ანაკლიის ციხე
ანაკლიის ციხე — ციხესიმაგრე სამეგრელოში, სოფელ ანაკლიაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). ციხესიმაგრე XVIII საუკუნის I ნახევარში ააშენეს ოსმალებმა და იქ თავიანთი მეციხოვნეები ჩააყენეს, ამჟამად შემორჩენილია ნანგრევები. გეგმით კვადრატული ციხის კუთხეებში თითო კოშკი იდგა, მათგან ჩრდილო-დასავლეთისა აღარ არსებობს, მდინარეს წაულეკავს. კოშკებს პირველ და მეორე სართულზე შესასვლელები ცალ-ცალკე ჰქონდა ეზოდან. კედლებში მოწყობილი იყო სათოფურები. საზარბაზნე მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთ სწორკუთხა კოშკის გარე კედელშია შემორჩენილი. ციხეს გარს არტყია ორიარუსიანი გალავანი, რომლის ქვედა იარუსი ყრუა, ზედას კი ბილიკის დონეზე სათოფურები აქვს დატანებული. შესასვლელი დასავლეთით, მდინარის მხრიდან ჰქონდა. ანაკლიის ციხე არის ტიპური დასავლეთ საქართველოსთვის. ციხის მშენებელ ოსტატს, როგორც ჩანს, ნიმუშად იმავე პერიოდის ქართლ-კახური ციხეები აუღია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერაძე თ., უშვერიძე გ., ზაქარაია პ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 141.
- რეხვიაშვილი, მ., იმერეთის სამეფო 1462-1810, თბილისი: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989.
- პ. ზაქარაია, საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები, თბ., 1973
- ოსმალური დოკუმენტური წყაროები ანაკლიისა და რუხის ციხეების შესახებ (XVII-XVIII სს), თურქული ტექსტი ქართული თარგმანით, შესავლით, ტერმინოლოგიური ლექსიკონით, ფაქსიმილეებითა და საძიებლით გამოსაცემად მოამზადა ნ. შენგელიამ, თბ., 1982