ტაჯიკეთის ხელოვნება და არქიტექტურა
ტაჯიკეთის ძველი და შუა საუკუნეების ხელოვნების განვითარებაში დიდი როლი ითამაშა კულტურულ-ეკონომიკურმა ურთიერთობებმა შუა აზიის და სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით უზბეკებთან. ბევრი ძველი და შუა საუკუნეების ძეგლი (ბუხარის, სამარყანდის არქიტექტურული ძეგლები, მინიატიურები) ორივე ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას შეადგენს (ქვემოთ დასახელებულია მხოლოდ ის ძეგლები, რომლებიც ახლანდელი ტაჯიკეთის ტერიტორიაზე მდებარეობს).
ტაჯიკეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილია მეზოლითის პერიოდის, ნეოლითის ხანის, ბრინჯაოს და აქემენიდთა ეპოქის, ბერძნულ-ბაქტრიულ და ქუშანის ხანის კულტურული ძეგლები, აგრეთვე პამირული ციხესიმაგრეები (ქაჰქაჰა, იამჩუნი). ამ პერიოდის მთელი ხელოვნებისთვის დამახასიათებელია ელინისტური ელემენტებისა და ადგილობრივი ტრადიციების შერწყმა (სასახლე-სატაძრო კომპლექსი საქსან-ოხურში).
V საუკუნე–VIII საუკუნის დასაწყისში ტაჯიკეთის ტერიტორიაზე მრავალი რეგულარულად დაგეგმარებული ქალაქი განაშენიანდა. შენდებოდა სასახლეები, სხვადასხვა რელიგიის საკულტო ნაგებობები, სოფლად — ციხე-სახლები. ადრინდელ შუა საუკუნეების სახვით ხელოვნებაში, რომელიც თავდაპირველად სოღდის, უსრუშანისა და ტოხარისტანის გავლენით ვითარდებოდა, ყალიბდება ხელოვნების ადგილობრივი სტილი, რომელშიც გადამუშავებულია ელინისტური და ქუშანური ტრადიციები და არეკლილია ჩრდილოეთ ინდოეთისა და ავღანეთის ხელოვნებასთან ურთიერთობა.
არაბთა მიერ ტაჯიკეთის დაპყრობის შედეგად ისლამის გავრცელებას მოჰყვა ახალი ტიპის ნაგებობათა მშენებლობა (მეჩეთები, მინარეთები, მავზოლეუმები და სხვ.), შეიქმნა ახალი დასახლებანი — რაბათები. ხუროთმოძღვრებაში კვლავ ინარჩუნებდნენ ადრინდელი შუა საუკუნეების ნიშნებს (ისმაილ სამანის მავზოლეუმი ბუხარაში). ძირითადი საშენი მასალა იყო ალიზი. ნაგებობებს უხვად ამკობდნენ კვეთილი შორენკეცით, აგურით გამოყვანილი მორთულობით, თიხაზე კვეთილი ორნამენტით (სოფელ აშთის მეჩეთის მიჰრაბი, X–XI საკუნეები). XIV საუკუნის ტაჯიკეთის მონუმენტური ხუროთმოძღვრული ძეგლია მუჰამად ბაშარის მავზოლეუმის პორტალი. XIV საუკუნის დასასრული და XV საუკუნე ტაჯიკეთის ხუროთმოძღვრების აყვავების ხანაა (სამარყანდის, შაჰრისაბზისა და სხვა ქალაქების ხუროთმოძღვრული ძეგლები). XVI–XVII საუკუნეებში შეიქმნა დიდებული საკულტო ნაგებობები (მახდუმი აზამის მავზოლეუმი ჰისარში, ქოქ-გუმბეზის მეჩეთი ურათეფაში). XVII საუკუნე–XIX საუკუნის დასაწყისის არქიტექტურაში შენარჩუნებულია ძველი, XII საუკუნის ტრადიციები (მედრესე ჰისარში) სახვით ხელოვნებაში.
