ფრანჩესკო ჯაკინტო დაიბადა 1632 წლის 14 სექტემბერს ტურინში. იგი იყო სავოიის ჰერცოგ ვიტორიო ამადეო I-ისა და მისი ცოლის, კრისტინა მარია ფრანგის უფროსი ვაჟი. მამის მხრიდან იგი ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის შვილთაშვილი იყო, ხოლო დედის მხრიდან პაპა-ბებიად საფრანგეთის მეფე ანრი IV და დედოფალი მარია მედიჩი ერგებოდნენ. როგორც მომავალ ჰერცოგს, მასაც დაბადებისთანავე მიენიჭა პიემონტის პრინცის წოდება.
მას შემდეგ, რაც 1637 წლის 7 ოქტომბერს მამამისი გარდაიცვალა, ტახტი ფრანჩესკო ჯაკინტომ დაიკავა, რომელიც მხოლოდ 5 წლის იყო, რის გამოც მას რეგენტად დედამისი დაენიშნა. როგორც ცნობილია დედა მას მეტსახელად „სამოთხის ყვავილს“ (ფრანგ.Fleur de Paradis) უწოდებდა. მისი მმართველობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რამეთუ მცირეწლოვანი ჰერცოგი მალევე ყვავილით დაავადდა და 1638 წლის 4 ოქტომბერს, 6 წლის ასაკში აღესრულა, რის გამოც ტახტი მისმა უმცროსმა ძმამ, კარლო ემანუელე II-მ დაიკავა. იგი დაკრძალეს ტურინში, საკრა-დი-სან-მიქაელის ბაზილიკაში.