თბილისის მეტროპოლიტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თბილისის მეტროპოლიტენი
Metro Tbilisi logo.svg
მიმოხილვა
მდებარეობა თბილისი, საქართველო
ტრანსპორტის ტიპი მეტროპოლიტენი
ხაზების რაოდენობა 2
სადგურების რაოდენობა 23
დღიური მგზავრთბრუნვა ≈ 600 ათასი
წლიური მგზავრთბრუნვა ≈ 200 მილიონი
საიტი ttc.com.ge
ფუნქციონირება
ფუნქციონირების დაწყება 11 იანვარი 1966; 51 წლის წინ (1966-01-11)
ოპერატორ(ებ)ი თბილისის სატრანსპორტო კომპანია
ტექნიკური მახასიათებლები
სისტემის სიგრძე 26.4 კმ

თბილისის მეტროპოლიტენი — სწრაფი ტრანზიტის მეტროს სისტემა თბილისში. ამჟამად თბილისის მეტროში 23 მოქმედი სადგურია, აქედან 16 განლაგებული გლდანი-ვარკეთილის, ხოლო 7 - საბურთალოს ხაზზე. ხაზების საერთო სიგრძეა 26,4 კმ. ექსპლუატაციაში შევიდა 1966 წლის 11 იანვარს და მეოთხე მეტროს სისტემა იყო საბჭოთა კავშირში (მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის შემდეგ). დანარჩენი საბჭოთა მეტროს სისტემების მსგავსად სადგურების უმეტესობა ძალიან ღრმად არის მიწისქვეშ და დეკორაციით გამოირჩევა. ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება როგორც ძველი „ე“ ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციის ვაგონები, ასევე შედარებით ახალი ტიპი 81-717/714. ვაგონებს ემსახურება ორი დეპო, „ნაძალადევი“ და „გლდანი“.

2005 წელს მეტრომ დაახ. 105,6 მილიონი ადამიანი გადაიყვანა[1]. ექსპლოატაციაში 186 ვაგონია და ორი დეპო. პლატფორმები ხუთ ვაგონს იტევს, თუმცა მხოლოდ 4-ვაგონიანი ეშელონები გამოიყენება გლდანი-ვარკეთილის და სამვაგონიანი საბურთალოს ხაზზე. ერთჯერადი მგზავრობის საფასური 50 თეთრია მთელი მგზავრობის პერიოდისთვის (სტუდენტებისათვის მგზავრობის ღირებულება შეადგენს 20 თეთრს, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის - 10 თეთრს, ხოლო სკოლის მოსწავლეთათვის და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის მგზავრობა უფასოა)[2]. ვაგონების სამუშაო საათებია დილის 6:00-დან ღამის 00:00-მდე, შემადგენლობებს შორის 4 წუთიანი და 2,5 წუთიანი (პიკის საათებში) ინტერვალებია.

ამჟამად თბილისის მეტროს სისტემა ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქციის პროცესშია: აღდგენილია სადგურების უმრავლესობა და განახლებულია ელმავალ-ვაგონები. ქალაქის ბიუჯეტმა 2006 წელს პროექტისთვის 16 მილიონი ლარი გამოყო. მეტროპოლიტენის ხელმძღვანელები იყვნენ ნ. ბერიძე, ო. ხიზანიშვილი, ი. მელქაძე, გ. გაბუნია, ა. ახვლედიანი, ზ. კიკალეიშვილი, დ. ალავიძე, ლ. კოპლატაძე, ამჟამად — ა. ჯაფარიძე.

