ქუშანის სამეფო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქუშანის სამეფოს ტერიტორია, რმელმაც მაქსიმუმს მიაღწია კანიშკას მეფობის პერიოდში

ქუშანის სამეფოძველი მსოფლიოს სახელმწიფო, რომელიც ბაქტრიის ტერიტორიაზე აღმოცენდა. თავისი აყვავების პერიოდში (I-III საუკუნე) იგი მოიცავდა ახლანდელ შუა აზიის მნიშვნელოვან ნაწილს, ავღანეთს, პაკისტანს, ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილს.

ძვ. წ. II საუკუნის II ნახევარში ბერძნულ-ბაქტრიულმა სამეფომ არსებობა შეწყვიტა მომთაბარე ტომების თავდასხმების შედეგად, რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ „დიდი იუჯები“. იუჯებმა შექმნეს 5 სამთავრო, რომელთაგან ყველაზე ძლიერი იყო გუიშუანი ანუ ქუშანი ბაქტრიაში. ქუშანის მთავარმა კუჯულა კადფიზმა დაიმორჩილა დანარჩენი იუჯები და ხელთ იგდო ახალი მიწები, მ. შ. ჩრდილო-დასავლეთ ინდოსტანის ნაწილი. მისმა მემკვიდრემ ვიმა კადფიზმა კიდევ უფრო განავრცო ქუშანის სამეფოს საზღვრები – დაიპყრო ჩრდილოეთ ინდოეთის სხვადასხვა ოლქები ქაშმირამდე, გაატარა მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეფორმები. ქუშანის სამეფომ აყვავებას მიაღწია კანიშკას მეფობის (დაახლ. 78–123 წწ.) დროს. მას უკავშირდება წელთაღრიცხვის ახალი სისტემის შემოღება (ე. წ. „კანიშკას ერა“). პირველად მის დროს გაჩნდა მონეტებზე „ქუშანური დამწერლობით“ შესრულებული ლეგენდები.

III საუკუნის II ნახევარში და IV საუკუნის დამდეგს ქუშანის სამეფომ დაკარგა თავისი სამფლობელოები მდინარე განგის ხეობაში, აღმოსავლეთ თურქესტანში, ხვარაზმში, მარგიანეში და სხვ. IV საუკუნის II ნახევრიდან ქუშანის სამეფოს მნიშვნელოვანი ნაწილი მიიტაცეს სასანიანებმა, რომლებიც საბოლოოდ ბაქტრიასაც დაეპატრონენ. სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება ჩვენამდე მოღწეული ქუშანურ-სასანური და სასანურ-ქუშანური მონეტები, რომელთა გამოშვება შეწყდა V საუკუნის დასასრულს.

ლიტერატურა[რედაქტირება]