შინაარსზე გადასვლა

ჰერათის სამინიატიურო სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქამალ ალ-დინ ბეჰზადი, შაიბანი-ხანის პორტრეტი, დაახლ 1507, კერძო კოლექცია, აშშ.

ჰერათის სამინიატიურო სკოლაშუა აღმოსავლეთის ერთ-ერთი სამინიატიურო სკოლა (უმთავრესად ხელნაწერი წიგნის ილუსტრაციები), არსებობდა XV საუკუნეში, ჰერათში. მისი პირველი პერიოდი დაკავშირებულია 1410-იან წლებში სასახლის კარის ხელნაწერთა სახელოსნოს დაარსებასთან (ქეთაბხანა), დასასრული კი — შაიბან-ხანის მიერ ჰერათის დაპყრობასთან 1507. ფეოდალური ჰერათის საქალაქო ცხოვრებისა და კულტურის განვითარებამ მინიატიურის ხელოვნების აყვავების აუცილებელი წინაპირობა შექმნა.

სკოლა დააარსა თემურლენგის შვილმა, შახრუხამ, ხოლო მისმა ვაჟმა — ბაისონკურმა იგი სამხატვრო ხელოვნების ცენტრად აქცია და აქ მან სპარსეთის და ავღანეთის მხატვრებს მოუყარა თავი. ჰერათის სამინიატიურო სკოლისათვის დამახასიათებელია მკვრივი ფერწერულობა შუქ-ჩრდილით მოდელირების გარეშე, ინტენსიური ლოკალური ტონების ასეთი შერჩევა, რომელიც გამორიცხავს სიჭრელეს. ამ სკოლის პირველი ეტაპი დაკავშირებულია შირაზის (XIV-XV საუკუნეები), აგრეთვე, როგორც ფიქრობენ ბაღდადისა და თავრიზის სამინიატიურო სკოლებთან.

მისთვის დამახასიათებელია ტექსტის ზუსტი ილუსტრირება, შედარებით მარტივი პეიზაჟი გადმოცემულია რამდენიმე პლანით, მოქმედ პირთა რაოდენობა მცირეა, ნიშანდობლივია რამდენადმე სტატიკური, დიდი ზომის ფიგურები და სიმეტრიული კომპოზიციები (საადის „გოლესთანი“, 1427 წელი, ჩესტერ-ბიტის ბიბლიოთეკა, დუბლინი; ნიზამის „ხამსე“, 1431 წელი, ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი). გამონაკლისია „შაჰნამეს“ სადღესასწაულო ეგზემპლარი (1930 წელი, გოლესთანის სასახლის ბიბლიოთეკა, თეირანი), რომელიც გამოირჩევა დიდი ზომით, მანუსკრიპტთა უმრავლესობის კამერული სტილის უარყოფით. მისი მინიატიურების პერსონაჟთა რაოდენობა, რთული არქიტექტურული ფონი, რაკურსების გამოყენება და ჟესტების რეალიზმი წინ უსწრებს ჰერათის სამინიატიურო სკოლის გაფურჩქვნას (XV საუკუნის დასასრული), რომელიც დაკავშირებულია მინიატიურისტ ბეჰზადის ნოვატორულ შემოქმედებასთან. მას მფარველობდა მმართველი ჰუსეინ ბეიქარა (მეფობდა 1469-1506 წლებში. ბეჰზადმა მინიატიურას მიანიჭა დახვეწილი დეკორატიულობა, გააფართოვა მისი სახეებისა და ჟანრების წრე, ილუსტრაციებთან ერთად შექმნა დაზგური ფურცლები, რომლებიც არ უკავშირდებიან წიგნს, და პორტრეტები.

თავის მასწავლებელ მირაქ ნაყაშთან ერთად შექმნა ნაზიმის „ხამსეს“ (1494-1495 წლები, ბრიტანეთის მუზეუმი, ლონდონი) მინიატიურები, XV საუკუნის უკანასკნელი მეოთხედის მხატვრებს იზიდავს მახვილი, დრამატული სიუჟეტები, მრავალპლანიანი, რთული სივრცული კომპოზიციები. საადის „ბუსტანის“ 1489 წლის ასლი შეიცავს ბეჰზადის მინიატიურებს. ჰერათის სამინიატიურო სკოლამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ადამიანის გამოსახულებას, მის ემოციურობას. ჰერათის სამინიატიურო სკოლის გავლენა იგრძნობა თავრიზის სკოლის და მოგოლური სკოლის მხატვრების ნაწარმოებებში.

ჰერათის სამინიატიურო სკოლის მხატვრები ყურადღებას ამახვილებდნენ ხალხის ხატვაზე, შემოიტანეს მიმდებარე სცენები მარტივი თანხლებით და ჩარჩოებით. ბრწყინვალე ფერებით და მოქნილ ხაზებით გამოსახულია სურნელოვანი ბუნება, აყვავებული ხეები, გაზონები და ნაკადულები, რომლებიც ცვრიანი მწვანეთი და არქიტექტურითაა გაფორმებული. აგრეთვე მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტებით.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ჰერათის სამინიატიურო სკოლა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-23. ციტირების თარიღი: 2017-11-08.