სექციების სია

ქრონოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ხაზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1951 წლის 29 სექტემბერს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობაზე.
  • 1952 წლის იანვარში ჩამოყალიბდა თბილისის მეტრომშენის სამმართველო.
  • 1953 წელს დაიწყო პირველი შახტის მშენებლობა და გადასარბენი გვირაბების აგება.
  • 1957 წელს მეტროპოლიტენის მშენებლობა შეჩერდა და დაიწყო სხვადასხვა დანიშნულების გვირაბების (რკინიგზის, ავტოტრანსპორტის, ჰიდროტექნიკური)მშენებლობა, რისთვისაც მეტრომშენის სამმართველო გარდაიქმნა თბილგვირაბმშენად.
  • 1959 წელს განახლდა მეტროპოლიტენის პირველი რიგის მშენებლობა.
  • 1962 წელს შეიქმნა მშენებარე მეტროპოლიტენის დირექცია.
  • 1965 წლის 8 თებერვალს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით შეიქმნა თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველო.
  • 1966 წლის 11 იანვარს ექსპლოატაციაში ჩაბარდა პირველი რიგის პირველი უბანი (6,3 კმ) ხუთი სადგურით: დიდუბე, ელექტროდეპო, ვაგზლის მოედანი, მარჯანიშვილი და რუსთაველი.
  • 1967 წლის მარტში მოწესრიგდა ორლიანდაგიანი მოძრაობა დიდუბე-ელექტროდეპოს მონაკვეთზე მოტარებელთა მობრუნებით სადგურ დიდუბეში.
  • 1967 წლის ნოემბერში ხაზის 4 კილომეტრით გაგრძელების შემდეგ სადგურ 300 არაგველამდე შესაძლებელი გახდა შემადგენლობების მობრუნება ხაზის მეორე ბოლოში, ხოლო გადასარბენი გვირაბის სადგურ ოქტომბერის მშენებლობის დამთავრების შემდეგ შესაძლო გახდა მთელ ტრასაზე ორლიანდაგიანი მოძრაობის გახსნა.
  • 1971 წლის მაისში 2,5 კილომეტრიანი უბნის ექსპლოატაციაში გაშვებით სადგურ სამგორამდე დამთავრდა მეტროპოლიტენის პირველი რიგის მშენებლობა 11 სადგურით 12,3 კილომეტრი ტრასით.
  • 1985 ნოემბერში ერთდროულად იქნა შეყვანილი ექსპლოატაციაში ორი უბანი ერთი 3,4 კილომეტრის დიდუბის სადგურიდან სადგურ თემქამდე და მეორე 2,0 კმ სადგურ სამგორიდან სადგურ ვარკეთილადე.
  • 1989 წლის იანვარში სადგურები სარაჯიშვილი და ახმეტელის თეატრი გაიხსნა.

მეორე ხაზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1979 წლის სექტემბერში ამუშავდა მეტროპოლიტენის მეორე ხაზი 5,8 კილომეტრი სიგრძით, რომელმაც დააკავშირა სადგურის მოედანი საბურთალოს რაიონს. პირველი გადაწყვეტილებით ეს მეორე ხაზი უნდა აშენებულიყო როგორც პირველი ხაზის განშტოება; მაგრამ მშენებლობის დამთავრების პერიოდში გადაწყდა, აშენებულიყო მეორე გადასასვლელი სადგური ”ვაგზალი-2” რომელსაც დასაწყისში არ ექნებოდა დამოუკიდებელი მიწისზემოთა ამოსასვლელი.
  • 2000 წლის 2 აპრილს გაშვებული იქნა ექსპლუატაციაში ერთი უბანი გოცირიძე-ვაჟა-ფშაველა 1,2 კილომეტრის სიგრძით ერთმხრივი მოძრაობით.
  • 2017 წლის 16 ოქტომბერს ექსპლუატაციაში გაეშვა ვაჟა-ფშაველა-სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაკვეთი[3].

ინფრასტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხაზების საერთო საშუალო საექსპლუატაციო სიგრძეა 26.4 კმ (ორივე გვირაბის). ცალკე აღებული ლიანდაგების მიხედვით გვირაბების საერთო სიგრძეა 53.7 კმ, ღია უბნების 3.6 კმ, ხოლო დეპოების და ჩიხების - 5.2 კმ. მეტროპოლიტენის სისტემაში შედის 26 დამადაბლებელი და 14 წევის ქვესადგური, 173 კმ მაღალი ძაბვის და 373 და დაბალი ძაბვის კაბელი, 20 სიგნალიზაციის სარელეო, 224 შუქნიშანი და 10 განვითარებული სადგური ბლოკ-საგუშაგოთი. მეტროპოლიტენის მაქსიმალური საპროექტო გამტარუნარიანობაა 36 წყვილ მატარებელზე საათში. ორივე ხაზზე სადგურების პლატფორმების სიგრძე შეადგენს 102 მეტრს და დაპროექტებულია მაქსიმუმ ხუთვაგონიანი შემადგენლობების ექსპლუატაციაზე.

დეპოები და მოძრავი შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის მეტროპოლიტენის მოდერნიზებული მატარებლის ვაგონი

