ლისის ქედი
ლისის ქედი | |
---|---|
ლისის ტბა და ლისის ქედი | |
კოორდინატები: 41°45′44″ ჩ. გ. 44°41′24″ ა. გ. / 41.76222° ჩ. გ. 44.69000° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | მცხეთა-მთიანეთის მხარე თბილისი |
უმაღლესი წერტილი | ელია |
სიმაღლე | 1069 მ |
ამგებელი ქანები | თაბაშირიანი თიხა და ქვიშაქვა |
ლისის ქედი — ქედი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში და თბილისში. წარმოადგენს მსხალდიდის ქედის აღმოსავლეთ მონაკვეთს. იწყება დაახლოებით სოფელ წოდორეთის მერიდიანთან და ვრცელდება ქალაქ თბილისის ფარგლებში, ვაშლიჯვრამდე. სიმაღლე აღმოსავლეთ ნაწილში ზღვის დონიდან 650 მ, დასავლეთით კი 1000 მ-ს აღემატება. მაქსიმალური სიმაღლე 1069 მ (მთა ელია).[1]
მნიშვნელოვანი მთებია: დიდვარილის სერი (986 მ) და ბუბთები (955 მ).[2] აგებულია ზედაეოცენური თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით. მთელ მანძილზე მთლიანად მოიცავს ლისის ანტიკლინს, რომელიც მდინარე მტკვრის გადაკვეთის შემდეგ სწრაფად იძირება. მთაწმინდისა და ლისის ქედს შორის მოთავსებულია საბურთალოს ფართო სინკლინი.[3]
ლისის ქედის კალთები დაღარულია მშრალი ხევებითა და პერიოდული ღელეებით, რომლებიც მდინარეების დიღმისწყლისა და ვერის შენაკადებს წარმოადგენენ. ხევებსა და ღელეებს შორის სერებია გაწოლილი. არის წყაროები, რომელთა შორის აღსანიშნავია მუფთის წყარო და კოდის წყარო.[2] ძირითადი ლანდშაფტია ჯაგეკლიანი სტეპი, ზოგან — მეორეული ჯაგრცხილნარ-მუხნარი. კალთებზე ხელოვნური ტყის (უმეტესად) ფიჭვის კორომებია.[4]
ლისის ქედის ჩადაბლებულ ადგილზე, ტაფობში, ზღვის დონიდან 624 მ სიმაღლეზე მდებარეობს ლისის ტბა, რომლის დასავლეთით ვაკეა გაშლილი. აქვეა მარილიანი მშრალი ტბა. ლისის ქედის აღმოსავლეთ და სამხრეთ კალთები განაშენიანებულია. ქედზეა სოფლები ლისი, ქვემო ლისი, თხინვალა, აგარაკი, წოდორეთი, მუხათწყარო.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 627, ISBN 99928-20-32-2.
- ↑ 2.0 2.1 Топографическая карта, лист K–38–50. Масштаб 1:100000. Издание 1989 г.
- ↑ თბილისი. ეკონომიურ-გეოგრაფიული დახასიათება, თბ., საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1957, გვ. 28
- ↑ თბილისი. ეკონომიკურ-გეოგრაფიული გამოკვლევა, თბ., „საბჭოთა საქართველო“, 1989, გვ. 31