შინაარსზე გადასვლა

ჯარაჰის შემოსევები საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯარაჰის შემოსევები საქართველოშიVIII საუკუნის 20-იან წლებში არაბი სარდლის ჯარაჰ იბნ აბდ ალ-ლაჰ ალ-ჰაქიმის (სხვადასხვა დროს ბასრის, სიჯისტანისა და არმინიის გამგებელი) ლაშქრობა საქართველოს შემოსამტკიცებლად. გამოწვეული იყო ხაზართა გამუდმებული თავდასხმებით ამიერკავკასიის იმ ქვეყნებზე, რომლებიც არაბების სამფლობელოებში შედიოდნენ და „არაბობით“ უკიდურესობამდე შეწუხებული ადგილობრივი მოსახლეობის შეუპოვარი ბრძოლით დამპყრობლების წინააღმდეგ.

729 წელს ჯარაჰმა დაიკავა თბილისი და განაახლა „დაცვის სიგელი.“ შემდეგ მან განვლო დარიალის კარი და დაამარცხა ხაზარებიც, მაგრამ ეს გამარჯვება მეტად ხანმოკლე გამოდგა. ხაზარებიც და ამიერკავკასიის ხალხებიც, მათ შორის ქართველები, არაბთა წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდნენ. ხაზართა დიდი ლაშქარი, ხაკანის ვაჟის, ბარჯიქის სარდლობით ამიერკავკასიაში შემოვიდა და რევანში აიღო. 730 წელს ხაზარებმა ქართველთა მონაწილეობით, არდებილის ახლოს, საილანის ველზე გამართულ ბრძოლაში ჯარაჰი დაამარცხეს და მოკლეს, მისი ჯარის ცალკეულ რაზმებს კი ქ. მოსულამდე სდიეს.