მეტროპოლიტენს ემსახურება ორი დეპო, „ნაძალადევი“ (დეპო #1) და „გლდანი“ (დეპო #2), აქედან პირველი ემსახურება საბურთალოს, მეორე კი გლდანი-ვარკეთილის ხაზს. ამჟამად გლდანის დეპოს ბალანსზეა 78 არამოდერნიზირებული 81-717, 81-717.5, 81-714, 81-714.5, Ема502 და 84 მოდერნიზირებული 81-717m, 81-714m, Еж3 და Ем-508Т მოდელის ჯამში 162 სამგზავრო ვაგონი, რომელთაგან სამგზავრო ექსპლუატაციაშია 125 ვაგონი (სავარაუდო შეფასებით). ნაძალადევის დეპოს ბალანსზე იმყოფება მოდერნიზირებული 81-717m და 81-714m მოდელის 33 სამგზავრო ვაგონი, აქედან ყველა ექსპლუატაციაშია. თბილისის მეტროს ყველაზე ძველი, 1965 – 71 წლებში გამოშვებული Е და Еж ტიპის ვაგონები ყველა ჩამოწერილია და მათი ნახვა დღეს მხოლოდ გარაჟებად, სათავსოებად და კაფეებად არის შესაძლებელი. ვაგონების კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია ხორციელდება გლდანის დეპოს ტერიტორიაზე განთავსებულ მოსკოვის ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალში. ოფიციალური ცნობებით 2012 წლის ბოლომდე მოდერნიზირებულია 117 ვაგონი, 2013 წელს იგეგმება კიდევ 14 ვაგონის მოდერნიზება. თბილისის ვაგონების გარდა, მოცემულ საწარმოში მიმდინარეობს ერევნის და ბაქოს მეტროპოლიტენების ვაგონების მოდერნიზაცია. მეტროპოლიტენის ინფრასტრუქტურის ტექნიკურ მომსახურებას უზრუნველყოფს მოტოდეპო, რომელიც განთავსებულია დიდუბეში. მის ბალანსზე იმყოფება АГМ, АГМУ და ДМ მოდელის ბენზინის ძრავზე მომუშავე ავტომოტრიცები და УП-2 მოდელის ორღერძიანი სატვირთო პლატფორმები. ასევე მოტოდეპო ფლობს რამდენიმე სპეციალურ ვაგონს, რომლებიც განთავსებულია ჩამოწერილი ავტომოტრიცების ან 1920-30-იან წლებში გამოშვებულ სარკინიგზო ცისტერნების ბაზაზე: საგაბარიტო ჩარჩო, გვირაბების სარეცხი დანადგარი და ასენიზატორი. სამეურნეო ტექნიკიდან უძველესი ექსპონატია ლიანდაგმზომი В4 სერიის ვაგონის ბაზაზე. არსებული ვაგონი გამოშვებული იქნა Orenstein & Koppel-ის მიერ 1927 წელს როგორც СI სერიის ვაგონი ბერლინის ფართოპროფილიანი მეტროპოლიტენისთვის. 1945 წელს საბჭოთა კავშირმა 120 ცალი СI, СII, СIII ვაგონი მიიღო ბერლინის მეტროპოლიტენიდან რეპარაციის სახით მოსკოვის მეტროპოლიტენისთვის, რომელიც ამ პერიოდში ვაგონების დეფიციტს განიცდიდა. 1946-47 წლებში მოხდა ვაგონების შეკეთება და ადაპტაცია მოსკოვის მეტროს ვაგონშემკეთებელ ქარხანაში (დღევანდელი მოსკოვის ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანა). ვაგონებს მიენიჭათ ახალი ნომრები და სერია В: СI ტიპის ვაგონებს მიენიჭათ В1 სერია, СII ტიპის ვაგონებს В2 და СIII ტიპის ვაგონებს В3 სერია. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა 24 СI ტიპის ვაგონი, რომელიც წამოიღო საბჭოთა კავშირმა, ომის დროს იმყოფებოდა ბერლინის მეტროს დატბორილ მონაკვეთში და მათი ელექტროაღჭურვილობა სრულიად გამოუსადეგარი იყო, ამიტომ მათ მოხსნეს ძრავები და გადააკეთეს მისაბმელ ვაგონებად. ექსპლუატაციამ აჩვენა, რომ უძრავო ვაგონების ექსპლუატაცია გაუმართლებელი იყო: ძრავიან ვაგონებს არ ჰყოფნიდათ მათი გაწევის სიმძლავრე. ამიტომ 1948-49 წლებში В1 ტიპის ვაგონებზე დააყენეს ტროლეიბუსის ძრავები და მიიღეს В4 სერია. ამავდროულად კიდევ ერთხელ შეიცვალა ვაგონების ნომრები. სათადარიგო ნაწილების უქონლობის გამო В სერიების ვაგონების ექსპლუატაცია ყველაზე ხანმოკლე გამოდგა სხვა სერიებთან შედარებით და მათი ექსპლუატაციის ბოლო წელი იყო 1966, ფილის ხაზზე მოსკოვში. ვაგონების ჩამოწერის შემდეგ ნაწილი დაიჭრა და ნაწილი გადაიგზავნა სხვადასხვა მეტროდეპოებში მათი სამეურნეო მიზნებით გამოყენებით. ერთ-ერთი ასეთი ვაგონი ნომერი 163 (ყოფილი СI ნომერი 264 და В1 ნომერი 1155) აღმოჩნდა კიევში, სადაც მასზე დააყენეს სალიანდაგმზომო აპარატურა და გამოგზავნეს თბილისში 1969 წელს. დღეს ის ექსპლუატაციაში მყოფი ერთადერთი В ტიპის ვაგონია მსოფლიოში და ინახება გლდანის დეპოში: ხაზზე გამოყავს ყოველი თვის ბოლოდან მეორე ხუთშაბათს Ема502 ვაგონებით დაკომპლექტებულ შემადგენლობას 7115-7113-7099-7125 საღამოს 8:45-ზე და მოივლის მთლიანად ორივე ხაზს.

