შინაარსზე გადასვლა

გიორგი ფრანძესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი ფრანძესი (ბერძ. Γεώργιος Φραντζής; დ. 1401, კონსტანტინოპოლი – გ. 1478 წლის შემდეგ, კორფუ) — ბიზანტიელი ისტორიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. სხვადასხვა დროს ეკავა მაღალი თანამდებობები. 1449 წელს დესპანად იყო ქართლში და ტრაპიზონში, იმპერატორ კონსტანტინე XI-ისათვის საცოლის შესარჩევად. 1451 წლიდან დიდი ლოგოთეტია. 1453 წელს, კონსტანტინოპოლის აღებისას, ტყვედ ჩავარდა, ერთი წლის შემდეგ გაიქცა ჯერ პელოპონესში, მერე იტალიაში და იქ კ. კორფუზე ბერად აღიკვეცა.

მისი საისტორიო ნაშრომი, „მცირე ქრონიკა”, აგვიწერს 1413–77 წლების ამბებს. აქ მოთხრობილია აღნიშნული ელჩობის ამბავი. მასში მრავალი მნიშვნელოვანი ცნობაა გიორგი VIII-ის მეფობის დროინდელი (1446–66) ქართლის საშინაო ვითარების, ოსმალებსა და ტრაპიზონის იმპერიასთან ურთიერთობის შესახებ. მეორე ნაშრომი „ვრცელი ქრონიკა,” რომელიც გიორგი ფრანძესის სახელით იყო ცნობილი, როგორც გაირკვა, მას არ ეკუთვნის.