მერიადოკ ბრენდიბაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მერიადოკ ბრენდიბაკი
ჰობიტი
სხვა სახელები მერი, კალიმაკ ბრანდაგამბა, მერიადოკ დიდებული, ბაკლენდის მეპატრონე
ნაწარმოები ბეჭდების მბრძანებელი
ბიოგრაფიული ცნობები
რასა ჰობიტები

მერიადოკ „მერი“ ბრენდიბაკი (Meriadoc Brandybuck, ქართულ თარგმანებში - „მერიადოკ ბრენდირემი“) — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში. ძირითადად, ფიგურირებს რომანში ბეჭდების მბრძანებელი.

მერიადოკი (აგრეთვე ცნობილი როგორც მერი) არის ჰობიტი. იგი არის ფროდო ბეგინსის ერთ-ერთი მეგობარი და ნათესავი[1]. წიგნის მოვლენების მიხედვით, მან სახელი გაითქვა ფროდოსთან ერთად მოგზაურობით და ბეჭდის ომის ბრძოლებში მეგობარ პერეგრინ ტუკთან ერთად მონაწილეობით.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა მესამე ეპოქის 2982 წელს[2]. იგი სარადოკ ბრენდიბაკის, ბაკლენდის მეპატრონის ერთადერთი ძე იყო. თავად ბრენდიბაკები წარმოადგენდნენ მდიდარ და პატივცემულ ოჯახს ბაკლენდიდან, რომელიც ბრენდივაინის მდინარესთან მდებარეობდა. ბევრი მათ შეშლილებად თვლიდა. დედით, ესმერალდა ტუკ ბრენდიბაკით, მერი პიპინ ტუკის პირველი დეიდაშვილიც იყო, ეს უკანასკნელი კი მის განუყრელ მეგობარს წარმოადგენდა.

ბილბოს მიერ მაზრის დატოვებამდე ერთი წლით ადრე მერიმ შეიტყო ჰობიტის სასწაულმოქმედ ბეჭედზე. მან თავად იხილა ერთხელ, თუ როგორ იყენებდა მას ბილბო სეკვილ-ბეგინსებისგან დასამალად, მოგვიანებით კი ჩაიხედა ბეგინსის მოგონებების წიგნში და 3018 წლის გაზაფხულამდე ამას საიდუმლოდ ინახავდა. ფროდო აფორიაქდა განდალფის სტუმრობის შემდეგ და ამიტომ, სემთან და პიპინთან ერთად ეხმარებოდა მეგობარს. ისინი გაჰყვნენ ფროდოს ამ საშიშ მოგზაურობაში.

მერი ძალიან მოწესრიგებული ჰობიტი იყო. გარდა იმისა, რომ ფროდოს ბეგ ენდიდან კრიკორმოში გადასვლასთან დაკავშირებით დაეხმარა, ახალ საცხოვრებელ ადგილზე მეგობრებს პონები და სურსათ-სანოვაგეც დაახვედრა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ძველისძველ ტყესთან ახლოს ცხოვრობდა და მას ნაწილობრივ კარგად იცნობდა, მაინც აღმოჩნდა მოხუცი ტირიფის ხაფანგში. ჰობიტები ტომ ბომბადილმა გადაარჩია.

ტომი მათ მეორედაც დაეხმარა - როდესაც ჰობიტები ნისლიან დაბლობებში დაიკარგნენ. რა მოვიდა გონს, მერიმ გაიხსენა, რომ სიზმარში ხედავდა ანგმარის გრძნეულ მეფეს. ნისლიან დაბლობებზე მდებარე სამარხებიდან მან წამოიღო ხმალი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ მეფის დამარცხებაში.

სერში სტუმრობისას, მერი არ შევიდა ყველასთან ერთად სასტუმროს ოთახში, არამედ ქუჩაში დადიოდა. მან იხილა ნაზგულები და სცადა, გაჰყოლოდა, თუმცა შავმა სუნთქვამ იგი შეაჩერა. ფუნდუკ „ყალყზე შემდგარ პონის“ ნაზგულები დაესხნენ, ყველა პონი სადღაც გაქრა. ბარლიმენ ბატერბერი, მისი მეპატრონე, შეწუხებული იყო და გვიმრა ბილისგან შეიძინა საბრალო პონი სახელად ბილი. ჰობიტებმა სერი მაწანწალას, იგივე არაგორნის თანხლებით დატოვეს.