პერსპექტივები, მიმდინარე და შეჩერებული პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთთაღოვანი სადგური საბურთალოს ხაზის ბოლოში, სადგურ „ვაჟა-ფშაველას“ შემდეგ. სადგურის მშენებლობა 1986 წელს დაიწყო და 1995 უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 90–იანი წლების დასაწყისში განვითარებული მოვლენების გამო ვერ მოხერხდა ამ სადგურის დასრულება. დღესდღეობით მშენებარე უბანზე სამუშაოების 90% მეტი შესრულებულია. კონკრეტულად კი აგებულია მარცხენა და მარჯვენა გადასარბენი გვირაბები, რომელთა სიგრძე დაახლოებით 960 მეტრს შეადგენს, ტექნოლოგიური სათავსოების ბლოკი, წევითი-დამადაბლებელი ქვესადგურის დარბაზი, დახრილი საესკალატორო გვირაბი. დასამთავრებელია სადგურის ბაქნიანი უბანი, რომელიც დაბზარულია, ასაქცევი საკანი და მოსაბრუნებელი ჩიხები, ვესტიბიული და მიწისქვეშა გადასასვლელის ჩასასავლელები, შიდა კონსტრუქციების მშენებლობა, სადგურისა და ვესტიბიულის არქიტექტურული გაფორმება. შესასრულებელია დანადგარების და მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოები: ლიანდაგის დაგება და საკონტაქტო რელსის მოწყობა, ესკალატორებისა და ვენტილატორების მონტაჟი, წყალმომარაგების, წყალსარინი და კანალიზაციის სისტემების მოწყობა, ელექტრომომარაგების, მატარებლების მოძრაობის ავტომატიკისა და ტელემექანიკის, კავშირგაბმულობის, ხანძარუსაფრთხოებისა და სიგნალიზაციის სისტემების მონტაჟი. სადგურ «სახელმწიფო უნივერსიტეტზე» სამუშაოები 2000 წლიდან გაჩერებულია. ამჟამად სადგურისა და გვირაბის კონსერვაცია მიმდინარეობს.

მოსამზადებელი სამუშაოებისათვის თბილისის მუნიციპალური განვითარების ფოდმა 2013 წელს გამოყო 4,370.7 ათასი ლარი სადგურ უნივერსიტეტის და მიმდებარე გადასარბენი გვირაბების სამშენებლო სამუშაოების დაპროექტება-ადმინისტრირებისათვის, ასევე გამოცხადდა ვაკანსია საერთაშორისო ექსპერტზე რომელიც მოამზადებს მშენებლობის პროექტს, ვაკანსიაზე განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა იყო 2013 წლის 18 მარტი.

მშენებლობის ძირითადი დამფინანსებელია აზიის განვითარების ბანკი. „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ გახსნასთან ერთად, სრულად დაიტვირთება ვაჟა-ფშაველას ორივე გვირაბი, სადაც გაუქმდება ერთლიანდაგიანი მოძრაობა და მგზავრებს აღარ მოუწევთ შემადგენლობიდან შემადგენლობაში გადაჯდომა.

სადგურ „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე ამოსასვლელი მდებარეობს შეშელიძის ქუჩაზე. გვირაბი ჩასულია საპროექტო სიღრმეზე, საჭიროა ქვედა სივრცის ამოღება, სადგურთან შეერთება, ესკალატორის ფილის, ესკალატორისა და მისი დამხმარე მოწყობილობების მონტაჟი, კედლების მოპირკეთება და ზედა ვესტიბიულის მოწყობა. ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა.

სადგურ „მარჯანიშვილის“ მეორე ამოსასვლელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს მარჯანიშვილის და უზნაძის ქუჩის კუთხეში, მაღალსართულიანი კორპუსის ეზოში. არსებული ცნობებით ჩასულია საპროექტო სიღრმეზე. სადგურს უკავშირდება არა პირდაპირ, არამედ გვერდულად მიმავალი ჰორიზონტალური გვირაბის მეშვეობით.

