ტიგლათფილესერ III

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტიგლათფილესერ III

ტიგლათფილესერ III (ასურ. თუქულთიაფალეშარი) — ასურეთის მეფე ძვ. წ. 745-727 წლებში.

გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები: გაუქმა სამეფისნაცვლოები და შექმნა უფრო მცირე ადმინისტრაციული ერთეულები, რომელთაც სათავეში ჩაუყენა ოლქის უფროსები. შექმნა აგრეთვე მუდმივი არმია, რომელიც ივსებოდა რეკრუტირებული მოსახლეობისაგან. არმიას მთლიანად სახელმწიფო ინახავდა, რის გამოც ღარიბებსაც შეეძლოთ ჯარში ემსახურათ. რეფორმებმა განამტკიცეს ცენტრალური ხელისუფლება და ქვეყნის სამხედრო ძლიერება. ძვ. წ. 740 წელს დაიპყრო ტიგროსის ზემო დინების აუზში მდებარე ურარტუს ტერიტორიის ნაწილი, აგრეთვე ჩრდილოეთ სირიის მნიშვნელოვანი რაიონი, ძვ. წ. 735 წელს შეიჭრა ურარტუს ტერიტორიაზე და მიადგა მის დედაქალაქს ტუშფას, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. დაიმორჩილა ფინიკია და სირიის ნაწილი, ძვ. წ. 739 წელს აიღო ქ. დამასკიც. ბაბილონში მეფედ აირჩიეს ფულუს სახელით. ბაბილონს შეუნარჩუნა მმართველობა და მხოლოდ მოკავშირის უფლებებით გააერთიანა ასურეთთან. მის დროს გრძელდებოდა დაპყრობილი ტერიტორიებიდან მოსახლეობის ასურეთში გადმოსახლების პოლიტიკა.

ლიტერატურა[რედაქტირება]