ნანდუსნაირნი (ლათ.Rheiformes) — ტანად დიდი, არამფრინავი ფრინველებისრიგი. მამლის სიმაღლე 150 სმ. მასა 50 კგ-ს აღწევს. უტროპო ფრინველებია. აქვთ განუვითარებელი ფრთები, არაპნევმატური ჩონჩხი, პატარა თავი, გრძელი კისერი, მძლავრი და სამთითიანი ფეხები. რიგში ერთი თანამედროვე ოჯახის (ნანდუსებრნი — ლათ.Rheidae) ერთი გვარი (ლათ.Rhea) და 2 სახეობაა. გავრცელებული არიან სამხრეთ ამერიკაში. ჩვეულებრივი ნანდუ (ლათ.Rhea americana) ბინადრობს ბრაზილიასა და არგენტინის ველებზე, დარვინის ნანდუ (ლათ.Rhea darvini) — პატაგონიასა და ანდების მთის ველზე. ნანდუსნაირნი პოლიგამებია. კრუხობს და შთამომავლობაზე ზრუნავს მხოლოდ მამალი. იკვებებიან ძირითადად მცენარეულობით, თუმცა მოიპოვებენ მოლუსკებს, ხვლიკებს, ჭიებსა და სხვა ცხოველურ საკვებსაც. ნანდუსნაირნი ხშირად გვხვდებიან ზოოპარკებშიც.