ტყვიავის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტყვიავის ციხე — ციხე-დარბაზი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში, სოფლის ცენტრში, ვაკეზე. თარიღდება XVIII საუკუნით.

შედგება სხვადასხვა დროს აშენებული ოთხი კოშკისაგან. ნაგებია რიყის ქვით; დიდ, წაკვეთილ ელიფსის ფორმის ჩრდილოეთის კოშკში (6,8 X 5,7 მ) გამოყენებულია აგურიც. კომპლექსი შეიქმნა ლეკების შემოსევების დროს, რომელიც იყო ფეოდალის ოჯახის თავდასაცავი და ამავე დროს საცხოვრებელი ნაგებობა. ციხე-დარბაზი ძლიერ დაზიანებულია. თავდაპირველად აგებულია მოგრძო, რვაგვერდა კოშკი (11,3 X 8,2 მ). კოშკიდან ნაწილობრივ შემორჩენილია ორი სართული. სავარაუდოა, რომ იგი ოთხსართულიანი მაინც იყო. ნაგებობის შემორჩენილ კედლებში მრავალი ცალმაგი და ორმაგი სათოფურებია. ყოველ სართულზე თითო ბუხარია.

ციხე-დარბაზის კედლებზე არსებული მხედრული წარწერების თანახმად, ციხის მეპატრონეს - თამაზ ქარელს - 1754 წელს რვაგვერდა კოშკისათვის დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მიუშენებია თითო წაკვეთილი ელიფსის ფორმის კოშკი, 1758 წელს კი ჩრდილო-აღმოსავლეთით - მეოთხე კოშკიც. დასავლეთით მიშენებული ცილინდრული კოშკიდან (3,9 X 4,9 მ) შემორჩენილია ოთხი სართული, მეორე კოშკიდან კი სამი. შესასვლელი თითოეულ კოშკს ჩრდილოეთით, მეორე სართულზე აქვს. ყოველ სართულზე ბუხრები, სათოფურები და სარკმლებია. არის სამეურნეო დანიშნულების ნიშებიც. მეოთხე კოშკიდან (5,4 X 7,6 მ) სამი სართულია შემორჩენილი. შესასვლელი კოშკს პირველ სართულზე აქვს. კედლებში მრავალი სათოფურია. კართან ახლოს არის ჭა. სართულშუა გადახურვა ყველგან ხის ყოფილა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიძე ვ., XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ.I, თბ.,1983.
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990.