რუბენ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუბენ I
Ռուբեն Ա
კილიკიის სომეხთა სამეფო ლორდი
მმართ. დასაწყისი: 1080/1081/1082
მმართ. დასასრული: 1095
მემკვიდრე: კონსტანდინ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1025/1035
გარდ. თარიღი: 1095
გარდ. ადგილი: კორმოგოლო
დინასტია: რუბენიანები

რუბენ I[1][2] (სომხ. Ռուբեն Ա; დ. 1025[1]/1035 — გ. 1095[1] კორმოგოლოში) — კილიკიის სომეხთა სამეფოს პირველი ლორდი[1], რომელსაც „მთების ლორდს“ უწოდებდნენ. მან გამოაცხადა კილიკიის დამოუკიდებლობა ბიზანტიის იმპერიისგან გამოყოფის შემდეგ და სათავე დაუდო რუბენიანების დინასტიას. კილიკიის სომეხთა სამეფოს რუბენ I 1080[1]/1081/1082 წლიდან 1095[1] წლამდე მართავდა, რუბენიანების დინასტია კი 1219[1] წლამდე.

ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხები ნებაყოფლობით დაემორჩილნენ ბიზანტიის იმპერიას VI საუკუნეში. იმპერატორ მავრიკიოსის (582-602) მმართველობის დასაწყისიდან ისინი იმპერიის შეიარაღებული არმიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდნენ[1]. სომხური მოსახლეობის მიგრაცია სამხრეთ-დასავლეთით მაშინ დაიწყო, როცა არაქსის ხეობაში დასახლება სელჩუკებმა დაიწყეს და ვანის ტბა აღარ წარმოადგენდა უსაფრთხო ადგილს მოსახეობისათვის[2]. X საუკუნის შუაში სომხური მოსახლეობის დიდი ნაწილი თავმოყრილი იყო კილიკიის ტერიტორიაზე[1].

სომხეთს ბაგრატუნები განაგებდნენ IX საუკუნიდან 1045 წლამდე, როცა მათი დედაქალაქი ანისი დაეცა[1]. 1045 წელს მეფე გაგიკ II მიიწვიეს კონსტანტინოპოლში, სადაც ის ტყვედ აიყვანეს და იძულებით დაათმობინეს ტახტი კაპადოკიის მიწების სანაცვლოდ[1]. ანისი იმპერატორ კონსტანტინე IX მონომახის დაქვემდებარებაში შევიდა, რომელმაც სომხების გადასახლება დაიწყო კილიკიის მიწაზე[1]. 1079 წელს გაგიკ II ბიზანტიაში მოკლეს, კაისერის მთავარეპისკოპოსის მკვლელობის შემდეგ[2].

სომხების კილიკიის ტერიტორიაზე დასახლებაში მნიშვნელოვანი როლი სელჩუკებმა ითამაშეს[1]. 1071 წელს სულთან ალფ-არსლანმა აღმოსავლეთიდან ბიზანტიელები განდევნა მანასკერტის ბრძოლაში გამარჯვებით, სადაც მათ ტყვედ რომანოზ IV დიოგენე აიყვანეს[1].

კილიკიის სომეხთა სამეფოს შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუბენმა კილიკიის დამოუკიდებლობა ბიზანტიის იმპერიიდან 1080 წელს გამოაცხადა[1]. მეფე გაგიკ II-ს ერთგული შთამომავლობასთან ერთად მან მოახერხა კილიკიის ცენტრალური ნაწილის დაკავება[1], დაიწყო გაბედული და წარმატებული სამხედრო კამპანია ბიზანტიელების წინააღმდეგ, მისი ბრძოლები კი ანდირინის ციხის აღებით დასრულდა, რომელიც რუბენიანების დინასტიის დასაყრდენი სიმაგრე გახდა[1] .

ამავე დროს რუბენი თანამშრომლობდა სომხურ სამთავროსთან, რომელსაც ბერძნები ფილარეტუსს უწოდებდნენ[2]. ფილარეტუსის გავლენა ქალაქ თარსუსიდან მდინარე ევფრატამდე ვრცელდებოდა. რუბენი მათი ვასალი გახდა[2]. მათ ერთობლივად დაიწყეს გაფართოება ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით[1].

1086 წელს მელიქ-შაჰმა ჩრდილოეთ სირიისა და აღმოსავლეთ ანატოლიის დიდი ნაწილი დაიპყრო და იქ ახალი გუბერნატორები დააყენა, რომლებიც სომხურ მოსახლეობას გადასახადს ახდევინებდნენ[1]. ამან კიდევ უფრო გააძლიერა სომეხი მოსახლეობის უკმაყოფილება და მათი კილიკიაში გადასახლება გამოიწვია[1].

1090 წელს რუბენი უკვე მოხუცი იყო, ამიტომ თავისივე სურვილით ძალაუფლება საკუთარ შვილ კონსტანდინ I-ს დაუთმო, რომელმაც იმავე წელს სტრატეგიული მნიშვნელობის ფეკეს ციხე დაიპყრო[1].

რუბენი 60-70[1] წლის ასაკში გარდაიცვალა 1095 წელს. დაკრძალულია კასტალონის მონასტერში.

ცოლი და მემკვიდრე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუბენის ცოლის სახელი უცნობია. მისი პირველი შვილი და მისი მემკვიდრე კონსტანდინ I იყო, გარდა ამისა მისი შვილი იყო ტოროს ედესკიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ghazarian, Jacob G: The Armenian Kingdom in Cilicia during the Crusades: The Integration of Cilician Armenians with the Latins (1080–1393); RoutledgeCurzon (Taylor & Francis Group), 2000, Abingdon; ISBN 0-7007-1418-9
  • Runciman, Steven: A History of the Crusades – Volume I.: The First Crusade and the Foundation of the Kingdom of Jerusalem; Cambridge University Press, 1988, Cambridge; ISBN 0-521-06161-X

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 1.20 1.21 Ghazarian, Jacob G.. The Armenian Kingdom in Cilicia during the Crusades: The Integration of Cilician Armenians with the Latins (1080–1093). 
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Runciman, Steven. A History of the Crusades – Volume I.: The First Crusade and the Foundation of the Kingdom of Jerusalem.