სპარტაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სპარტაკი (მრავალმნიშვნელოვანი).
სპარტაკი

სპარტაკი, ლუვრი, 1830
დაბადების თარიღი დაახლ. ძვ. წ. 110
დაბადების ადგილი თრაკია
გარდაცვალების თარიღი ძვ. წ. 71
გარდაცვალების ადგილი სტრონგოლი, იტალია
ბრძოლები/ომები სპარტაკის აჯანყება

სპარტაკი (ლათ. Spartacus; ბერძ. Σπάρτακος, Spártakos; დ. დაახლ. ძვ. წ. 110[1] — გ. 71) — ყოფილი რომაელი მონა, ძვ. წ. 74–71 წლებში ძველ რომში ხელმძღვანელობდა მონათა დიდ აჯანყებას. მისი არმია შედგებოდა გაქცეული გლადიატორებისა და მონებისაგან. დაამარცხა რამდენიმე რომაული ლეგიონი, მათ შორის ორი კონსულის არმია. ეს აჯანყება ისტორიაში შევიდა, როგორც მესამე მნიშვნელოვანი გამოსვლა მონათა პირველი და მეორე აჯანყების შემდეგ. სპარტაკი წარმოშობით თრაკიელი იყო. ებრძოდა რომაელ დამპყრობლებს, ტყვედ ჩავარდა და გლადიატორად განაწესეს.

წარმოშობა და ტყვეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. 89 წელს მცირე აზიაში რომის წინააღმდეგ გამოდის პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორი, რომელმაც ვრცელი სამეფო შექმნა. მან გადაწყვიტა ბოლო მოეღო რომის ბატონობისათვის ახლო აღმოსავლეთში და თავიდან მოეშორებინა საშიში მეტოქე. დაიწყო პირველი მითრიდატული ომი (ძვ. წ. 89–85 წწ.). მითრიდატეს მიემხრო თრაკიის დიდი ნაწილი, ისინი იჭრებოდნენ რომის სამფლობელოებში და თავს ესხმოდნენ მათ მიწა-წყალზე განლაგებულ ლეგიონებს. ერთ-ერთი შეტაკების დროს ლეგიონერებმა ტყვედ ჩაიგდეს ათეულობით თრაკიელი, მათ შორის იყო სპარტაკიც[2]. იგი თანამებრძოლებისაგან გამოირჩეოდა შესანიშნავი გარეგნობით, ფიზიკური ძალით, მოხერხებულობით და განათლებით. პლუტარქე მის შესახებ წერს:

ვიკიციტატა
„...მომთაბარე თრაკიელი ...რომელსაც ჰქონდა არამარტო უდიდესი ძალა და გამბედაობა, არამედ ჭკუა და ჰუმანურობაც. ამით იგი საგრძნობლად განსხვავდებოდა სხვა ბარბაროსებისაგან და უფრო მეტად ელინს ჰგავდა[3].“

დატყვევებული სპარტაკი რომაელებმა სხვებთან ერთად მონად გაყიდეს, მაგრამ მალე იგი მონობიდან გაუთავისუფლებიათ, თრაკიაში დაბრუნებულა და რომაელებთან ბრძოლაში ჩაბმულა. თუმცა კვლავ ტყვედ ჩავარდა და გლადიატორად გაყიდეს[4].

მისი მფლობელი გახდა ქალაქ კაპუის გლადიატორთა სკოლის ხელმძღვანელი ლენტულუს ბატიატუსი. ეს სკოლა ყველაზე დიდი და ცნობილი იყო იმდროინდელ რომში. კაპუის სკოლაში აუარებელი გლადიატორი და მონა იყო თავმოყრილი. აქ იყვნენ თრაკიელები, სამნიტები, გალები, გერმანელები და სხვა ტომის წარმომადგენლები. ლენტულუს ბატიატუსმა უცებ შეაფასა თრაკიელი ახოვანი მამაკაცს საბრძოლო თვისებები და ყველაფერი გააკეთა, რომ იგი ხელიდან არ გაეშვა. სპარტაკი ნელ-ნელა იკრებდა თანამზრახველებს და ბრძოლისკენ მოუწოდებდა:

ვიკიციტატა
„სჯობს დავიხოცოთ თავისუფლებისათვის ბრძოლაში, ვიდრე გავწიროთ სიცოცხლე ცირკის არენაზე მაყურებელთა გასართობად.[5]

მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ძნელი იყო აჯანყების მოწყობა, მაგრამ სპარტაკი უკან არ იხევდა. იგი იწყებდა მზადებას იმ პროცესისათვის, რომელიც იტალიას წალეკვით ემუქრებოდა.

