ალექსის ციპრასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსის ციპრასი
Αλέξης Τσίπρας
ალექსის ციპრასიΑλέξης Τσίπρας
ალექსის ციპრასი 2015 წელს
საბერძნეთის 189-ე პრემიერ მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა 21 სექტემბერი 2015
პრეზიდენტი   პროკოპის პავლოპულოსი
წინამორბედი ვასილიკი თანუ-ხრისტოფილუ
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 იანვარი, 2015 – 20 აგვისტო, 2015[1]
პრეზიდენტი კაროლოს პაპულიასი
პროკოპის პავლოპულოსი
წინამორბედი ანტონის სამარასი
მემკვიდრე ვასილიკი თანუ-ხრისტოფილუ

თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ივნისი, 2012 – 26 იანვარი, 2015
პრემიერ-მინისტრი ანტონის სამარასი
წინამორბედი ანტონის სამარასი
მემკვიდრე ანტონის სამარასი

სირიზას ლიდერი
წინამორბედი ალეკოს ალავანოსი


დაბადებული 28 ივლისი, 1974 (1974-07-28) (43 წლის)
ათენი, საბერძნეთი
მოქალაქეობა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
ეროვნება ბერძენი
პოლიტიკური პარტია სირიზა
მანამდე სკპ
მეუღლე პერისტერა ბაზიანა
შვილები 2
განათლება ათენის ტექნიკური უნივერსიტეტი
პროფესია ინჟინერ-მშენებელი
რელიგია ათეიზმი

ალექსის ციპრასი (ბერძნ. Αλέξης Τσίπρας, ფონეტიკურად: [ɐ.ˈle̞.ks̠is̠ ˈt͡si.prɐs̠]; დ. 28 ივლისი, 1974)[2]ბერძენი პოლიტიკოსი, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი 2015 წლის 26 იანვრიდან2015 წლის 20 აგვისტომდე, 2009 წლიდან მემარცხენე ფრთის, კოალიცია სირიზას ლიდერი. არჩეულ იქნა საბერძნეთის პარლამენტში 2009 წელს, იყო ევროპის კომისიის პრეზიდენტობის კანდიდატი ევროპარლამენტის 2014 წლის არჩევნებზე ევროპის მემარცხენე პარტიიდან. 2015 წლის 25 იანვარს მისი მეთაურობით სირიზამ საყოველთაო ვადამდელ არჩევნებზე მიიღო ამომრჩეველთა 36%-ის ხმა, რითაც გამარჯვება და 300 არსებულიდან, პარლამენტში 149 ადგილი მოიპოვა; გახდა საბერძნეთის 189-ე პრემიერ-მინისტრი. 2015 წელს ჟურნალმა TIME-მა ციპრასი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის დაასახელა. პრემიერ-მინისტრობის მეშვიდე თვეს, 2015 წლის 20 აგვისტოს ციპრასმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა.[3]

ადრეული ცხოვრება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსის ციპრასი დაიბადა 1974 წელის 28 ივლისს ათენში. მისი ოჯახის ფესვები მომდინარეობს სოფელ ბაბაესკიდან, აღმოსავლეთი თრაკია, რომელიც თურქეთისგან საბერძნეთს გადაეცა 1923 წლის ბერძნულ-თურქული მოსახლეობის გაცვლის დროს. მამა დაიბადა ეპირში. დედა ელეფტერუპოლისში დაიბადა.

1980 წელს ციპრასი საბერძნეთის ახალგაზრდა კომუნისტებს შეუერთდა. ადრეულ 1990-ებში, როდესაც ამპელოკიპოის მრავალპროფილურ სკოლაში სწავლობდა, აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთო სტუდენტთა აჯანყების დროს მაშინდელი განათლების მინისტრის, ვასილის კონტოგიანოპულოსის საკამათო კანონის წინააღმდეგ. ციპრასი საზოგადოების წინაშე ტელეეკრანებზე პირველად ანა პანაგიოტარეას გადაცემაში გამოჩნდა, სადაც მიწვეული იყო სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლის სახით. ინტერვიუს მსვლელობისას ჟურნალისტმა ციპრასი პროტესტის კონტექსტში სტუდენტების მშობლებისთვის შეუტყობინებლად სწავლის გაცდენის უფლებების დაცვისას ეშმაკობაში დაადანაშაულა.