საბურთალოს ხაზის და ნაძალადევის დეპოს შემაერთებელი გვირაბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც ცნობილია, ამჟამად საბურთალოს ხაზი ნაძალადევის დეპოს უკავშირდება სადგურ წერეთლის II ლიანდაგის და სადგურის მოედანი 1-ის II ლიანდაგის შემაერთებელი მომსახურე გვირაბით. ამ დროს მატარებელი აკეთებს რთულ მანევრს: დეპოდან გამოსვლისას სადგურ ვაჟა-ფშაველადან იგი ჯერ სადგურ დიდუბემდე მიდის, შემდეგ ცარიელი მიდის სადგურის მოედან 1-ზე, გადადის წერეთლის II ლიანდაგზე, ბრუნდება უკან სადგურის მოედან 2-ის II ლიანდაგზე და ჩიხში მობრუნებისას გადადის სადგურის მოედან 1-ზე, საიდანაც იწყებს ხაზზე სამგზავრო მოძრაობას. ასევე უკან გასვლისას იგი გადადის წერეთლიდან სადგურის მოედანი 1-ის II ლიანდაგზე, შედის უკუსვლით ჩიხში, უკუსვლით გამოდის სადგურის მოედანი 1-ის I ლიანდაგზე და მიდის სადგურ ვაჟა-ფშაველას დეპოს გადასახვევამდე. არსებული მანევრის თავიდან არიდების მიზნით 1980-იან წლებში აიგო სადგურ წერეთლის I ლიანდაგის და ნაძალადევის დეპოს მეორე 40 ვაგონიანი კორპუსის შემაერთებელი გვირაბი. ერთლიანდაგიანი გვირაბის მთლიანი სიგრძე შეადგენს 912 მეტრს, საიდანაც 173 მეტრი დეპოსთან მიწის ზედაპირზე ამომავალი რამპაა. გვირაბი კონსტრუქციულად დასრულებულია, დარჩენილია ჰიდროიზოლაციის, სალიანდაგო ბეტონის ბალიშის, ლიანდაგის, საკონტაქტო რელსის, სიგნალიზაცია-ტელემექანიკის, მუდმივი წყალამკრები სისტემების დამონტაჟება. მიუხედავად იმისა, რომ გვირაბის გათხრისას წყალუხვ ქანებში გამოიყენეს რთული და ძვირადღირებული ტექნოლოგიები, გაუგებარი მიზეზების გამო იგი ექსპლუატაციაში არასდროს არ შესულა. ნაძალადევის დეპოს მეორე კორპუსი, რომელსაც გვირაბი უერთდებოდა, ამჟამად გაძარცვულია და მას დეპოს ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაში მცხოვრები დევნილები იყენებენ. ამასთან არსებული ინფორმაციით ტერიტორია გაყიდულია და რკინიგზის ინფრასტრუქტურის ქალაქის ცენტრიდან გადატანის შემდეგ დეპოს სრული დემონტაჟი მოხდება, რის შემდეგაც გვირაბი სრულიად უსარგებლო გახდება, საბურთალოს მატარებლებს მოუწევთ კიდევ უფრო რთული მანევრი გლდანი-ვარკეთილის ხაზის მესამედის გავლით, ასევე მეტროპოლიტენი დაკარგავს მის ორივე შემაერთებელ გეითს რკინიგზასთან, რომლითაც გარდა ტვირთების მიღებისა ხდებოდა ერევნის და ბაქოს შემადგენლობების მიღება მოდერნიზაციისთვის.

მესამე (რუსთაველი 2 - ვაზისუბნის) ხაზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1980-იანი წლების ბოლოს დაპროექტდა თბილისის მეტროპოლიტენის მესამე ხაზი. ხაზზე უნდა ყოფილიყო მინიმუმ 14 სადგური მოსკოვის პროსპექტიდან დიდ დიღმამდე, აქედან 4 გადასაჯდომი სადგური: ვარკეთილი 2, რუსთაველი 2 და დიდუბე 2 გლდანი-ახმეტელის ხაზთან და სადგური პოლიტექნიკური 2 საბურთალოს ხაზთან.

აქედან, უპირველეს ყოვლისა უნდა აშენებულიყო 5 სადგური 2000 წლამდე, რომლებზეც დაიწყო სამუშაოები:

  • რუსთაველი - 2, მიწისქვეშა ღრმა,
  • საარბრიუკენის მოედანი (თავდაპირველად „მარქსის მოედანი“, შემდგომში „ჩუღურეთის მოედანი“), მიწისქვეშა ღრმა,
  • ქვემო ელია (თავდაპირველად „ელია“), მიწისქვეშა ღრმა,
  • ზემო ელია (თავდაპირველად „მეტრომშენის მოედანი“), მიწისქვეშა ღრმა,
  • ვაზისუბანი, მიწისქვეშა ღრმა.

მშენებლობა შეწყდა 1993 წელს, თუმცა გარკვეული თანხები დღემდე გამოიყოფა მისი ცალკეული ობიექტების გამაგრების და წყალსატუმბი სამუშაოების მიზნით.