მონათა აჯანყება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჯანყების დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. 74 წელი რომისათვის საკმაოდ მშფოთვარე აღმოჩნდა. სიტუაცია გართულდა ესპანეთში, სადაც ადგილობრივმა ტომებმა დაიწყეს საერთო აჯანყება რომის ხელისუფლების წინააღმდეგ, რომლის წინააღმდეგაც იბრძოდა გნეუს პომპეუს მაგნუსი. ძვ. წ. 74 წლის კონსულები მარკუს ავრელიუს კოტა და ლუციუს ლიცინიუს ლუკულუსი მცირე აზიაში იმყოფებოდნენ და ჩართული იყვნენ მესამე მითრიდატულ ომში, მითრიდატე VI ევპატორის წინააღმდეგ ომში. საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალები იყო მობილიზებული თრაკიაში, სადაც მარკუს ლუკულუსი ცდილობდა თრაკიელი ტომების საბოლოოდ დამორჩილებას. ხმელთაშუა ზღვაში მეკობრეობის აღსაკვეთად ფლოტი გაიგზავნა მარკუს ანტონიუსის მეთაურობით. თვით იტალიაში შიმშილობა მძვინავრებდა, რაც განსაკუთრებით ამძიმებდა მონათა მდგომარეობას.

სწორედ ასეთ პირობებში ძვ. წ. 74 წელს ლენტულუს ბატიატუსის გლადიატორთა სკოლაში შეთქმულებისათვის მზადება დაიწყო. შეთქმულები შეიარაღდნენ სამზარეულოს დანებით, შამფურებით და ცულებით. თუმცა შეთქმულებს შორის გამცემი აღმოჩნდა, ბატიატუსმა მოასწრო ზომების მიღება და კაპუის გარნიზონიდან დამხმარე ძალები გამოითხოვა. სკოლის ეზოში უთანასწორო ბრძოლა გაჩაღდა. მხოლოდ 78-მა გლადიატორმა შეძლო კაპუიდან გასვლა. სპარტაკმა აჯანყებულებთან ერთად ნეაპოლის მახლობლად ვეზუვის მთას შეაფარა თავი. მისი უახლოესი თანამებრძოლები გახდნენ ენომაი და კრიქსი. კაპუიდან სპარტაკის გასვლამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კამპანიის მონებზე. მასთან თანდათან თავს იყრიდნენ გაქცეული მონები და გლადიატორები, რომელთა რიცხვმა დაახლოებით 20 ათასს მიაღწია[3].

რომის ხელისუფლება თავდაპირველად გულგრილად შეხვდა გლადიატორთა გაქცევას, რომს ისედაც ბევრი საგარეო თუ საშინაო პრობლემა ჰქონდა და 78 მონისათვის არავის ეცალა. მაგრამ როდესაც სპარტაკის რაზმებმა კამპანია შეაწუხეს მონათმფლობელებმა კატეგორიულად მოთხოვეს პროვინციის ხელმძღვანელობას თარეშის ალაგმვა. ძვ. წ. 73 წელს სპარტაკის დასჯა დაევალა კამპანიის პროპრეტორს კლოდიუს გლაბერს. თავის გამარჯვებაში დარწმუნებული გლაბერი 3 000 ლეგიონერით მიადგა სპარტაკის ბანაკს. ბანაკს მხოლოდ ერთი ვიწრო ბილკი აუყვებოდა დანარჩენი მხრიდან სრულიად მიუვალი იყო. გლაბერმა გადაკეტა ეს ბილიკი და აჯანყებულები ალყაში მოაქცია. აჯანყებულების მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო. თუმცა სპარტაკის გამჭრიახობამ იხსნა გლდიატორები. ბანაკის გარშემო არსებული ველური ვაზის ბარდებით საკმაოდ მაგარი კიბეები დაწნეს. ღამით უჩუმრად ჩაუშვეს კიბე ფლატეზე და სათითაოდ ჩავიდნენ ქვევით. გათენებისას მოულოდნელად დაესხნენ რომაელებს და თითქმის მთლიანად გაწყვიტეს. კლოდიუსმა მცირე რაზმით ძლივს უშველა თავს და კაპუისაკენ გაიქცა. კლოდიუსის დამარცხებამ რომის ხელისუფლება შეაშფოთა. აშკარა გახდა, რომ საჭირო იყო გადამჭრელი ზომების მიღება და თანაც რაც შეიძლება სწრაფად[6].