ციპრასმა უმაღლესი განათლება ათენისტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო, სადაც იგი სამოქალაქო ინჟინერიას ეუფლებოდა. უნივერსიტეტი 2000 წელს დაამთავრა. შემდგომ სწავლა ასპირატურაში განაგრძო, საქალაქო და რეგიონალური დაგეგმარების მიმართულებით ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის სკოლაში. ასპირატურაში სწავლის პარალელურად მუშაობა დაიწყო ინჟინრად სამშენებლო ინდუსტრიაში. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის და პროექტის ავტორი ქალაქ ათენის შესახებ.

უნივერსიტეტის სტუდენტობისას ციპრასი შეუერთდა აღორძინებული მემარცხენე მოძრაობას, კონკრეტულად „ენცელადის“ (ბერძნ. Εγκέλαδος ჯგუფს, და როგორც მისი წევრი არჩეულ იქნა სამოქალაქო ინჟინერიის სკოლის სტუდენტთა კავშირის აღმასრულებელ საბჭოში, ასევე იყო სტუდენტების წარმომადგენელი უნივერსიტეტის სენატში. 1995–1997 წლებში იყო საბერძნეთის სტუდენტთა ეროვნული კავშირის ცენტრალური საბჭოს არჩეული წევრი.

პოლიტიკური კარიერა, 1999–2015[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინაპსიზმოსიდან საბერძნეთის კომუნისტური პარტიის გასვლის შემდგომ 1991 წელს, ციპრასი კოალიციის შემადგენლობაში დარჩა. 1999 წლის მაისში დაინიშნა სინაპსიზმოსის ახალგაზრდული ფრთის პირველ პოლიტიკურ მდივნად. ამ პერიდში მან თავის ცენტრისტად წარმოიჩინა, თუმცა შემდგომ სინაპსიზმოსის ლიდერის რანგში მან წმინდა წყლის მემარჯვენეს სახე მიიღო. 2003 წლის ნოემბერში იგი ტასოს კორონაკისმა ჩაანაცვლა, ხოლო თვითონ ციპრასი კი დედა-პარტია სინაპსიზმოსში გადავიდა. ახალგაზრდული სინაპსიზმოსის მდივნად ყოფნისას აქტიურად მონაწილეობდა ბერძნული სოციალური ფორუმის ჩამოყალიბებაში და მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო პროტესტში და მარშში ნეოლიბერალური გლობალიზაციის წინააღმდეგ. სინაპსიზმოსის მე-4 ყრილობაზე, 2004 წლის დეკემბერში ციპრასი არჩეულ იქნა პარტიის ცენტარლური პოლიტიკური კომიტეტის წევრად და შესაბამისად პოლიტიკურ სამდივნოსში, სადაც იგი პასუხისმგებელიი იყო განათლებისა და ახალგაზრულ საკითხებზე.

ციპრასი ბერძნული ძირითადი პოლიტიკური მოვლენების ყურადღების ცენტრში მოხვდა 2006 წლის ადგილობრივი არჩევნებისას, როდესაც კენჭს იყრიდა ათენის მერის თანამდებობაზე. ამ არჩევნებზე ციპრასმა, რომელიც სირიზას წარმოადგენდა ათენელ ამომრჩეველთა ხმების 10.51% მიიღო და მესამე ადგილი დაიკავა. ამასთან, ციპრასმა მოიპოვა ადგილი ათენის მუნიციპალურ საბჭოში, რადგან იყო სირიზას პარტიული სიის პირველი ნომერი. 2007 წლის საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია და არჩია ათენის მუნიციპალურ საბჭოში წევრობის ვადის ამოწურვამდე მუშაობა.

ციპრასი სიტყვით მიმართავს საზოგადოებას სინაპსიზმოსის მე-5 ყრილობაზე

სინაპსიზმოსის მე-5 ყრილობაზე, 10 თებერვალს, 2008, ციპრასი პარტიის ლიდერად აირჩიეს, მას შემდეგ რაც წინამორბედმა ალეკოს ალავანოსმა ლიდერობაზე უარი თქვა პირადი მიზეზების გამო. ციპრასი სინაპსიზმოსს სათავეში 33 წლის ასაკში ჩაუდგა, ამგვარად გახდა ბერძნული პოლიტიკური პარტიის ყველაზე ახალგაზრდა მეთაური 1031 წლის შემდეგ. 2009 წლის არჩევნებზე არჩეულ იქნა საბერძნეთის პარლამენტის წევრად ათენის ოლქიდან, შემდგომ კი ერთხმად არჩეულ იქნა სირიზას საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარედ. ციპრასის მეთაურობით სირიზამ 2012 წლის არჩევნებში 22% მიიღო და გახდა ოპოზიციის თავმჯდომარე და ალექსის ციპრასის ჩრდილოვანი კაბინეტის ხელმძღვანელი.

