ლიმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლიმანი შავ ზღვაში
ლიმანი

ლიმანი (ბერძ. λιμένας — ნავსაყუდელი, უბე) — გეგმაში კლაკნილი, წაგრძელებული ყურე, დაბალი ნაპირებით; წარმოიშობა ზღვის მიერ ვაკის მდინარეთა შესართავების ან სანაპირო ჩადაბლებების დატბორვით. ლიმანი შეიძლება იყოს ზღვისკენ ღია (უბე) და ზღვისგან დახურული (ცელით გამოყოფილი). ლიმანში ჩვეულებრივ ილექება წვრილმარცვლოვანი ქვიშა, ალევრიტები და თიხა, აგრეთვე ხშირად ორგანული ნივთიერება, რომელიც დასაბამს აძლევს საწვავი ფიქალის, ნახშირისა და ნავთობის ბუდობებს.[1]

ლიმანი წარმოიქმნება სანაპირო ზოლის დაძირვის შედეგად. ლიმანში მშრალი ჰავისა და ზედაპირული ჩამონადენის სიმცირის პირობებში დამლაშებული ლამიანი ნალექი გროვდება, რომელსაც ხშირად სამკურნალოდ იყენებენ. ცხელ კლიმატურ პირობებში ლიმანში გროვდება ალუმინისა და რკინის ოქსიდები, რომლებიც ბოქსიტების ბუდობებს ქმნიან.[1]

არსებობს ზღვასთან მიმართებაში გახსნილი და ჩაკეტილი ლიმანი. როდესაც ლიმანი მთლიანად შორდება ზღვის წყალს, იქმნება ლიმანური ტბები. ლიმანების წარმოშობა წააგავს ლაგუნების წარმოშობას. იგი დაკავშირებულია ნატანების მოძრაობასთან ზღვის სანაპირო ზონაში. ეს მიმდინარეობს კონცხის კიდის მასალის წარეცხვისა და გადატანის, ნატანის დალექვის შედეგად, რომელთა ხარჯზე წარმოიქმნება წყალქვეშა ზვინული, რომელიც გადატიხრავს მდინარეების შესართავებსა და უბეებს ზღვიდან.[2]

ზრდის შესაბამისად, ზვინულები აზევებულია ზღვის დონეზე და წარმოშობს ყრილებსა და ცელებს.[2]

ლიმანები ფართოდ არის გავრცელებული შავი და აზოვის ზღვების ჩრდილოეთ სანაპიროებზე, სადაც მათი რაოდენობა ათობითაა. შავის ზღვის ლიმანებიდან გამოიყოფა: დნესტრის ლიმანი, დნეპრის ლიმანი, დნეპრო-ბუგის ლიმანი, ბუგის ლიმანი, ბერეზანის ლიმანი და სხვა. აზოვის ზღვაში გამოიყოფა ბეისუგის ლიმანი, ეისკის ლიმანი და სხვა.

ლიმანის ფაუნა შეიცავს ისეთ სახეობებს, რომლებიც მარილიანობის მნიშვნელოვან ცვლილებასთანაა ადაპტირებული. შავ ზღვაში ლიმანებს ზღვის ნავსადგურების ასაშენებლად იყენებენ.[3] ტერმინი ლიმანი ზოგჯერ ესტუარის სინონიმად გამოიყენება.[4]

მოქცევას მოკლებული ზღვის ნეიტრალური ნაპირის ტიპი, რომელიც მდინარეთა შესართავებთან დატბორვით წარმოიქმნება ლიმანური ნაპირის სახელწოდებითაა ცნობილი. ხასიათდება კლაკნილი, ვიწრო, ციცაბო აბრაზიულ ნაპირებიანი უბეებით.[5]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Лиман | Большая российская энциклопедия
  2. 2.0 2.1 География. Современная иллюстрированная энциклопедия. — М.: Росмэн. 2006.
  3. Grinevetsky, S.R., Zonn, I.S., Zhiltsov, S.S., Kosarev, A.N., Kostianoy, A.G. The Black Sea Encyclopedia. 2015
  4. Экологический энциклопедический словарь. И.И. Дедю. 1989.
  5. Геологический словарь: в 2-х томах. — М.: Недра. 1978.