მშენებლობა დაგეგმილი იყო შემდეგი ობიექტებიდან:

  • შახტა #60-სადგური რუსთაველი 2 და მოსაბრუნებელი ჩიხები;
  • შახტა #61-გადასარბენი გვირაბი სადგურებს რუსთაველი 2 და საარბრიუკენის მოედანს შორის;
  • შახტა #62-სადგური საარბრიუკენის მოედანი;
  • შახტა #63-გადასარბენი გვირაბი სადგურებს საარბრიუკენის მოედანს და ქვემო ელიას შორის;
  • შახტა #64-სადგური ქვემო ელია;
  • შახტა #65-გადასარბენი გვირაბი სადგურებს ქვემო ელიას და ზემო ელიას შორის;
  • შახტა #66-სადგური ზემო ელია;
  • შახტა #67-გადასარბენი გვირაბი სადგურებს ზემო ელიას და ვაზისუბანს შორის;
  • შახტა #68-სადგური ვაზისუბანი და მოსაბრუნებელი ჩიხები;
  • შახტა #69-მომსახურე ტექნიკური გვირაბი 300 არაგველის ჩიხებიდან სადგურ ზემო ელიამდე ვაგონების გადასაცემად, სანამ აშენდებოდა მესამე დეპო აფრიკის დასახლებაში.

მშენებლობა ზოგან თითქმის ვერ დაიწყო, ზოგან კი საკმაოდ ბევრი რამის გაკეთება მოესწრო:

  • შახტა #60:

გაითხარა დაახლოებით 300 მეტრამდე სიგრძის სამშენებლო მიმყვანი გვირაბები სადგურის ადგილამდე. მშენებლობა ხდებოდა ბურღვითი მეთოდით.

  • შახტა #61:

დაწყებული იქნა გადასარბენი გვირაბის მშენებლობა რუსთაველი 2-დან საარბრიუკენის მოედნამდე, რისთვისაც გაითხარა დაახლოებით 100 მეტრამდე სამშენებლო გვირაბი თავისი სათავსოებით და უშუალოდ გადასარბენი გვირაბი 50 მეტრამდე. გადასარბენ გვირაბში ჩარჩა მწყობრიდან გამოსული გვირაბმჭრელი ფარი ტიუბინგების ერექტორით. თავად გვირაბის მშენებლობა ხდებოდა აფეთქების მეთოდით.

  • შახტა #62:

ნაწილობრივ გათხრილი იყო საესკალატორო გვირაბი სადგურ საარბრიუკენის მოედანზე, თავად სადგურის მშენებლობაც ამ დახრილი გვირაბიდან უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ 1992 წელს მშენებლობის შეწყვეტის შემდეგ არსებული გვირაბი დაიტბორა, 2011 წელს კი მისი ზედა ნაწილის ტიუბინგები ამოიღეს და გვირაბი ინერტული მასალით ამოავსეს. პროექტით სადგურზე გათვალისწინებული იყო 4 ესკალატორი.

  • შახტა #63:

მომზადდა ტერიტორია შახტის და სამთო კომპლექსის ასაგებად, მაგრამ სათხრელი სამუშაოები არ დაწყებულა.

  • შახტა #64:

ქვემო ელიის სადგურზე დაწყებული იყო ჰორიზონტალური მიმსვლელი გვირაბის მშენებლობა. გვირაბი 2000-იანი წლების შუამდე კონსერვირებული იყო და წყლის ამოქაჩვა ხდებოდა, ამჟამად ყველა მეტალოკონსტრუქცია, წყლის საქაჩების ჩათვლით დემონტირებულია და გვირაბი სრულიად დატბორილია. მისი სიგრძე უცნობია.

  • შახტა #65:

პეტრე-პავლეს სასაფლაოსთან მდებარე ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე დაწყებული იქნა ვერტიკალური შახტის მშენებლობა. შახტის საპროექტო სიღრმემდე ჩასვლა ვერ მოესწრო, როდესაც მშენებლობა შეწყდა (გაითხარა 20 მეტრამდე). ამჟამად დატბორილია.

  • შახტა #66:

სადგური ზემო ელიის (იმავე მეტრომშენის მოედნის) მშენებლობა ერთი ცნობით უნდა დაწყებულიყო მოედანთან ახლოს მდებარე ვერტიკალური შახტიდან, თუმცა მშენებლობა არ დაწყებულა. დაწყებული იყო მოსამზადებელი სამუშაოები დახრილი გვირაბის დასაწყებად, რისთვისაც შემოღობილი იქნა და დაიწყო სამშენებლო ბაზის მშენებლობა მეტრომშენის მოედანზე, მაგრამ უშუალოდ სათხრელი სამუშაოების დაწყება ვერ მოესწრო. სამაგიეროდ დაწყებული იყო მომავალი სადგურიდან დაახლოებით 450 მეტრში ჰორიზონტალური მიმყვანი გვირაბის მშენებლობა, სავარაუდოდ გრუნტის უფრო სწრაფად და იაფად გამოსატანად სადგურის მეორე ბოლოდან. გაითხარა რამდენიმე მეტრი სიგრძის ჰორიზონტალური გვირაბი.

