ოდესა (უკრ. Одеса) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ უკრაინაში, უმნიშვნელოვანესი პორტი შავ ზღვაზე და ოდესის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქის მოსახლეობა 2004 წლის მონაცემებით იყო 1.012.500 ადამიანი.
ოდესა თბილ წყალზე მდებარეობს, თუმცა მისი სამხედრო მნიშვნელობა საკმაოდ შეზღუდულია. თურქეთის მიერ დარდანელის სრუტესა და ბოსფორზე კონტროლის დაწესებამ ნატოს შესაძლებლობა მისცა ოდესიდან ხმელთაშუა ზღვაზე მიმოსვლა შეეზღუდა. ქალაქს ორი მნიშვნელოვანი პორტი აქვს: თავად ოდესა და იუჟნი (საერთაშორისო მნიშვნელობის ნავთობ ტერმინალი), რომელიც ქალაქის გარეუბანში მდებარეობს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პორტი, ილიჩევსკი, იმავე ობლასტში მდებარეობს, ოდესის სამხრეთ-დასავლეთით. ერთობლიობაში ეს სამი პორტი და სარკინიგზო სისტემა მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს. ოდესის ნავთობ და ქიმიურ-გადამმუშავებელი ქარხნები რუსეთისა და ევროპის ქსელებთან სტრატეგიული მნიშვნელობის სადენებით არის დაკავშირებული.
ოდესა სიდიდით მეხუთე ქალაქია უკრაინაში და ასევე მისი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი. მე-19 საუკუნეში ის იყო იმპერიული რუსეთის მესამე ქალაქი მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის შემდეგ. ქალაქის ისტორიულ არქიტექტურას უფრო ხმელთაშუა იერი დაჰკრავს ვიდრე რუსული, ფრანგული და იტალიური მიმდინარეობების გავლენით. ოდესისთვის ყოველთვის იყო დამახასიათებელი თავისუფალი ნება და იუმორი, შესაძლოა მისი მდებარეობისა და მულტიკულტურიზმის წყალობით.
1792 წლამდე ოდესა თათრულ სოფელს წარმოადგენდა და ჰაჯიბეი ერქვა. ოდესის თავდაპირველი სახელის სხვა ვარიანტებიცაა ცნობილი: კაჩიბეი, აჯიბეი, კოცუბეევი, კაჩუკლენოვი. ქალაქს ოდესა ეწოდა იმის გამო, რომ შეცდომით მიაჩნდათ, თითქოს ჰაჯიბეის ადგილზე ძველბერძნული კოლონია ოდესოსი არსებობდა. სინამდვილეში ოდესოსი ვარნას ადგილას მდებარეობდა. ოდესა ქალაქს 1794 წელს უწოდეს.
ხერსონის კლიმატის უვარგისობაში დარწმუნებულმა ადმირალმა ოსიპ დერიბასმა ჰაჯიბეის ადგილას ქალაქის გაშენების იდეა ეკატერინე II-ს შესთავაზა. ამ ქალაქის დაარსება რუსეთს აახლოებდა ოსმალეთის იმპერიასთან, ხოლო ვოლინისა და პოდოლის მცხოვრებლებს დიდ უპირატესობას უქმნიდა. მათ აღარ დასჭირდებოდათ ბუგის გადაკვეთა ზღვასთან დასაკავშირებლად.
1803 წელს ოდესაში ოთხასამდე სახლი და 7-8 ათასამდე მცხოვრები იყო, ქალაქის შემოსავალი 5 მლნ მანეთამდე ადიოდა. 1803 წელს ოდესის მმართველად დაინიშნა არმან ემანუელ დიუ პლესი რიშელიე. მან მიიზიდა ხალხი ოდესაში დასასახლებლად, მოაწყო მუდმივმოქმედი ფოსტა და კარანტინი, სავაჭრო პალატა, ბირჟა, საავადმყოფოები და გიმნაზიები. ათ წელიწადში ქალაქის მოსახლეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 1814 წლისთვის ოდესაში 2600 სახლი და 35 ათასი მცხოვრები იყო, ქალაქის შემოსავალმა 45 მლნ მანეთს გადააჭარბა. 1820 წლისთვის ოდესის 40 ათასიანი მოსახლეობა მრავალეთნიკური იყო. მისი მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი იყო რუსები, დანარჩენს კი შეადგენდნენ ფრანგები, იტალიელები, ავსტრიელები, გერმანელები, პოლონელები, სომხები, ბულგარელები, სერბები, ბერძნები, ალბანელები, ყარაიტები.
ოდესა 1819-1858 წლებში თავისუფალი პორტი (პორტო ფრანკო) იყო. საბჭოთა პერიოდში სსრკ-ის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პორტი და სამხედრო სანაოსნო ბაზა გახდა. 2000 წლის 1 იანვარს ოდესის სავაჭრო პორტის კარანტინის მისადგომი თავისუფალ პორტად და თავისუფალ სავაჭრო ზონად გამოცხადდა 25 წლის ვადით.
ოდესის მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგი, გარდა ხერსონისკენ მიმავალი გზის სანაპირო ზოლისა, მეტად ნაყოფიერია. ჰაერი ჯანსაღია, მაგრამ ქალაქი მოკლებულია ტყეებსა და მტკნარ წყალს.
|
---|
|
ადმინისტრაციული ცენტრი: ოდესა | | რაიონები | | |
---|
| ქალაქები | |
---|
| გაუქმებული რაიონები | |
---|
|