XV საუკუნეში ჰერათის სამინიატიურო სკოლის, ხოლო XVI–XVII საუკუნეებში შუა აზიის სამინიატიურო ფერწერის სკოლების გავლენით აღმავლობის გზას დაადგა ფერწერა. XVIII საუკუნე–XX საუკუნის დასაწყისში განვითარდა მხატვრული ხელოსნობა, საიუველირო ხელოვნება.
საბჭოთა ტაჯიკეთში მშენებლობა მიმდინარეობდა გენერალური გეგმის მიხედვით (დუშანბე, ლენინაბადი (დღ. ხუჯანდი) და სხვ.). 30-იან წლებში ძველი სამშენებლო მასალები (ალიზი, თიხა) შეცვალა თანამედროვე მასალებმა (აგური, ბეტონი, რკინაბეტონი).
1945–1955 წლებში ტიპური მშენებლობა მიმდინარეობდა. მთაგორიანი რელიეფისა და მაღალი სეისმურობის რთულ პირობებში წარმატებით გადაიჭრა მაღალსართულიანი სახლების მშენებლობის პრობლემა. ხუროთმოძღვრებაში თანამედროვე არქიტექტურას ორგანულად შეერწყმა ტრადიციული დეკორი. საბჭოთა ტაჯიკეთის სახვითი ხელოვნების განვითარების ადრინდელი ეტაპი (1920-იანი წლები) დაკავშირებულია სამარყანდთან. ტსსრ შექმნის (1929) შემდეგ მხატვრული კულტურული ცენტრია დუშანბე. 1920-იანი წლების დასასრულსა და 30-იანი წლების დასაწყისში აქ ჩამოვიდნენ მხატვრები ე. ბურცევი, მ. ნოვიკი და სხვ., რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ტაჯიკეთის მხატვართა კავშირის საორგანიზაციო ბიუროს. 30-იანი წლების დასასრულს სამუშაოდ ჩამოვიდნენ მხატვრები გ. ტიმკოვი, ბ. შახნაზაროვი, დახმარებას უწევდნენ მოსკოველი მხატვრები ვ. სიდორენკო, ი. ერშოვი და სხვ.
1941 წელს, მოსკოვში აღინიშნა ტაჯიკური ხელოვნების ათწლეული; ნაჩვენები იყო სამი მუსიკალური სპექტაკლი,[1][2] აგრეთვე ტაჯიკეთის სახელმწიფო აკადემიურმა დრამატულმა თეატრმა წარადგინა სამი დრამატული სპექტაკლი: „წითელჯოხიანები“, „რუსტამ და სუხრობი“ და „ოტელო“.[3]
მეორე მსოფლიო ომის წლებში განვითარდა გრაფიკა, ომის შემდგომ წლებში დაზგურ ფერწერასთან (ა. აშუროვი, ა. კამელინი) ერთად დაიწყო მონუმენტური, დეკორატიული (ი. აბდურაჰმანოვი) და თეატრალურ-დეკორატიული (მ. მუხინი) ხელოვნების განვითარება. 1960-იან წლებში ფერწერაში მუშაობდნენ ა. ამინჯანოვი, ა. ახუნოვი, გრაფიკაში და წიგნის ილუსტრაციაზე — ს. ვიშნეპოლსკი და სხვ.
1980-იან წლებში ტაჯიკეთში აშენდა ახალი საცხოვრებელი შენობები და საზოგადოებრივი ნაგებობანი. მ. შ. აღმოსავლურ ხელნაწერთა არქივის შენობა დუშანბეში (არქიტორი ე. სალიჰოვი). ტაჯიკი ფერმწერები მონაწილეობდნენ როგორც შიგა რესპუბლიკურ, ისე საკავშირო გამოფენებში. მუშაობდნენ ფერმწერები მ. აბდურაჰმანოვი, რ. აბდურაშიდოვი, მოქანდაკეები ო. ელდაროვი და სხვ.
აღორძინების გზას დაადგა დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნება — ხეზე კვეთა, მოხატვა და სხვ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Воронина В. Л., Hapoдная архитектура Северного Таджикистана, M., 1959;
- Искусство таджикского народа, в. 1—3, Душ., 1956—65;
- История искусства народов СССР, т. 1—3, 7, M., 1971—74.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 677–678.