საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი
გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი — გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის მისიაა წამყვანი როლი შეასრულოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურებაში მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობის საყოველთაო აღორძინებასა და დამკვიდრებაში.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სასწავლებელი დაარსდა 2006 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ინიციატივით. სასწავლებლის შემქნის სათავეებთან იდგნენ ასევე მამა დავითის მონასტრის არქიმანდრიტი იოანე (კიკვაძე) და ქართული ხალხური სიმღერა-გალობის დიდი მოამაგე ანზორ ერქომაიშვილი. ინიციატივას გვერდით დაუდგა ბიზნესმენი ივანე ჩხარტიშვილი, რომლის ფინანსური მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა სასწავლებლის ჩამოყალიბება.
უმაღლესი სასწავლებელი ახორციელებს საეკლესიო მუსიკისა და საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამებს უმაღლესი განათლების ორ საფეხურზე (საეკლესიო მუსიკის საბაკალავრო და საეკლესიო მუსიკისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამებზე); სასწავლებელში ფუნქციონირებს მოსამზადებელი განყოფილება, სადაც აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ მოემზადონ როგორც ერთიანი ეროვნული, ისე შიდა მისაღები გამოცდებისათვის.
სასწავლებელში ფუნქციონირებს საეკლესიო მუსიკისა და ქართული ხალხური სიმღერის კათედრა და შესაბამისი პროფილის ორი სახელოსნო — ანზორ ერქომაიშვილისა და მალხაზ ერქვანიძის. კვალიფიციური პედაგოგები სტუდენტებს შეასწავლიან ტრადიციულ ქართულ საგალობლებსა და სხვადასხვა კუთხის ქართულ ხალხურ სიმღერებს, მუსიკის თეორიას, სოლფეჯიოს, ქართული საეკლესიო მუსიკის ისტორიასა და თეორიას, ქართულ ხალხურ საკრავებს, ახალსა და ძველ აღთქმას, დოგმატიკას, ლიტურგიკას, ლიტურგიკულ კითხვას, მუსიკალურ ინფორმატიკას, საქართველოსა და საქართველოს ეკლესიის ისტორიას და სხვა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი დაარქივებული 2021-03-06 საიტზე Wayback Machine.