შუაველში ფროდო თითქმის განიკურნა მორგულის ხმლის ჭრილობისგან. ამასობაში მერიმ კარგად შეისწავლა შუახმელეთის რუკებზე ის ადგილები, სადაც, შესაძლოა, მოგზაურობა მოუწევდათ. როდესაც შედგა ბეჭდის საძმო, მერიც და პიპინიც არჩეულებს შორის მოხვდნენ. თავდაპირველად ელრონდს სურდა მათი უკან, მაზრაში გაგზავნა, მაგრამ განდალფის შუამდგომლობით, შეცვალა გადაწყვეტილება. 25 დეკემბერს საძმო შუაველიდან გავიდა.

მორიის კართან მერი მიხვდა, რომ კარის გასაღები იმალებოდა წარწერაში, რომელიც მასზე ამოტვიფრული იყო მეგობარი.

ანდუინზე მგზავრობისას საძმოს გამოადგა მერის მიერ ნავების საკითხში გათვითცნობიერებულობა. აგრეთვე, როდესაც საძმომ ამონ ჰენამდე მიაღწია და დადგა სწორი გზის არჩევის საკითხი, მერიმ მტკიცედ განაცხადა, რომ არასოდეს დატოვებდა ფროდოს.

როდესაც აღმოჩნდა, რომ ფროდო სადღაც გაქრა, მერი და პიპინი მის საძებნელად გავიდნენ, მაგრამ ორკებსა და ურუკ-ჰაების ლაშქარს შეხვდნენ . მიუხედავად იმისა, რომ მერიმ რამდენიმე ხელები და თათები მოკვეთა, იგი დაჭრეს და პიპინთან ერთად იზენგარდისკენ წაიყვანეს.

მგზავრობისას უგლუკმა მერის ორკული წამალი დაალევინა და ჭრილობაზეც რაღაც მალამო დაადო (თუმცა, მას შუბლზე სამუდამოდ დარჩა ნაიარევი). რამდენიმე დღის შემდეგ პიპინმა და მერიმ ერთად მოატყუეს ორკი გრიშნახი - ისე ესაუბრებოდნენ მას, თითქოს მიანიშნებდნენ, რომ ბეჭედი მათ აქვთ (რა თქმა უნდა, სინამდვილეში, იგი ფროდოსთან იყო). გრიშნახში იფეთქა ბეჭდის მითვისების სურვილმა, მაგრამ იგი მოკლული იქნა როჰანელი მხედრის მიერ, რომელიც სხვა როჰანელებთან ერთად ორკებისა და ურუკების ბანაკს თავს დაატყდა.მერის კარგად ჰქონდა შესწავლილი ფანგორნის ტყის რუკა, ამიტომ იქვე მდებარე ამ ტყეში ჰობიტებმა გზა კარგად გაიკვლიეს.

ტყეში ჰობიტები ხისწვერას, ტყის მცველ ენტს შეხვდნენ. როდესაც მათ უამბეს საკუთარი თავგადასავლის შესახებ, მან შეყარა ენტთა საბჭო და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, გადაწყდა, რომ ენტები ერთად დალაშქრავდნენ იზენგარდს და სარუმანს სამაგიეროს გადაუხდიდნენ ტყის მიმართ ულმობელი დამოკიდებულებისათვის. იზენგარდი აღებული იქნა მათ მიერ და მერი და პიპინი დარჩნენ მის ჭიშკართან, სადარაჯოზე. მერი პირველი იყო, ვინც მიესალმა მეფე თეოდენს, რომელიც სხვებთან ერთად იზენგარდს ეწვია. მეფე გააკვირვა ჩიბუხმა, რომელსაც მერი აბოლებდა, ჰობიტი კი გააოცა, რომ მეფემ კარგად იცოდა საჩიბუხე მცენარის ისტორია.

როდესაც პიპინმა პალანტირში ჩაიხედა და იხილა საურონი, განდალფმა იგი თან, მინას ტირითში წაიყვანა. მერი დარჩა როჰირიმებთან. თეოდენმა მას აზნაურობა შესთავაზა და მერიმ მიუგო - „მამად გიგულებთ“.

