ასურული ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასურული ენა (ܐܬܘܪܝܐ ;ܣܘܪܝܬ) — ახალსირიული ენა, საერთო სახელწოდება თანამედროვე აღმოსავლეთ არამეული დიალექტებისა, რომლებზედაც ლაპარაკობენ ასურელები (სირიელები). ასურულ ენაზე მოლაპარაკეთა რიცხვი 3 მილიონამდე აღწევს, აქედან 8 ათასამდე ცხოვრობს საქართველოში, სადაც მათი უმრავლესობა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოვიდა. მაგრამ ასურელები აქ გაცილებით ადრე, VI საუკუნიდან, ჩანან, როდესაც ასურელი საეკლესიო მოღვაწენი (ასურელი მამები) სირიიდან ჩამოვიდნენ. გარდა საქართველოსი ასურულ ენაზე ლაპარაკობენ ირანში, ერაყსა და თურქეთში, ასევე მცირე დიასპორების სახით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში.

დასახიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასურული ენა თავისი სტრუქტურით საკმაოდ დაშორდა სემიტურ ტიპს, რომელსაც წარმოშობით განეკუთვნება: დაიკარგა ზოგიერთი ფონემა, გაჩნდა ახალი; ასპექტის მიხედვით ზმნის უღვლილება შეიცვალა უღვლილებით დრო-კილოთა მიხედვით. ზმნაში პირიანი ფორმის გადმოსაცემად გამოყენებულია ნაზმნარი სახელი. დიდი გავრცელება ჰპოვა ანალიზურმა წარმოებამ. ლექსიკაში ფართოდ შეიჭრა თურქული, ირანული და არაბული წარმოშობის სიტყვები. ასურული ენა მდიდარია დიალექტებით, რომელთაგან საქართველოში გვხვდება სალამასის, ვანის, ჯილუს, ტიარისა და ურმიის დიალექტები. ურმიული დიალექტი საფუძვლად დაედო სალიტერატურო ენას, რომელიც გასული საუკუნის 40-იან წლებში ჩამოყალიბდა. მასზე შექმნილია მხატვრული, საეკლესიო და სასწავლო ლიტერატურა, გამოდიოდა ჟურნალ-გაზეთები.

ასურული ენა საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წელს თბილისში ჩამოყალიბდა ასურელთა კულტურის ცენტრი, რომლის ბაზაზე 1992 წელს შეიქმნა საქართველოში მცხოვრებ ასურელთა საერთაშორისო ეროვნული კონგრესი. 1997 წლიდან გამოდის (არაპერიოდულად) ამ კონგრესის გაზეთი „ავიუთა“ („თანხმობა“).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ენციკლოპედია ქართული ენა“. გვ.58