ფილიპო II სავოიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფილიპო II სავოიელი
Filippo II di Sasvoia Detto il Senza Terra.PNG
სავოიის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 16 აპრილი, 1496
მმართ. დასასრული: 7 ნოემბერი, 1497
წინამორბედი: კარლო II
მემკვიდრე: ფილიბერტო II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 5 თებერვალი, 1438
გარდ. თარიღი: 7 ნოემბერი, 1497, (59 წლის)
მეუღლე: მარგარიტა დე ბურბონი
(ქ. 1472 - გარდ. 1483)
კლაუდინა დე ბროსი
(ქ. 1485)
შვილები: ლუიზა, ანგულემის გრაფინია
ფილიბერტო II, სავოიის ჰერცოგი
კარლო III, სავოიის ჰერცოგი
დინასტია: სავოიელები
მამა: ლუდოვიკო, სავოიის ჰერცოგი
დედა: ანა კვიპროსელი
რელიგია: კათოლიციზმი

ფილიპო II სავოიელი (იტალ. Filippo II di Savoia; დ. 5 თებერვალი, 1438 — გ. 7 ნოემბერი, 1497) — სავოიელთა დინასტიის წარმომადგენელი. სავოიის ჰერცოგი 1496-1497 წლებში. ჰერცოგ ლუდოვიკოსა და ანა კვიპროსელის ვაჟი. სავოიის ორი ჰერცოგის: ფილიბერტო II-ისა და კარლო III-ის მამა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპო დაიბადა 1438 წლის 5 თებერვალს შატო დე შამბრში, თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიაზე. იგი იყო სავოიის ჰერცოგ ლუდოვიკოსა და მისი ცოლის, პრინცესა ანა კვიპროსელის უმცროსი ვაჟი. დედის მხრიდან მისი პაპა-ბებია კვიპროსის მეფე იანუსი და დედოფალი შარლოტ დე ბურბონი იყვნენ.

ვინაიდან ფილიპოს ჰყავდა უფროსი ძმა, რომელსაც არაერთი ვაჟი ჰყავდა, იგი საერთოდ არ მოიაზრებოდა ტახტის მემკვიდრედ, რის გამოც მას შედარებით უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდა ყველაფერში. თავისივე სურვილით იგი სამხედრო კარიერას გაჰყვა და მოგვიანებით გენერლობამდე ამაღლდა. მის აპანაჟს მხოლოდ ბრეზის პროვინცია წარმოადგენდა, რომელიც სავოიის უკიდურეს ჩრდილოეთში, ბურგუნდიისა და საფრანგეთის საზღვართან მდებარეობდა. ამის გამო ხალხმა მას „უმიწო“ შეარქვა.

1472 წელს მისი უფროსი ძმა, ჰერცოგი ამადეო IX გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტს ფილიპოს ძმისწული, ფილიბერტო I იკავებს, რომელიც ათ წელიწადში უშვილოდ აღესრულა. ამ პირობებში ტახტი მისმა ძმამ, კარლო I-მა დაიკავა, რომელიც სულ მალე გარდაიცვალა და მხოლოდ ერთი ჩვილი ვაჟი დარჩა, რომელიც სასწრაფოდ სავოიის ჰერცოგ კარლო II-დ გამოაცხადეს, რეგენტად კი დედამისი, ბიანკა მონფერატელი დაუნიშნეს. კარლო II 1496 წლის 16 აპრილს, 6 წლის ასაკში გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი მამამისის ბიძას, მაშასადამე ფილიპო II-ს ერგო, რომელიც სრულიად მოულოდნელად გახდა სავოიის ახალი ჰერცოგი.

მიუხედავად ყველაფრისა და იმისა, რომ იგი არც ხანში შესული ყოფილა, ფილიპოს მმართველობა სავოიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანმოკლეა. იგი სულ ერთ წელიწადში, 1497 წლის 7 ნოემბერს, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა, რის გამოც ტახტს მისი ვაჟი იკავებს.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1472 წლის 6 აპრილს ფილიპომ ცოლად შეირთო ფრანგი დიდებული მარგარიტა დე ბურბონი (1438-1483), ბურბონის ჰერცოგ შარლ I-ისა და აგნესა ბურგუნდიელის ასული, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი:

  1. ლუიზა (1476-1531), ცოლად გაჰყვა ანგულემის გრაფ შარლ დე ვალუას, რომელთანაც შეეძინა საფრანგეთის მეფე ფრანსუა I და ნავარის დედოფალი მარგარიტა ანგულიმელი;
  2. ჯიროლამო (1478), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. ფილიბერტო II (1480-1504), სავოიის ჰერცოგი 1497-1504 წლებში. პირველად დაქორწინდა თავის ბიძაშვილ იოლანდა ლუიზა სავოიელზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-ის ასულ მარგარეტ ავსტრიელზე, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;

მეორე ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაქვრივების შემდეგ, 1485 წელს ფილიპო მეორედ დაქორწინდა ბრეტონელ დიდგვაროვან კლაუდინა დე ბროსზე (1450-1513), საფრანგეთის მარშალ ჟან II დე ბროსისა და ნიკოლეტ დე შატიიონის ასულზე, რომელთანაც კიდევ ექვსი შვილი შეეძინა:

  1. კარლო III (1486-1553), სავოიის ჰერცოგი 1504-1553 წლებში. ცოლად შეირთო მეფე მანუელ I-ის ასული ბეატრიზ პორტუგალიელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი ჰერცოგი ემანუელე ფილიბერტო;
  2. ლუდოვიკო (1488-1502), გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  3. ფილიპო (1490-1533), ნამიურის ჰერცოგი. ცოლად შეირთო შარლოტა ორლეანელი, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა;
  4. ასოლონე (1494), გარდაიცვალა ჩვილი;
  5. ჯოვანი (1495), გარდაიცვალა ჩვილი;
  6. ფილიბერტა (1498-1524), ცოლად გაჰყვა ნამიურის ჰერცოგ ჯულიანო მედიჩის, მაგრამ გარდაიცვალა უშვილოდ;

უკანონო შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავის საყვარლებთან მას სულ რვა უკანონო შვილი ჰყავდა.

ლიბერა პორტონერისთან:

  1. რენე (1468-1525), ნიცისა და პროვანსის გუბერნატორი, ცოლად შეირთო ანა ლასკარისი, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი, მათ შორის საფრანგეთის კონეტაბლ ან დე მონმორანსის მეუღლე მადლენა სავოიელი;
  2. ანტონიეტა (1469-1500), ცოლად გაჰყვა მონაკოს სენიორ ჟან II გრიმალდის;
  3. პიერო, ჟენევის ეპისკოპოსი;

ბონა დი რომანიანოსთან:

  1. კლაუდინა, ცოლად გაჰყვა ორნის გრაფ ჯაკოპო III-ს;
  2. ფილიპინა, დაქორწინდა ლორენცო მედიჩიზე;
  3. მარგერიტა;
  4. ჯოვანა;
  5. მიქელო, მღვდელი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hand, Joni M. (2016). Women, Manuscripts and Identity in Northern Europe, 1350-1550. Routledge.220
  • Jackson-Laufer, Guida Myrl (1999). Women Rulers Throughout the Ages: An Illustrated Guide. ABC-CLIO.
  • Knecht, R.J. (1982). Francis I. Cambridge University Press.
  • Vester, Matthew, ed. (2013). Sabaudian Studies: Political Culture, Dynasty, and Territory (1400–1700). Truman State University Press.