საომარი წარმატებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. 73 წლის შემოდგომაზე სპარტაკის წინააღმდეგ ახალი ექსპედიცია გაიგზავნა. ამჯერად მათი ხელმძღვანელობა დაევალა პუბლიუს ვარინიუსს. მას განკარგულებაში გადაეცა ორი ლეგიონი. ვარინიუსის გეგმის მიხედვით კაპუაში მდებარე სპარტაკის რაზმზე თავდასხმა სამი მხრიდან უნდა განეხორციელებინა. ჯარი სამ ნაწილად გაჰყო. პირველი ჯგუფი კვესტორ ფურიუსის ხელმძღვანელობით ლათინური გზით გაემართებოდა კაპუისაკენ, მეორე ჯგუფი თავად ვარინიუსის მეთაურობით აპიუსის გზას დაადგებოდა, ხოლო კვესტორ კასინიუსს უბრძანა კაპუისათვის სამხრეთიდან მოევლო და ზურგიდან დაერტყა გლადიატორებისათვის. როგორც ჩანს, სპარტაკმა მზვერავებისაგან გაიგო ვარინიუსის გეგმის შესახებ და სასწრაფოდ გაემართა ლათინური გზით ფურიუსის შესახვედრად, ხანმოკლე ბრძოლაში ფურიუსის რაზმი გაანადგურეს. ამის შემდეგ სპარტაკი კასინიუსის რაზმს ესხმის თავს. კასინიუსი გაიქცა, მაგრამ მდევარმა რაზმმა გზაში მოკლა. ახლა უკვე ვარინიუსის ჯერი დადგა, როგორც ისტორიკოს სალუსტიუსის ნაშრომიდან ირკვევა ვარინიუსი სასტიკად დამარცხდა[7].

ვარინიუსის დამარცხების შემდეგ სამხრეთი იტალია აჯანყებულების ხელში გადავიდა. ქალაქებმა ნოლამ, ებურუმმა, კონსენციამ, პიცენციამ, მეტაპონტიმ და სხვ. ფართოდ გაუღეს კარები მონათა აჯანყებას. სპარტაკის არმიას ახალი რაზმები უერთდებოდნენ. პლუტარქეს აზრით:

ვიკიციტატა
„სპარტაკი ახლა დიადი იყო და მრისხანე, ახლა უკვე არა მარტო მონათა აჯანყების უღირსი სირცხვილი აწუხებდა რომის სენატს, მას ეშინოდა სპარტაკისა და რაკი გრძნობდა მდგომარეობის სიმძიმეს, გაგზავნა მის წინააღმდეგ ორივე კონსული, თითქოს საქმე ეხებოდა ერთ-ერთ უმძიმეს და უდიდეს ომს[8].“

რომის სენატმა სპარტაკის წინააღმდეგ ბრძოლა დაავალა ძვ. წ. 72 წლის კონსულებს გნეუს კორნელიუს ლენტულუსსა და ლუციუს გელიუს პუბლიკოლას.

