ოსმალების ლაშქრობა დასავლეთ საქართველოში (1703)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ოსმალების 1703 წლის ლაშქრობა დასავლეთ საქართველოშიოსმალეთის სულთნის მუსტაფა II-ის ინიცირებული სადამსჯელო ღონისძიება დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების წინააღმდეგ, რომლებმაც უარი განაცხადეს თურქეთის მორჩილებაზე და ხარკის გადახდაზე.

დასავლეთ საქართველო 1724 წლის ფრანგულ რუკაზე

სტამბოლში დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების უარი თურქეთის მორჩილებაზე და ხარკის გადახდაზე რუსეთის მხრიდან შეტევის დაწყების ნიშნად მიიღეს. გადაწყვიტეს: ვიდრე მთავარ მტერთან დაპირისპირება მოუხდებოდათ, სასწრაფოდ დაესაჯათ და დაემორჩილებინათ ურჩი ქართველები. ოსმალეთის ჯარი 1703 წლის აგვისტოში იმერეთის სამეფოს სამი მხრიდან მოადგა: მთავარსარდალი ხალილ-ფაშა გურიაში შეიჭრა, მისი მოადგილე და ახალციხის ფაშა ზეკარის გადასასვლელით იმერეთს მიადგნენ, ხოლო ოსმალეთის ფლოტმა სამეგრელოში გადმოსხა ჯარი. მათ წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში გიორგი-მალაქია აბაშიძე ჩაუდგა. მან შემოიფიცა ქვეყნის მთავარი ფეოდალები და მტერს შემოსასვლელები ჩაუკეტა. ოსმალები ყოველ ნაბიჯზე მედგარ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ.[1]

იმერეთში ზეკარის გზით გადმოსულმა ოსმალებმა გაიარეს ხანისწყლის ხეობა, ბრძოლით აიღეს კაკასხიდთან მდგომი ციხესიმაგრე და ბაღდათში შევიდნენ, იქ თხმელის ციხე ააგეს და შიგ ოსმალური გარნიზონი ჩააყენეს.

ოსმალეთის ჯარმა წარმატებას მიაღწია სამეგრელოშიც. აიღეს რუხის ციხე, ააშენეს ანაკლიის ციხე და იქაც თავისი მეციხოვნეები ჩააყენეს, რითაც შავი ზღვის სანაპიროზე ახალი დასაყრდენი პუნქტი გაიჩინეს.

ოსმალები დამატებით ჯარს გზავნიდა დასავლეთ საქართველოს სრული დამორჩილების მიზნით, რა დროსაც ოსმალეთში იფეთქა დიდმა აჯანყებამ. სულთანი მუსტაფა II ტახტიდან ჩამოაგდეს და მისი ადგილი აჰმედ III დაიკავა. განმდგარი ქართველების დასჯის საშუალება ოსმალებს აღარ მიეცათ. საქართველოში გამოგზავნილი ლაშქარი სერაკისის მეთაურობით ახალმა სულთანმა გზიდან უკან მოაბრუნა, თუმცა ქართველებმა უკუქცეულ მტერს გზა გადაუღობეს და მათი უმეტესი ნაწილი გაანადგურეს.

საბოლოოდ, ქართველთა მედგარი წინააღმდეგობის და სტამბოლში მომხდარი გადატრიალების შედეგად ოსმალებმა ძირითად მიზანს, ქვეყნის საბოლოო დაპყრობას ვერ მიაღწიეს, მაგრამ დიდი ზიანი მიაყენეს დასავლეთ საქართველოს: დაარბიეს მოსახლეობა, ააოხრეს სოფლები, დაანგრიეს ეკლესია-მონასტრები, თავიანთი გარნიზონები ჩააყენეს გურიასა და სამეგრელოში.[2].

საბოლოოდ, ოსმალთა მთავარსარდლობამ გიორგი აბაშიძესთან გამართა მოლაპარაკებები და შეუთანხმდა შორაპნის ციხე დაენგრიათ, ხოლო იმერეთის მეფედ მოკლული სვიმონის ძმა, გიორგი ბატონიშვილი დაესვათ, რომელიც შემდგომში გიორგი აბაშიძემ იშვილა, რითაც იმერეთში თავისი ძალაუფლება განიმტკიცა. ქვეყნის ფაქტობრივი მმართველობა კვლავ გიორგი აბაშიძის ხელში რჩებოდა.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს ისტორია, ტ. III, თბ. 2012 წ. გვ. 317
  2. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის რეხვიაშვილი3 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  3. საქართველოს ისტორია, ტ. III, თბ. 2012 წ. გვ. 318