ხვარაზმელების ლაშქრობა საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხვარაზმელების ლაშქრობა საქართველოშიხვარაზმშაჰ ჯალალედინის შემოსევები საქართველოში XIII საუკუნის 20-იან წლებში. 1225 წელს მონღოლთაგან დევნილი ხვარაზმშაჰი ირანში მივიდა. ქართველი პოლიტიკოსები აზერბაიჯანელ ათაბეგს შეუთანხმდნენ ხვარაზმელთა წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაზე. ჯალალედინმა დაასწრო მათ, დაიკავა თითქმის მთელი აზერბაიჯანი, საქართველოს მოადგა და გარნისთან დაამარცხა ქართველთა ლაშქარი. აქედან ჯალალედინი თავრიზში წავიდა. მის მიერ დატოვებული რაზმები სამი თვის განმავლობაში აწიოკებდნენ და ძარცვავდნენ მოსახლეობას. 1225 წლის შემოდგომაზე ჯალალედინი საქართველოსკენ დაიძრა. ქართველებს ოსების, ლეკებისა და ყივჩაყების რაზმები ჰყავდათ მაშველად. მიუხედავად ამისა, ჯალალედინმა რამდენიმეჯერ დაამარცხა ისინი. ხვარაზმელები თბილისს მოადგნენ. სამეფო კარი დასავლეთ საქართველოში გადავიდა. დედაქალაქის დაცვა მეფე რუსუდანმა მემნა ბოცოსძეს და ბოცო ბოცოსძეს დაავალა. 1226 წლის 9 მარტს შინაგამცემლობის შედეგად ხვარაზმელებმა ხელთ იგდეს ქალაქი. ისნის ციხეში გამაგრებული გარნიზონი ერთხანს წინააღმდეგობას უწევდა მტერს, მაგრამ მალე მეფის ბრძანებით ციხეც დანებდა. ხვარაზმელებმა ააოხრეს და გაძარცვეს თბილისი, დააქციეს ეკლესიები, გაჟლიტეს მოსახლეობა. მემატიანის ცნობით, დახოცილთა რიცხვმა ასი ათასს მიაღწია. ხვარაზმელებმა დიდძალი სიმდიდრე იგდეს ხელთ. შემდეგ ჯალალედინი ქირმანს წავიდა. ისმა ლაშქარმა კი გააგრძელა საქართველოს სხვადასხვა კუთხის რბევა.

1226 წლის სექტემბერში ჯალალედინი კვლავ დაიძრა საქართველოსკენ. მან ჯერ ანისისა და ყარსის ციხის აღება სცადა, შემდეგ - ხლათისა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. მისი მარცხით ისარგებლეს ქართველებმა და 1227 წლის თებერვალში თბილისი დაიბრუნეს. ამ ამბის გაგებისთანავე ხვარაზმშაჰი საქართველოსკენ გამოემართა. ქართველები იძულებული გახდნენ ცეცხლი წაეკიდებინათ თბილისისათვის და გასცლოდნენ ქალაქს. ამიერკავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის მუსლიმანი გამგებლები დარწმუნდნენ, რომ ხვარაზმშაჰი მხსნელი კი არა, ჩვეულებრივი დამპყრობელი იყო. საქართველოს მეთაურობით შეიქმნა კოალიცია ხვარაზმელთა წინააღმდეგ, მაგრამ გაერთიანებული ლაშქარი ჯერ არ იყო შეკრებილი, რომ ჯალალედინმა კვლავ დაასწრო, ბრძოლა გაუმართა მათ ბოლნისთან, გაიმარჯვა და მდიდარი ნადავლიც აიღო. შემდეგ ხვარაზმელებმა ერთხანს კიდევ ძარცვეს საქართველო, მერე ჯალალედინი ისევ ხლათს მიადგა და მძიმე ალყის შემდეგ ქალაქი აიღო (1229 წ.).

ხვარაზმელების თარეში საქართველოში ხუთ წელს გაგრძელდა, ძალიან მძიმე იყო ქვეყნისათვის ამ თარეშის შედეგები. ქალაქები და სოფლები დარბეული და გაძარცვული იყო, მოსახლეობის დიდი ნაწილი ბრძოლებში დაიღუპა ან გაიფანტა. ხვარაზმელთა შემოსევებმა ერთგვარად გაუადვილეს მონღოლებს ამიერკავკასიის ქვეყნების დაპყრობა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კიკნაძე რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 583, თბ., 1987 წელი.
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 3, თბ., 1966