  • შახტა #67:

ყველაზე გრძელი მონაკვეთი მესამე ხაზზე გაითხარა ზემო ელიას და ვაზისუბანს შორის: 80 მეტრამდე მიმყვანი გვირაბი, 280 მეტრამდე პირველი გადასარბენი და 50 მეტრი მეორე გადასარბენი გვირაბი. გადასარბენი გვირაბის ნაწილი აგებულია თუჯის, ნაწილი კი ბეტონის ბლოკებით. გვირაბები გათხრილია შახტიდან ვაზისუბნის მიმართულებით.

  • შახტა #68:

ვაზისუბნის სადგური მიწის ზედაპირიდან 63 მეტრის სიღრმეზე უნდა ყოფილიყო ყველაზე ღრმა თბილისის მეტროში. გაითხარა მხოლოდ მიმყვანი გვირაბები სადგურის ორივე ბოლოში და დახრილი გვირაბი, რომელსაც 10 მეტრი დააკლდა დასრულებამდე, ამჟამად დახრილი გვირაბი დატბორილია, ხოლო სადგურის მშენებლობა მშრალ კონსერვაციაზეა.

  • შახტა #69:

ისევე როგორც #63 შახტის შემთხვევაში, მომზადდა ტერიტორია შახტის და სამთო კომპლექსის ასაგებად, მაგრამ სათხრელი სამუშაოები არ დაწყებულა.

სხვა პერპექტიული გეგმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გლდანი-ვარკეთილის ხაზი გრძელდებოდა გლდანის მხარეს ჯერ მუხიანისკენ, შემდეგ კი თემქისკენ, შემდეგ თბილისის ზღვისკენ ახალ დასახლება ავშნიანში. ვარკეთილის მხრიდან ხაზი ადიოდა ვარკეთილის ზემო მიკრორაიონებში, შემდეგ კი თბილისის ზღვის ჩრდილოეთით პროექტირებად ახალ დასახლება საჯეირნოში. პერსპექტივაში ავშნიანის და საჯეირნოს სადგურები ერთდებოდა და იქმნებოდა წრიული ხაზი თბილისის ზღვის გარშემო. სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა (ან დაიწყო მხოლოდ უმნიშვნელო მასშტაბით).

სადგურ „თავისუფლების მოედანზე“ უნდა გაკეთებულიყო მეორე ამოსასვლელი ორბელიანის მოედანზე არსებულ მიწისქვეშა კომპლექსში, რისთვისაც „თავისუფლების მოედნის“ სადგურზე პირველი ლიანდაგის თავზე გაკეთდა გადასასვლელი კიბე, ხოლო ორბელიანის მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელი დაპროექტდა მგზავრთა დიდ ნაკადზე, მეტროს ამოსასვლელის გათვალისწინებით.

სადგურ „ავლაბარს“ უკეთდებოდა მეორე ამოსასვლელი ჰორიზონტალური გვირაბით და ხიდით ბალნეოლოგიურ კურორტთან. არსებული ცნობებით სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა.

ისნის მეტროს სადგური

ხაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# სახელი გახსნის თარიღი სიგრძე სადგურების რაოდენობა
1 პირველი ხაზი 1966 19,6 კმ 16
2 საბურთალოს ხაზი 1979 6,8 კმ 7
3 რუსთაველი-ვაზისუბნის ხაზი უცნობია 5 კმ 5
სულ 31,4 კმ 28

