ტირძნისის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ტირძნისის ციხე – ციხესიმაგრე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში, სოფლის ცენტრში, მდინარე პატარა ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, ვაკეზე. გალავნის არქიტექტურულ კომპლექსში შედის: ციხე-გალავანი კოშკებით, ეკლესია და სამრეკლო.

ციხე-გალავანი თარიღდება XVIII საუკუნის II ნახევრით. ნაგებობა გეგმით კვადრატულია (30 X 30 მ), ნაგებია რიყის ქვით. გალავნის კუთხეებში რამდენიმე ცილინდრული კოშკი მდგარა. ორი მათგანი ადრეა დანგრეული, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდგარი XX საუკუნის 40-იან წლებში დაინგრა. შედარებით უკეთ არის შემონახული ჩრდილო-დასავლეთის კოშკი. იგი ორსართულიანია, საბრძოლობანიანი. ორივე სართულს ცალკე შესასვლელი აქვს ეზოდან. პირველი სართულის კედლებში რამდენიმე, კვეთით ზევით მიმართული სარკმელია. მეორე სართულის კედლებში, სარკმლებს გარდა, ცალმაგი და ორმაგი სათოფურებიცაა. სართულები გადახურულია გუმბათოვანი კამარით. ციხე-გალავნის კედლები ორსართულიანია (სიმაღლე 5-6 მ). ქვედა იარუსი ყრუა. ზედაზე ხის საბრძოლო ბილიკი და სათოფურები იყო.

გალავნის შიგნით დგას რიყის ქვით და აგურით ნაგები დარბაზული ეკლესია (10 X 8 მ). ეკლესიის სამრეკლოს დასავლეთ კედელზე არსებული წარწერის თანახმად, ეკლესია და სამრეკლო ერთად 1830 წელს აუგია დავით სულხანოვს (სულხანიშვილს). ეკლესიაზე დასავლეთით მიდგმულია ორსართულიანი სამრეკლო. მისი პირველი სართული კარიბჭეა, მეორე - ზარების ჩამოსაკიდი ფანჩატური.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.