შინაარსზე გადასვლა

იოანე მალალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოანე.

იოანე მალალა (ბერძ. Ἰωάννης Μαλάλας; დ. 491, ანტიოქია — გ. 578) — ბიზანტიელი ქრონისტი. მისი ზედწოდება (სირიულად malal — რიტორი) მოწმობს, რომ ვექილი იყო. მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ მოიპოვება. მისი ნაშრომის მიხედვით ასკვნიან რომ ცხოვრობდა ანასტასი I, იუსტინე I, იუსტინიანე I და იუსტინე II-ის დროს, ესე იგი 491-578 წლებში.

იოანე მალალას საისტორიო თხზულება „ქრონოგრაფია“ მოიცავს მსოფლიო ისტორიას ქვეყნის დასაბამიდან 563 წლამდე. თხზულება შედგება 18 წიგნისგან. პირველ 17 წიგნში მოთხრობილი ამბების ცენტრშია ანტიოქია, ხოლო მე-18 წიგნის შუიდან — კონსტანტინოპოლი. ამის გამო ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ თხზულების ბოლო ნაწილი სხვა ავტორს ეკუთვნის. ამ აზრს ადასტურებენ იმით, რომ თხზულების პირველ ნაწილში ავტორი მონოფიზიტია, ხოლო ბოლო ნაწილში — ორთოდოქსი. ი. ჰაუერის აზრით იოანე მალალა არის კონსტანტინოპოლის პატრიარქი იოანე III ანტიოქიელი (565-577 წლები), რომელიც ჯერ ანტიოქიაში ცხოვრობდა და შემდეგ გადასახლდა კონსტანტინოპოლში. ქრონოგრაფი სრულიად არ არის მოღწეული, მას აკლია პირველი და ბოლო ნაწილი, თხრობა მოტანილია 563 წლამდე, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ის უნდა ყოფილიყო მოტანილი 574 წლამდე. ქრონოგრაფის მხოლოდ ერთი, XI საუკუნის ხელნაწერია შემორჩენილი.

განსაკუთრებით საყურადღებოა თხზულების ის ნაწილი, რომელშიც ავტორი თანამედროვე ამბებს აღწერს; აქ კი სანდო ისტორიკოსად წარმოგვიდგება. იოანე მალალას „ქრონოგრაფია“ შემდგომ ხანებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და შემდგომი ავტორები სარგებლობდნენ მისით. VI საუკუნის ბოლოს ის გამოიყენეს იოანე ეფესელმა და ევაგრე სქოლასტიკოსმა. მისით სარგებლობდნენ იოანე დამასკელი, გიორგი ამარტოლი და სხვები. მასში არის საინტერესო ცნობები სლავური ქვეყნების ისტორიისათვის. აგრეთვე საქართველოს ისტორიის, კერძოდ, VI საუკუნეში დასავლეთ საქართველოს ურთიერთობების შესახებ ბიზანტია-ირანთან. თხზულება თარგმნილია სლავურ და ქართულ ენებზე.

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 190.
  • ყაუხჩიშვილი, ს. (1936). ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტომი III. ტფილისი: ტფილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 260-271.