი გაერთიანდა: ბათუმისა და ართვინის ოკრუგები - ბათუმის ოლქში, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები - ახალციხის ოლქში, დუშეთისა და თიანეთის მაზრები - ანანურის ოლქში. გარდა ამისა, ავტონომიური მხარის სტატუსი მიიღეს აფხაზეთმა (სოხუმის ოლქი), სამუსლიმანო საქართველომ (ბათუმის ოლქი) და ზაქათალის ოლქმა.

დაინერგა ორდონიანი ადგილობრივი თვითმმართველობა: რეგიონულ დონეზე - 18 ოლქი და ოლქებთან გათანაბრებული საქართველოს დედაქალაქი ტფილისი, ხოლო ადგილობრივ დონეზე - 356 ქალაქი და თემი. არტაანის ოკრუგის სამხრეთი ნაწილი და ოლთისის ოკრუგი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონტროლის დამყარების შემთხვევაში შედიან შექმნილი არტაანის ოლქის შემადგენლობაში.

პროექტი  საქართველოს ტერიტორიის დანაწილებისა ახალ საადმინისტრაციო ერთეულებად (ოლქებად) 1920 წ.


საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები (ოლქები), რომლებიც დაგეგმილია პროექტის შესაბამისად, რუსეთის იმპერიის არსებული მაზრებისა და ოკრუგების საფუძველზე (ოლქების ალტერნატიული სახელები მოცემულია ფრჩხილებში):

1 – ტფილისის ოლქი (სამოქალაქო) – ცენტრი ქ. ტფილისი

2 – ბორჩალის ოლქი (ქვემო ქართლი) – ცენტრი დ. რატევანი / ეკატერინენფელდი ანუ ს. ქვეში

3 – ახალციხის ოლქი (სამცხე–ჯავახეთი) – ცენტრი ქ. ახალციხე

4 – გორის ოლქი (შიდა ქართლი) – ცენტრი ქ. გორი

5 – ანანურის ოლქი (მთიულეთი) – ცენტრი ს. ანანური

6 – თელავის ოლქი (შიდა-კახეთი) – ცენტრი ქ. თელავი

7 – სიღნახის ოლქი (ქიზიყი) – ცენტრი ქ.  სიღნაღი

8 – ზაქათალას ოლქი (საინგილო) – ცენტრი ქ. ზაქათალა

9 – ქუთაისის ოლქი (ქვემო იმერეთი) – ცენტრი ქ.  ქუთაისი

10 – ზესტაფონის ოლქი (ზემო იმერეთი) – ცენტრი ქ. ზესტაფონი / ყვირილა

11 – ონის ოლქი (რაჭა) – ცენტრი დ. ონი

12 – ცაგერის ოლქი (ლეჩხუმ-სვანეთი) – ცენტრი სოფ. ცაგერი

13 – სოხუმის ოლქი (აფაზით-სამურზაყანო) – ცენტრი ქ. სოხუმი

14 – ზუგდიდის ოლქი (ზემო ოდიში) – ცენტრი ქ. ზუგდიდი

15 – სენაკის ოლქი (ქვემო ოდიში) – ცენტრი დ. ახალ-სენაკი

16 – ოზურგეთის ოლქი (გურია) – ცენტრი ქ. ოზურგეთი

17 – ბათუმის ოლქი (აჭარა–კლარჯეთი) – ცენტრი ქ. ბათუმი

18 – არტაანის ოლქი (ტაო-არტაანი) – ცენტრი დ. არტაანი

19 – ქ. ტფილისი – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი.

  • კუპატაძე.ბ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 12.