ჯავახიშვილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჯავახიშვილებიქართლის ფეოდალური საგვარეულო XIV-XIX საუკუნეებში. წარმოდგა თორელთა ძირითადი განშტოებიდან, რომელიც XII საუკუნეში დამკვიდრდა შიდა ქართლში, თეძმის ხეობაში (კასპის მუნიციპალიტეტი) და შექმნა იქ თავისი საფეოდალო (XV საუკუნიდან სათავადო) საჯავახიანო. გვარის დამფუძნებელი იყო XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ჯავახ თორელი (შემდგომში იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ბერად შემდგარი სვიმონის სახელით), გამრეკელ თორელის შვილი. სახელი ჯავახი თორელთა საგვარეულოში დამკვიდრდა ჯავახეთში მათ სამამულე მფლობელობასთან და გამგებლობასთან დაკავშირებით. ჯავახის შვილები თორელ-ჯავახიშვილებად, ხოლო შვილისშვილები და მომდევნო თაობა ჯავახიშვილებად იწოდებოდნენ.

XIV საუკუნეში და შემდგომ პერიოდში ჯავახიშვილებმა სამეფო კარისაგან სხვადასხვა ადგილებში წყალობად მიიღეს: ათენაგუენის მონასტერი, ზემო და ქვემო ცხირეთი, ხანდაკი, ოძისი, ახალშენი. 1463 წელს - ავკვეთის და იის ციხე, 1466 - ცხირეთის გვერდი და სოფელი თხილოვანი, შემდეგში ქვეშის ციხე და რატევანი. XVII საუკუნეში ჯავახიშვილებს ყმა-მამული ჰქონდათ: სკრას, ხოვლეს, ზეს, ფიცეს, ზაკუს, ქვენადრისს, კრკონს, წოდორეთს, ცხირეთს, ყარაღაჯს, საყავრეს და სხვა.

XIV საუკუნიდან ეპყრათ მეაბჯრეთუხუცესის, მეფის ფარეშთუხუცესის, მეკობრისმძებნელის, ბოქაულთუხუცესის სახელოები. მცირე ხნით ეკავათ გორისა და ატენის სამურავოები. ჰქონდათ მაღალი სასულიერო პატივი: იყვნენ მაგლელები, ურბნელები და სხვა. რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმების შემდეგ ჯავახიშვილები წვრილ აზნაურებად გადაიქცნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]