ციპრასი ბოლონიაში სიტყვით მიმართვისას „სხვა ევროპის“ ალიანსის ყრილობაზე

2013 წლის დეკემბერში ციპრასი ევროპის გაერთიანებული მემარცხენები/ჩრდილოეთის მემარცხენე-მწვანეების (ეგმ/ჩმმ) მიერ წარდგენილი იყო კანდიდატად ევროკავშირის ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე. არჩევნები ევროპარლამენტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ 2014 წლის მაისში გაიმართა.

ციპრასი წარდგენილი იყო როგორც სამხრეთის პერიფერიფერიული ქვეყნების ერთიანი კანდიდატი. 2014 წლის მაისის დასაწყისში, ბერლინში სიტყვით გამოსვლისას, მან ახსნა თავისი უმთავრესი შეხედულებები, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მერკელის ნეოლიბერალურ კურსს ევროპაში. ციპრასმა განაცხადა, რომ ძირეული ცვლილებები ევროპელების უკეთესი მომავლისთვის 10 წლის პერსპექტივაში ჩანს. ამ განცხადების ადრესატები იყვნენ ისინი, ვინც იზარალა 2008–2014 წლის ფინანსური კრიზისით, რომელმაც მოულოდნელდ ევროპაში უმუშევრობის დონე მაღლა აწია. სიტყვით გამოსვლა მიმდინარეობდა ინგლისურ ენაზე გერმანული აუდიტორიის წინაშე და მიზანმიმართული იყო მთელი ევროპის მასშტაბით მოსმენისთვის. ასევე, ეგმ/ჩმმ-მა მოიგო საბერძნეთში, მიიღო ევროპარლამენტიში საბერძნეთის 21 ადგილი და მთელ ევროპაში მე-5 ადგილი დაიკავა.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, 2015[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნები, იანვარი 2015 ალექსის ციპრასმა სირიზასთან ერთად გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ 2 ადგილი დააკლდა პარლამენტში მკაფიო უმრავლესობის მისაღებად. შემდეგ დილას ციპრასმა შეთანხმებას მიაღწია კოალიციის შესაქმნელად მემარჯვენე-ცენტრისტულ „თავისუფალი ბერძნების“ პარტიასთან.

იმავე დღეს, 1865 წლიდან მოყოლებული, ისტორიაში საბერძნეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრის სახით ციპრასმა ფიცი დადო პრეზიდენტ კაროლოს პაპულიასის წინაშე.

ვიკიციტატა
„ჩემი, ღირსების და სინდისის სახელით ვაცხადებ, რომ დავიცავ კონსტიტუაციასა და მის კანონებს“
(ფიცის ტექსტი)

ციპრასი ასევე იყო პირველი პრემიერ-მინისტრი რომლის ფიცის ტექსტი და ცერემონია შედგებოდა მხოლოდ სამოქალაქო ელემენტებისგან, რითაც იგი გაემიჯნა ფიცის დადების მრავალწლიან ბერძნულ მართლმადიდებლურ კულტურას. მიუხედავად განცხადებებისა ეკლესიასთან კარგი ურთიერთობების შესახებ, მან წამოჭრა რელიგიური პოლემიკა არქიეპისკოპოს იერონიმესთან. ციპრასმა განაცხადა რომ, როგორც ათეისტი, რომლის ქორწინებაც არ არის ჯვარდაწერილი და არც შვილები მონათლული, არ აპირებს რელიგიური ფიცის დადებას თანამდებობის დასაკავებლად.

ალექსის ციპრასი წითელი ვარდებით ამკობს კესარიანის ეროვნული წინააღმდეგობის მემორიალს

ფიცის დადების შემდეგ ციპრასი პირველ რიგში კესარიანის წინააღმდეგობის მემორიალთან მივიდა და წითელი ვარდებით შეამკო, ბერძნული წინააღმდეგობის 200 წევრის ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც დახვრეტილ იქნენ გერმანული ვერმახტის მიერ 1 მაისს, 1944 წელს.

