თბილისის შაჰ-ისმაილის მეჩეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თბილისის შაჰ-ისმაილის მეჩეთი
Зоммер. Улица Тифлиса.jpeg
თბილისის შაჰ-ისმაილის მეჩეთი (თბილისი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°41′25″ ჩ. გ. 44°48′34″ ა. გ. / 41.690333° ჩ. გ. 44.8094694° ა. გ. / 41.690333; 44.8094694
რელიგიური კუთვნილება ისლამი
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
რაიონი ძველი თბილისის რაიონი
ადგილმდებარეობა თბილისი
ფუნქციური სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

თბილისის შიიტური მეჩეთი, ცისფერი მეჩეთი — მდებარეობდა ავლაბრის ძველი ხიდის თავში, მეტეხის ტაძრის მოპირდაპირე მხარეს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

VIII საუკუნეში არაბების მიერ თბილისის დაპყრობას ქალაქში მუსულმანური აღმსარებლობის მოსახლეობის დამკვიდრება მოჰყვა. გ. ლობჟანიძე ასე აღწერს:

„სავარაუდებელია, რომ ქართველები პირველად მუჰამედის მოძღვრებას VIII საუკუნეში გაცნობოდნენ, როცა ქვეყანას არაბთა ხალიფატის დამპყრობელი ჯარები მოადგნენ. ბუნებრივია, იმ პერიოდის საქართველოში ცოტა ვინმეს თუ ექნებოდა წარმოდგენა დამპყრობელთა იდეოლოგიური საფანელის, ანუ ისლამის კარდინალურ საკითხებსა და თვით ამ რელიგიის არსზე. VIII საუკუნის შუა ხანებში დადებული ჰაბიბიბნმასლამას დაცვის სიგელით კი ფაქტობრივად იწყება საქართველოსა და მუსლიმური სამყაროს დოკუმენტური ურთიერთობა... განსაკუთრებით ქართლში ფეხის მყარად მოკიდების მერე, როცა ქვეყნის მმართველად თავიანთი ამირა ჩააყენეს, საკუთარი იდეოლოგიის განმტკიცებაზეც იზრუნეს. IX საუკუნის ელიტა ისე საფუძვლიანად იცნობდა მაჰმადის მოძღვრებას, რომ ამ სჯულის მეცნიერებთან პოლემიკასაც არ ერიდებოდა.“

ქართლში, კერძოდ თბილისში მუსლიმური სამყაროს გავლენას ადასტურებს ზაქარია ჭიჭინაძის ცნობა, რომ: „ყურანი ქართულს ენაზედ უნდა იყოს ნათარგმნი X საუკუნეში და იქნებ, IX საუკუნეში, როცა ქართლსა და კახეთში არავინ იყვნენ მომვლელნი და მფლობელნი ჩვენი სამშობლოსი“. VII-XI საუკუნეებში, თბილისში მაჰმადიანთა 400 წლის ბატონობამ ქალაქის გარეგან სახეზეც მოახდინა გავლენა, რის გამოც იგი ატარებდ არა როგორც ქრისტიანულ, ასევე მუსულმანურ იერს. თბილისი მონაცვლეობით ხან სუნიტი თურქ-ოსმალების ხელში იყო, ხან კი შიიტი ირანელებისა. მუსლიმური დღესასწაულების დროს მეფე დავითი და უფლისწული დემეტრე მიდიოდნენ მეჩეთში, ულოცავდნენ დღესასწაულს და ასაჩუქრებდნენ იქაურ მოსახლეობას. 1153-1154 წლებში ჩამოსული ალ-ფარიკი წერს, რომ: „მეფემ მიაგო მუსლიმებს უდიდესი პატივი... მე ვნახე აბხასთა მეფე დიმიტრი... ერთ პარასკევ დღეს იგი მივიდა ჯამეში, დაჯდა ქვის საჯდომზე ხატიბის პირდაპირ და ფეხი არ მოუცვლია, ვიდრე არ ჩაათავეს ხატიბმა და ხალხმა“. XIII საუკუნეში არაბი გეოგრაფი ზაქარია ალ-ყაზვინი თბილისზე წერდა:

„ალ-ქურის ერთ-ერთ ნაპირზე ლოცვისაკენ მოუწოდებდნენ, მეორეზე კი ზარებს რეკენ.“

პლატონ იოსელიანის ცნობით, თბილისში ხუთი მეჩეთი ყოფილა. მათგან ორი როსტომ მეფეს აუგია XVII საუკუნეში. XV-XVI საუკუნეებში თბილისში შიიზმი ვრცელდება, რაც ირანისა და ირანული კულტურის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნების სიახლოვით იყო განპირობებული. თბილისის მეჩეთებს შორის უდიდესი იყო მტკვრის პირას, მეიდნის სამხრეთით მდგარი შიიტების მეჩეთი, რომელიც გადმოცემით ირანის შაჰმა ისმაილ I-მა 1522-1524 წლებში, მის მიერვე დანგრეული ეკლესიის ადგილზე, ააგო. მოგვიანებით, შაჰ-აბასის შემოსევისას (1606 წ.) მეჩეთი გააფართოეს და მეტად ლამაზი მინარეთით დააგვირგვინეს, რის გამოც მას თბილისის მოსახლეობა „შაჰის მეჩეთსაც“ უწოდებდა. ეს შიიტების მეჩეთი ძველ თბილისში ერთ-ერთი ულამაზესი ნაგებობა იყო. თბილისში ყოველთვის იმართებოდა სხვადასხვა ხალხური და რელიგიური ხასიათის ზეიმები. ერთ–ერთი დღესასწაული, ნოვრუზ ბაირამი ანუ საახალწლო ბაირამი გაზაფხულზე იმართებოდა. იკრიბებოდნენ მეტეხის ხიდთან შაჰ ისმაილის მეჩეთში, სადაც დილის 11 საათზე იწყებოდა ზეიმი, რომლის დამთავრების შემდეგ ამქრის დროშებითა და ნიშნებით, ზურნის თანხლებით მიემართებოდნენ სოლოლაკის უბნისაკენ, სადაც იმყოფებოდა თბილისში სპარსეთის საკონსულო.

თბილისელ მაჰმადიანებს ჰქონდათ ბაირამის ორი დღესასწაული – ყურბან-ბაირამი და რამაზან–ბაირამი. ყურბან ბაირამი ოთხი დღე გრძელდებოდა, ხოლო რამაზან ბაირამი სამი დღე. ყურბან ბაირამის დროს იკვლებოდა შესაწირი და ხორცს ქალაქში მცხოვრებ ღარიბ ოჯახებს უგზავნიდნენ. მეჩეთმა 1951 წლის შემოდგომამდე იარსება, იგი დაანგრიეს ქალაქის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, თუმცა არსებობს მეორე არაოფიციალური ვერსიაც, რაც მეჩეთის დანგრევის მიზეზი დღესასწაულის „შაჰსეი-ვაჰსეის“ დროს შიიტი მუსლიმების დაღუპვა იყო.

1953 წელს მეტეხის ხიდთან, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მეჩეთის ნანგრევების გაწმენდისას აღმოჩნდა განძი. აქედან 411 მონეტა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მოხვდა, ორ-ორი ერმიტაჟსა და პუშკინის სახვითი ხელოვნების მუზეუმს გადაეცა, სამი კი – მოსკოვის ისტორიულ მუზეუმს. მოგვიანებით განძს, იმავე ადგილას ნაპოვნი, ამირა ალი იბნ ჯაფარის 12 მონეტაც შეემატა, რომელიც მისი მმართველობის ხანის ერთადერთი ნივთიერი ძეგლია.

მეჩეთიდან შემორჩენილი ორნამენტები და წარწერებიანი ფილები დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 200-206

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]