იტალიის დატოვების გადაწყვეტილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. 72 წელს სპარტაკი თავისი გეგმის განხორციელებას ლუკანიის ქალაქ მეტაპონტიდან შეუდგა. იგი ჩრდილოეთ იტალიისკენ დაიძრა. არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ მონათა მრისხანე ჯარი რომს აიღებდა. სპარტაკმა გადასერა აპულიის ქედი და ჩრდილოეთ საზღვრებს მიუახლოვდა. მან განიზრახა აჯანყებული მონები იტალიის საზღვრებს გარეთ გაეყვანა და ყველა მათგანი თავთავის სამშობლოში დაებრუნებინა. ამ მიზნით მან ჯარები ჩრდილოეთ იტალიისკენ დაძრა, რათა მიეღწია საზღვრამდე და ალპების გადალახვის შედეგად რომის ფარგლებს გასცლოდა. აჯანყებულთა უმეტესობა იზიარებდა სპარტაკის იდეებს, მაგრამ ერთი ნაწილი კრიქსის და ენომაის ხელმძღვანელობით, რომლებიც რომის აღებასა და დარბევას ესწრაფოდნენ, წინ აღუდგა სპარტაკს და აჯანყებულთა რიგებში საბედისწერო განხეთქილებამ იფეთქა. მიუხედავად სპარტაკის მცდელობისა, ყოფილი თანამებრძოლები დაახლოებით 30 000 აჯანყებულით ძირითად რაზმს გამოეყო და ადრიატიკის ზღვის სანაპიროებისაკენ გაემართა მიდამოების რბევით და ძარცვით. კონსულებმა ისარგებლეს აჯანყებულთა ძალების გათიშვით და პრეტორ კვინტუს არიუსის მეთაურობით კრიქსის რაზმს დაადევნა. გარგანის მთის მისადგომებთან კრიქსის არმია განადგურდა, ბრძოლაში დაიღუპა თვით კრიქსიც[9].

აპულიიდან აჯანყებულთა არმია სამნიუმში გავიდა და ჩრდილოეთ იტალიისაკენ განაგრძო სვლა. ახლა მეორე კონსულმა გნესუს ლენტულუსმა სცადა სპარტაკის შეჩერება და განადგურება. თუმცა სპარტაკმა გაანადგურა კონსულის ლეგატები, გაარღვია ალყა და გზა განაგრძო. იგი გამალებით მიიწევდა წინ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მალე ორივე კონსული წამოეწია. მათ ალყაში მოიქციეს სპარტაკი. მან აღარ დაუცადა ერთდროულ თავდასხმას. ჯერ ერთ კონსულზე მიიტანა იერიში და გაანადგურა იგი, შემდეგ მეორე კონსული გააქცია სასტიკად დაზარალებული. სპარტაკს რომისკენ გზა ხსნილი ჰქონდა. რომში ისეთივე პანიკა ატყდა, როგორც 139 წლის წინ, ძვ. წ. 211 წელს, მაშინ, როდესაც რომის კარიბჭესთან ჰანიბალი გამოჩნდა, მაგრამ სპარტაკმა კარგად აწონ-დაწონა შექმნილი მდგომარეობა და რომის აღებაზე უარი განაცხადა. იგი თავის პირვანდელი იდეის ერთგული დარჩა. მან გაიარა სამნიუმი, გადასჭრა საბნიუმი, გვერდზე მოიტოვა რომი და პიცენუმში გავიდა. ჩქარობდა ჩქარა მიეღწია ციზალპური გალიისათვის. აქედან სპარტაკი ალპებს გადალახავდა და თავის თანამოძმეებს სამშობლოში დააბრუნებდა[10].

ციზალპურ გალიას განაგებდა პროკონსული პუბლიუს კასიუსი, აქვე იმყოფებოდა ორი ლეგიონით პრეტორი გნეიუს მანლიუსი. ორივე გაერთიანებული არმიით დაიძრა სპარტაკის არმიისაკენ საბრძოლველად, მაგრამ მდინარე პადუსის მახლობლად მუტინასთან სპარტაკმა სასტიკად დაამარცხა პროკონსულისა და პრეტორის არმია. ციზალპური გალიაც აჯანყებულთა ხელში აღმოჩნდა. საკმარისი იყო სპარტაკს მდინარე პადუსი გადაელახა და იგი, ფაქტობრივად, იტალიის საზღვრებს მიღმა იქნებოდა[11].

