შინაარსზე გადასვლა

ხუბაშვილების ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხუბაშვილების ციხე – კოშკი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის ცენტრში, ხუბაანთ უბანში. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.

კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 7,7 მ, კედლის სისქე 1,5 მ), ნაგებია რიყის ქვით. დაზიანებულია - შემორჩენილია სამი სართული. შესასვლელი ჩრდილოეთით, პირველ სართულზეა. პირველი სართული ოთხკუთხაა (4,4 X 3,9 მ); ოთხივე კედელში დიდი და პატარა თახჩებია. მეორე სართული კვადრატულია (4,2 X 4,2 მ). აღმოსავლეთ კედელში ჩაშენებულია ბუხარი. მის ორივე მხარეს სათოფურებიანი თახჩებია, მარჯვნივ ცალმაგი სათოფურია, მარცხნივ ორმაგი. ჩრდილოეთ კედელში თითო დიდი და მცირე თახჩაა სათოფურებით. სამხრეთ კედელში მაღალი თახჩაა ორმაგი სათოფურით. სათოფურის ორივე მხარესაც თითო სათოფურია, ზევით კი სარკმელია გაჭრილი. პირველი და მეორე სართულები გადახურულია აგურის ცილინდრული კამარით. მესამე სართულის კედლები სანახევროდ დანგრეულია. სართულები ერთმანეთს უკავშირდება კედელში დატანებული კიბით.

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5. თბ., 1990.