სერი
სერი — საშუალო სიმაღლის, სხვადასხვა წარმოშობის, მოგრძოდ წამოზიდული რელიეფის დადებითი ფორმების ზოგადი სახელწოდება. წარმოადგენს ხშირად, ვიწრო, გაჭიმულ, ამაღლებულ რელიეფს ან ბორცვების ჯაჭვისებურ მწკრივის. მათი ფერდობის დაქანება 20 პროცენტია და ზოგჯერ მეტიც, სიმაღლე 200 მ-მდე.[1]
აქვთ ბრტყელი და მომრგვალებული მწვერვალები და მკვეთრად გამოსახული ძირის ხაზი. განარჩევენ ბოლომორენულ, ოზურ, ეოლურ, კუესტურ, ეროზიულ და სხვა სერებს. სიმაღლე განსხვავებულია (რამდენიმე მეტრიდან ასეულ მეტრამდე). გამოირჩევა ნაზი რელიეფითა და შედარებით რბილი აგებულებით.[2]
ხშირად სერი ბორცვნალებთან ერთად მნიშვნელოვან სიგრძეზე ქმნის დედამიწის ზედაპირის დაბალმთიან ტერიტორიებზე საკმაო სიგრძის წაგრძელებებს, რომლებიც მკვეთრად არღვევენ ერთფეროვან რელიეფს. უდაბურ მხარეებში ფართოდ არის გავრცელებული ქვიშიანი სერები, რომელთა სიმაღლე ხშირად 1-2 მ-ია, სიგანე 5-10 მ, ხოლო სიმაღლე იშვიათად 200-300 მ.[3]
საქართველოში ცნობილია მაგ., კვერნაქები, დაბალმთიანი სერები, რომლებიც მნიშვნელოვან სიგრძეზე არიან წაგრძელებულნი. კვერნაქების საერთო სიგრძე დაახლოებით 70 კმ-ია, ხოლო სიგანე სიგრძეზე გაცილებით პატარაა (მხოლოდ 7-8 კმ).[4] მრავალრიცხოვანი სერები არსებობს ასევე ივრის ზეგანზე.
სერებს უწოდებენ აგრეთვე განივი და გრძივი მდინარეთა ხეობებით დანაწევრებულ ერთმანეთს მიყოლებულ და ერთი მიმართულებით ორიენტირებულ ქედების ერთობლიობას.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 299.
- ↑ Геологический словарь, Т. 1, А-Л., М., 1955.
- ↑ უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 494.