ახალ მინისტრთა კაბინეტთან პირველი შეხვედრისას ციპრასმა ყურადღება გაამახვილა მისი მთავრობის პრიორიტეტებზე: ბრძოლა საბერძნეთის „ჰუმანიტარულ კრიზისთან“, მოლაპარაკება ევროკავშირთან და და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საბერძნეთის ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე და სირიზას წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება, როგორცაა წინა მთავრობის პრივატიზაციის პოლიტიკის გაუქმება.

3 თებერვალს, 2015, ციპრასმა თავისი პირველი სამუშაო ვიზიტით თავის იტალიელ კოლეგას მატეო რენცის ეწვია რომში. მათ ერთად გამართეს პრეს-კონფერენცია, რომელზეც შეშფოთება გამოხატეს იუნკერის კომისიის მიერ შემოღებული მკაცრი ეკონომიის ზომებთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ეკონომიკური ზრდაა. პრეს-კონფერენციის შემდეგ რენციმ ციპრასი იტალიური ჰალსტუხით დაასაჩუქრა. ციპრასსმა, რომელიც შემჩნეული იყო ჰალსტუხის უხმარობაში, მადლობა განუცხადა რენცის და აღნიშნა რომ ნაჩუქარ ჰალსტუხს აუცილებლად ჩაიცმევს, როცა საბერძნეთის წარმატებულად გადალახავს მკაცრი ეკონომიის ზომებს.

20 თებერვალს, 2015, ევროჯგუფმა საბერძნეთთან შეთანხმებას მიაღწია საბერძნეთის დახმარების ოთხი თვით გახანგრძლივების თაობაზე. ციპრასმა დაანონსა 8 აპრილის ვიზიტი მოსკოვში, სადაც რუსეთისგან მხარდაჭერის მიღებაზე უნდა ემსჯელათ.

31 მაისი, 2015, ციპრასმა ფრანგულ გაზეთ Le Monde-თან ინტერვიუში ევროპელი კრედიტორები გააკრიტიკა. მისი განცხადებით კრედიტორები აბსურდულ მოთხოვნებს აყენებენ მოლაპარაკებების წარმართვისას.

ვიკიციტატა
„ თუ საბერძნეთი დღემდე ვერ ახერხებს პარტნიორებთან შეთანხმების მიღწევას, ეს ჩვენი შეუთანხმებლობის ან მიუღებელი პოზიციების გამო არაა. ეს უფრო ზოგიერთი ევროპელი ლიდერის აკვიატებულობის გამოა, რომლებიც წინ წევენ არარაციონალურ გადაწყვეტებს და თავს იყრუებენ საბერძნეთის ბოლო არჩევნების შედეგის მიმართ.“
(ნაწყვეტი ალექსის ციპრასის ინტერვიუდან)

მისი თქმით ევროზონის წევრების მიმართ დაწესებული ხისტი სტანდარტები ევროკავშირის დაშლას გამოიწვევს.

22 ივლისს, 2015, ციპრასმა წარმოადგინა ბერძნული ახალი წინადადება, რომელიც ითვალისწინებს საპენსიო ასაკის 67 წლამდე აწევას და ვადამდე ადრე პენსიაზე გასვლის შეზღუდვას. წინადება ასევე ითვალისწინებს დამატებითი ღირებულების გადასახადის სისტემის რეფორმას და 23 პროცენტიანი საბაზო განაკვეთის დაწესებას.

29 ივნისს ბერძნული ბანკები დაიხურა. ციპრასის თქმით ეს ფინანსურ სექტორს კაპიტალის კონტროლში და ლიკვიდურობის შენარჩუნებაში დაეხმარება. ასევე შეჩერდა ბერძნული აქციებით და ობლიგაციებით ვაჭრობა.

გადარჩენის რეფერენდუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

27 ივნისს, 2015, ციპრასმა რეფერენდუმის ჩატარების შესახებ გამოაცხადა. რეფერენდუმის მიზანია ხალხმა გადაწყვიტოს, უნდა მიიღოს თუ არა საბერძნეთმა იუნკერის კომისიის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ერთობლივად წარმოდგენილი „გადარჩენის“ პირობები.

ციპრასმა მოსახლეობას ურჩია უპასუხონ „არა“. 3 ივლისს, სინტაგმას მოედანზე, პარლამენტის წინ შეკრებილი 25,000-მდე ადამინის წინ სიტყვით გამოსვლისას, ციპრასმა უარყო ზოგიერთი ლიდერის განცხადებები, რომლებიც „არა“ შედეგის შემთხვევაში, საბერძნეთს ევროკავშირს მიღმა დარჩენას უწინასწარმეტყველებდნენ. მისი თქმით, „ორშაბათს ჩვენ არამხოლოდ ვირჩევთ ევროპაში დარჩენას –არამედ ვირჩევთ მასში ღირსეულად ცხოვრებას“. რეფერენდუმზე მოსახლეობის 61.3 პროცენტმა პასუხი „არა“ მონიშნა.