მოულოდნელი შემობრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. 71 წლის მოვლენები
  სპარტაკის ძალები
  კრასუსის ლეგიონები

სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა მონათა მეთაურის შემდგომი გადაწყვეტილება, მიზანთან ახლოს მყოფი სპარტაკი უკან მობრუნდა და უარი თქვა იტალიის დატოვებაზე. კონსულებზე და კასიუსზე გამარჯვების გამო ისტორიკოსი ფლორიუსი ასე ხსნის სპარტაკის ამ გადაწყვეტილებას:

ვიკიციტატა
„ამ გამარჯვებით ფრთაშესხმულმა, მან შეადგინა გეგმა რომზე ლაშქრობისა. ეს კი უკვე საკმარისი იყო ჩვენი შერცხვენისათვის[12].“

რომის სენატმა სპარტაკთან დამარცხებული კონსულები ბრძოლის ველიდან გამოიწვია და სპარტაკთან საბრძოლველად ახალი კანდიდატურის ძიებას შეუდგა. ეს ადვილი საქმე არ იყო, არავინ თანხმდებოდა, თავის თავზე აეღო სპარტაკის წინააღმდეგ ბრძოლა, ყველას თვალწინ ედგა კლოდიუსისა და ვარონიუსის სამარცხვინო მარცხი. საბოლოოდ ეს საჩოთირო მოვალეობა თავის თავზე აიღო მარკუს ლიცინიუს კრასუსმა. სენატმა მას ექვსი ლეგიონი გადასცა. ძვ. წ. 72 წელს მან დატოვა რომი და გაემართა აჯანყებულების წინააღმდეგ, რათა მათთვის რომისაკენ მიმავალი გზა გადაეღობა. კრასუსი პიცენუმის საზღვართნ გაჩერდა და იქ დაუწყო ლოდინი სპარტაკს. ლეგატი მუმია კი გააგზავნა, რათა სპარტაკისათვის ზურგიდან მოევლო და გადამწყვეტ მომენტში დარტყმა მიეყენებინა. სპარტაკმა შეიტყო ზურგში მომავალი რაზმის ამბავი და პირველსავე შეტაკებაზე სასტიკად დაამარცხა. შემდეგ გზა განაგრძო და კრასუსის მთავარი ძალების წინაშე აღმოჩნდა. აჯანყებულთა შეტევას კრასუსის ლეგიონებმა ვერ გაუძლეს და უკუიქცნენ. სპარტაკი თითქმის უვნებლად გავიდა ცენტრალურ იტალიაში[13].

არც ამჯერად მისდგომია აჯანყებულთა ჯარი რომის კედლებს, მან გადაჭრა სამნიუმი, შემდეგ გაიარა აპულიაზე და ლუკანიაში ჩავიდა. მან ახალი გეგმა შეიმუშავა, რომელიც პირველის მსგავსად მონების იტალიიდან გასვლას ისახავდა მიზნად, მაგრამ ახლა უკვე სიცილიიდან. ამ მიზნით სპარტაკმა გადაჭრა ლუკანია და ბრუტიუმში შევიდა. ძვ. წ. 71 წლის ზაფხული მიიწურა კრასუსის უშედეგო და მარცხიან შეტაკებებში. სპარტაკი თავისი არმიით მესინის სრუტის ნაპირზე გავიდა და გაჩერდა რეგიუმის კონცხზე[14].