სადგურების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ხაზი (19,6 კმ)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# სახელი დაარსდა ტიპი
1 თბილისის ზღვა მშენებარე მიწისქვეშა
2 მუხიანი მშენებარე მიწისქვეშა
3 ახმეტელის თეატრი, ყოფილი „გლდანი“ 7 იანვარი 1989 მიწისქვეშა
4 სარაჯიშვილი, ყოფილი „გურამიშვილი“ 7 იანვარი 1989 მიწისქვეშა
5 გურამიშვილი, ყოფილი „თემქა“ 16 ნოემბერი 1985 მიწისქვეშა
6 ღრმაღელე 28 ნოემბერი 1985 მიწისქვეშა
7 დიდუბე 11 იანვარი 1966 მიწისზედა, ღია, გადასასვლელი მესამე ხაზზე
8 გოცირიძე, ყოფილი „ელექტროდეპო“ 11 იანვარი 1966 მიწისზედა, ღია
9 ნაძალადევი, ყოფილი „ოქტომბერი“ 11 იანვარი 1966 მიწისქვეშა, პილონური, ღრმა
10 სადგურის მოედანი, ყოფილი „ვაგზლის მოედანი“ 11 იანვარი 1966 მიწისქვეშა, პილონური, ღრმა, გადასასვლელი მეორე ხაზზე
11 მარჯანიშვილი 11 იანვარი 1966 მიწისქვეშა, პილონური, ღრმა
12 რუსთაველი 11 იანვარი 1966 მიწისქვეშა, პილონური, ღრმა, გადასასვლელი მესამე ხაზზე
13 თავისუფლების მოედანი, ყოფილი „ლენინის მოედანი“ 6 ნოემბერი 1967 მიწისქვეშა, პილონური, ღრმა
14 ავლაბარი, ყოფილი „26 კომისარი“ 6 ნოემბერი 1967 მიწისქვეშა, პილონური, ღრმა
15 300 არაგველი 6 ნოემბერი 1967 მიწისქვეშა, პილონური, ღრმა
16 ისანი 5 მაისი 1971 მიწისქვეშა, კილონური
17 სამგორი 5 მაისი 1971 მიწისქვეშა, კოლონური
18 ვარკეთილი 9 ნოემბერი 1985 მიწისქვეშა, გადასასვლელი მესამე ხაზზე
19 ვაზისუბანი მშენებარე მიწისქვეშა

საბურთალოს ხაზი (6,8 კმ)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# სახელი დაარსდა ტიპი
1 სადგურის მოედანი[4], გადასასვლელი პირველ ხაზზე, ყოფილი ვაგზლის მოედანი 15 სექტემბერი, 1979 მიწისქვეშა, ღრმა
2 წერეთელი[4], ყოფილი წერეთლის გამზირი 15 სექტემბერი, 1979 მიწისქვეშა, კოლონური, ღრმა
3 ტექნიკური უნივერსიტეტი[4], ყოფილი პოლიტექნიკური ინსტიტუტი 15 სექტემბერი, 1979 მიწისქვეშა
4 სამედიცინო უნივერსიტეტი[4], ყოფილი სამედიცინო ინსტიტუტი და კომკავშირული 15 სექტემბერი, 1979 მიწისქვეშა
5 დელისი, ყოფილი ვიქტორ გოცირიძე 15 სექტემბერი, 1979 მიწისქვეშა
6 ვაჟა-ფშაველა, ყოფილი ბახტრიონი 2 აპრილი, 2000 მიწისქვეშა
7 სახელმწიფო უნივერსიტეტი[4], ყოფილი უნივერსიტეტი 16 ოქტომბერი, 2017[3] მიწისქვეშა

რუსთაველი-ვაზისუბნის ხაზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# სახელი სტატუსი ტიპი
1 საქართველოს სამხედრო გზა პროექტში იყო მიწისქვეშა
2 დიღომი პროექტში იყო მიწისქვეშა
3 დიდუბე პროექტში იყო მიწისზედა
4 ემმგ პროექტში იყო მიწისქვეშა
5 ტექნიკური უნივერსიტეტი პროექტში იყო მიწისქვეშა
6 ვაკე პროექტში იყო მიწისქვეშა
7 რუსთაველი-2 დაიწყო სამშენებლო გვირაბის გაყვანა, რაზეც სამუშაოები შეწყდა 1992 წელს. მიწისქვეშა
8 საარბრიუკენის მოედანი დახრილი საესკალატორო გვირაბი დაწყებულია, მაგრამ მშენებლობა გაიყინა 1992 წელს. კონსტრუქციები დატბორილია. მიწისქვეშა
9 ქვემო ელია სავარაუდოდ, სამშენებლო სამუშაოები არ ყოფილა დაწყებული. შუალედური სამუშაო ჭაური დატბორილია და დემონტირებული. მიწისქვეშა
10 ზემო ელია დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას რიგმა პრობლემებმა იჩინა თავი. სამუშაოები შეჩერდა, ჭაური ამოქოლილია. მიწისქვეშა
11 ვაზისუბანი დახრილი საესკალატორო გვირაბი დაწყებულია, მაგრამ მშენებლობა 1992 წელს გაიყინა. დახრილი გვირაბი დატბორილია, მაგრამ გვირაბები არსებობს. მიწისქვეშა
12 ვარკეთილი-2 აგებულია მხოლოდ გადასასვლელის ქვეშ მარაგნაკვეთი, მეორე სადგურის აღჭურვითი სამუშაოები დაწყებული არ ყოფილა; ინფორმაცია არ მოიპოვება. მიწისქვეშა
13 კახეთის გზატკეცილი პროექტში იყო მიწისქვეშა
14 მოსკოვის გამზირი პროექტში იყო მიწისქვეშა

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]