მნიშვნელოვანი იყო მერის მონაწილეობა პელენორის მინდვრებზე დიდ ბრძოლაში. თეოდენი ამ ბრძოლისას გადმოვარდა ცხენიდან, რომელიც დაჭრილი იყო ისრით. ცხენი მას ზევიდან დაეცა. ნაზგულთა მეთაური, ანგმარის გრძნეული მეფე გადმოვიდა მინდორზე. მერის ახსოვდა მეფესთან დადებული ფიცი. ვინმე დერნჰელმი ამ დროს თეოდენთან იყო წამომჯდარი. ნაზგულმა მიმართა მას სიტყვებით „ცოცხალი ადამიანი ხელს ვერ შემიშლის!“. მერი გაოგნდა, როდესაც დერნჰელმი აღმოჩნდა ეოვინი, რომელმაც დაჭრა დრაკონი, რომელზეც ნაზგული იყო ამხედრებული. გრძნეულმა მეფემ აღმართა ხელი და აპირებდა სასიკვდილო სუნთქვის გამოშვებას, მაგრამ ამ დროს მერიმ მას მუხლში ესროლა ხმალი, წამოღებული ნისლიანი დაბლობებიდან. ასე აღსრულდა წინასწარმეტყველება ამ ხმალზე.

თეოდენის სიცოცხლე აღესრულა მინდვრებზე. მერის არავინ ამჩნევდა. იგი ქალაქში პიპინმა მოძებნა. მერის და ეოვინის ჭრილობები ათელასის ფოთლებით განკურნა არაგორნმა. მერიმ ითხოვა ჩიბუხი, მაგრამ იმ წამსვე გაახსენდა გასაუბრება მეფესთან საჩიბუხი მცენარის შესახებ და დაღონდა. არაგორნმა ურჩია, თუნდაც მეფის ხსოვნის აღსანიშნავად, საყვარელი საქმიანობა არ მიეტოვებინა. როჰანის ახალმა მეფემ, ეომერმა მერის საპატიო რაინდობა მიანიჭა.

ენტებთან სტუმრობისას დალეული წყლის გამო მერიმაც და პიპინმაც სიმაღლეში საგრძნობლად მოიმატეს - მანამდე ასეთი მაღალი მხოლოდ ჰობიტი ბანდობრას ტუკი თუ ყოფილა.

3021 წელს ფროდომ შუახმელეთი დატოვა და უკვდავ მიწებში გაემგზავრა. მერიმ და პიპინმა ერთი პერიოდი კრიკორმოში იცხოვრეს. მეოთხე ეპოქის 11 წელს მერი დაინიშნა ბაკლენდის მმართველად და ეწოდა დიდებული მერიადოკი. ორი წლის შემდეგ მეფე არაგორნმა იგი ჩრდილოეთ სამეფოში თავის მრჩევლად დანიშნა. მერის ცოლი ამ დროს უკვე იყო ესტელა ბოლჯერი, რომელთანაც ერთი ვაჟი ეყოლა[3].

თავის მშობლიურ კუთხეში მერიმ დააარსა ბიბლიოთეკა, სადაც ინახებოდა წიგნები ერიადორისა და როჰანის ისტორიაზე. მან თავად დაწერა რამდენიმე წიგნი, როგორიც იყო „მაზრის ძველი სიტყვები და სახელები“[4]. დროდადრო იგი როჰანსა და გონდორს სტუმრობდა და განსაკუთრებით სიამოვნებით - ეოვინს.

102 წლის ასაკში მეფე ეომერმა მერი თავისთან იხმო. ბაკლენდი მერის ძეს გადაეცა, ხოლო პიპინი და მერი გაემგზავრნენ როჰანში. ეომერი გარდაიცვალა 63 წლის შემოდგომაზე. მერი და პიპინი შემდეგ წელს გადასახლდნენ გონდორში და ცხოვრების დარჩენილი წლები იქ გაატარეს. ორივე დაასაფლავეს რათ დინენში, გონდორის უდიდეს მეფეებთან ერთად. ამბობენ, რომ მათ გვერდით 120 წელს მეფე ელესარიც დაკრძალეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Josselyn. (September 20, 2013) Frodo's Family Tree. Frodo Forever. წაკითხვის თარიღი: January 5, 2015.
  2. Meriadoc Brandybuck. Tolkien Gateway. წაკითხვის თარიღი: January 5, 2015.
  3. Meriadoc Brandybuck. The Middle-Earth Encyclopedia (2010). წაკითხვის თარიღი: January 5, 2015.
  4. Tolkien, J. R. R. (1954), The Fellowship of the Ring, The Lord of the Rings, Boston: Houghton Mifflin (published 1987), Prologue, "Note on the Shire Records", ISBN 0-395-08254-4.