ფიდელ კასტრომ ციპრასს „არას“ გამარჯვება წერილით მიულოცა. წერილში იგი აღნიშნავს, რომ ბერძენი ხალხის მამაცობამ ლათინური ამერიკის და კარიბის ხალხი აღაფრთოვანა.

გადარჩენის შეთანხმება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამდენიმე დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ 2015 წლის 13 ივლისს ციპრასმა ლიდერებთან შეთანხმებას მიაღწია. საბერძნეთი 2015 წლიდან 2018 წლის ივლისამდე ეტაპობრივად მიიღებს 82-დან 86 მილიარდ ევრომდე. სანაცვლოდ საბერძნეთს მოუწევს დღგ-ს განაკვეთის გაზრდა, საპენსიო სისტემის რეფორმირება, საბერძნეთის სტატისტიკური სამსახურის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, პირველადი პროფიციტის მისაღებად ავტომატურად სახელმწიფო ხარჯების შემცირება, სასამართლოს სისტემის რეფორმირება გადაწყვეტილებები მიღების ასაჩქარებლად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული რეფორმების გატარება, ციპრასის მიღებული კანონების გაუქმება, გარდა ერთისა „ჰუმანიტარული კრიზისის“ შესახებ, ბანკების რეკაპიტალიზება, 50 მილიარდის სახელმწიფო აქტივის პრივატიზება და სახელმწიფო სექტორის ღირებულების შემცირება. ამ პირობების დაკმაყოფილების სანაცვლოდ იუნკერის 35 მილიარდიან პაკეტს მიიღებს, რომლის მიზანია საბერძნეთის ეკონომიკის ზრდაში დახმარება.

14 აგვისტოს პარლამენტმა ახალ ანტიკრიზისულ შეთახმებას მხარი დაუჭირა, ამასთან სირიაზას წევრი 40 დეპუტატზე მეტმა ხმა წინააღმდეგ მისცა და ციპრასი პრო-ევროპული ოპოზიციის (ახალი დემოკრატია, მდინარე, პასოკი) მხარდაჭერის იმედად დარჩა. ციპრასმა პარალამეტარებისთვის მიმართვისას განაცხადა, რომ ისინი არიან არჩევანის წინ „გადარჩენა ან თვითმკვლელობა“. მან ასევე განაცხადა: „მე ჩემი სინდისი სუფთა მაქვს რადგან ეს იყო საუკეთესო, რომლის მიღწევაც ჩვენ შეგვეძლო ევროპაში ძალთა ამჟამინდელი თანაფარდობის და ჩვენს თავს მოხვეული ფინანსური და ეკონომიკური დახრჩობის პირობებში.“

გადადგომა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

20 აგვისტოს, 2015, ციპრასი საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა მშობლიური სირიზას დეპუტატების ამბოხების გამო და ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა. ეს განცხადება მან ტელევიზიის ეთერით გააკეთა.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიახლოებით 2015 წლის 20 სექტემბერს უნდა ჩატარდეს.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსის ციპრასის მეუღლეა პერისტერა „ბეტი“ ბაზიანა, ელქტროტექნიკის და კომპიუტერული ინჟინერი. ისინი ერთმანეთი 13 წლის ასაკში 1987 წელს აბელოკიპის სკოლაში გაიცნეს. ორივე იყო საბერძნეთის ახალგაზდა კომუნისტების წევრი. ცხოვრობენ მათ ორ ვაჟთან ერთად ათენში. უმცროსი ვაჟის სახელია ერნესტო — ჩე გევარას ხსოვნისადმი პატივსაცემად. ციპრასი ფეხბურთის დიდი ქომაგია, რადგან სტადიონთან ახლოს გაიზარდა, ქომაგობს „პანათინაიკოსს“ და ესწრება ყველა მათ საშინაო მატჩს შეძლებისდაგვარად. ციპრასი თავს ათეისტად თვლის, რაც მას 2015 წლის მდგომარეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ათეისტი მმართველების ოთხეულში აყენებს, საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის, ჩეხეთის პრეზიდენტის მილოშ ზემანის და ხორვატიის პრემიერ-მინისტრის ზორან მილანოვიჩის მხარდამხარ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]