შინდისის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

შინდისის ციხე – ციხესიმაგრე შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის ჩრდილოეთ ნაწილში, ვაკეზე. სავარაუდოდ თარიღდება XVIII საუკუნის მეორე ნახევრით.

ციხე (67,5 X 49,6 მ) ნაგებია რიყის ქვით. შიდა კედლებზე და კამარაზე გამოყენებულია აგურიც. ციხის კუთხეებში - ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჩრდილო-დასავლეთით, სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით დგას ცილინდრული კოშკები. ნაგებობა დაზიანებულია. ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკი თითქმის მთლიანად დანგრეულია. სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკისგან ნაწილობრივ გადარჩენილია სამი სართული. პირველი სართულის კედლები ყრუა. მეორ და მესამე სართულს შესასვლელი ეზოდან ცალ-ცალკე აქვს. მეორე სართულის კედლებში ცალმაგი და ორმაგი სათოფურებია. სართული გადახურულია აგურის დაბალი სფერული კამარით. მესამე სართულის კედლებშიც სათოფურებია განლაგებული. სათოფურები ერთმანეთს უკავშირდებოდა კედელში დატანებული კიბით. ჩრდილო-დასავლეთ კოშკიდან შემორჩენილია მხოლოდ სამი სართული. კოშკს შესასვლელი ეზოდან პირველ და მეორე სართულზე ცალ-ცალკე აქვს. პირველი სართულის კარი პირდაპირ ისრული თაღით გადახურული ბუხარია, გვერდებზე სათოფურიანი ნიშებია. კამარის ქვემოთ ორი პატარა სარკმელია. სართულის გადახურვისათვის კოჭების მაგივრად გამოყენებულია 0,6-0,8 მ სისქის ფიცრები, რომლებზეც სავარაუდოდ ეწყო ჩელტები და მასზე დატკეპნილი იყო თიხა. კოშკის მეორე სართულზე ბუხარი და სარკმლები ისევეა განლაგებული, როგორც პირველზე. კედლებში დატანებულია ცალმაგი და შეწყვილებული სათოფურები, ოთხი სალოდე; ჩანს საზარბაზნეს კვალი. სამხრეთ დასავლეთ კოშკსაც მსგავსი არქიტექტურული გადაწყვეტა აქვს. ციხის გალავანიც დაზიანებულია. იგი ორიარუსიანია. ქვედა იარუსი ყრუა. ზედას ხის საბრძოლო ბილიკი გასდევდა. გალავნის ზედა ხაზი აღჭურვილია ორმაგი სათოფურებით. გალავანი მთავრდება ნახევარწრიული ქონგურებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990 წ.