სიცილიაში გადასვლისათვის სპარტაკმა გადაწყვიტა გამოყენებინა სანაპიროებთან მოთარეშე მეკობრეების ხომალდები და გარკვეული საფასურის საფუძველზე დაითანხმა ისინი, სიცილიაში გადაეყვანათ მონათა ჯარი, მაგრამ უკანასკნელ წუთებში მეკობრეებმა უღალატეს მონებს, მათ წაიღეს საფასური და თვალს მიეფარნენ. სპარტაკმა ტივების დამზადება დაიწყო. მესინის სრუტეში ტივებით თავისუფლად შეიძლებოდა ამგვარი ტრანსპორტით გადასვლა, მაგრამ ამჯერად ბუნებამ უმუხთლა აჯანყებულებს: ზღვაზე ამოვარდნილმა ქარიშხალმა გაფანტა და დაამსხვრია ტივები და იტალიისაგან გაცლის უკანასკნელი საშუალებაც წაართვა აჯანყებულებს. საჭირო იყო სწრაფი მოქმედება. სპარტაკი კვლავ ჩრდილოეთისაკენ დაიძრა და აღმოაჩინეს, რომ აჯანყებულები ბრუტიუმის სამხრეთ ნაწილში იყვნენ ჩაკეტილები. კრასუსის ბრძანებით ბრუტიუმის ყველაზე ვიწრო ადგილზე გაითხარა ღრმა და განიერი თხრილი და ააგეს კედელი. აჯანყებულთა მეთაურმა გამოსავალი აქაც ნახა და გეზი ბრუნდიზიუმისკენ აიღო, რომელიც ბალკანეთის ნახევარკუნძულთან იტალიის ყველაზე დაახლოებულ პუნქტში მდებარეობდა. ბრუნდიზიუმში მისვლამდე კრასუსის ალყა უნდა გაერღვია. აჯანყებულები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ. სპარტაკმა პირველმა სცადა მოლაპარაკება კრასუსთან. მოლაპარაკებების პირობები უცნობია, მაგრამ ფაქტია მათ შორის მოლაპარაკება არ შემდგარა[15].

სპარტაკის მეომრებმა თხრილი ამოავსეს დაღუპულთა გვამებით, ხეებით, მიწით და დახოცილი ცხენებით, გაკეთეს ხიდისმაგვარი გადასასვლელი, უჩუმრად გადავიდნენ მასზე და მოულოდნელი იერიში მიიტანეს კრასუსის პოზიციებზე. სპარტაკმა ადვილად გაარღვია თავგზააბნეული რომაელების ალყა და სამშვიდობოს გავიდნენ. რომის სენატი მონებთან ომის გაჭიანურებით კრასუსის უკმაყოფილო იყო. სენატორებმა ესპანეთიდან გამოიხმეს გნეუს პომპეუსი და თრაკიიდან მარკუს ლუკულუსი.

უკანასკნელი ბრძოლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯვარზე გაკრული სპარტაკის მეომრები აპიუსის გზაზე

ალყიდან გამოსულ მონებს შორის განხეთქილებამ იფეთქა. მონათა ნაწილს რომისაკენ ლაშქრობა ეწადა. , მათ მეთაურობდნენ განიკუსი და კასტუსი. 12 ათასო მონა და გლადიატორი გაიყოლეს და უარი განაცხადეს სპარტაკს გაჰყოლოდნენ ბრუნდიზიუმისაკენ. კრასუსმა ხელსაყრელი მომენტი არ გაუშვა და თავს დაესხა განიკუსისა და კასტუსის რაზმს, მათი განადგურება გარდაუვალი იყო, მაგრამ მხესნელად სპარტაკი მოევლინათ. ერთობლივი ძალებით უკუაგდეს კრასუსის ლეგიონები. მიუხედავად ამ ფაქტისა განიკუს-კასტუსის რაზმმა კვლავ უარი განაცხადა გაჰყოლოდნენ სპარტაკს ბრუნდიზიუმში და ბრუტიუმის ჩრდილოეთ საზღვრის მახლობლად ლუკანიის ტბასთან დაიბანაკა. კრასუსი ამჟამად ფრთხილობდა, მან დაიცადა, სანამ სპარტაკი თავისი ძირითადი ძალებით საკმაოდ დაშორდებოდა ლუკიანიის ტბას, რომ დასახმარებლად მოსვლა ვეღარ მოესწრო და დაწყო მზადება განიკუსისა და კასტუსის რაზმის საბოლოოდ განადგურებისათვის. სასტიკი ბრძოლა გაიმართა ლუკანიის ტბასთან. განიკუსმა და კასტუსმა ენომაის და კრიქსის ხვედრი გაიზიარეს[16].

განიკუსისა და კასტუსის განადგურების ამბავი, რომ გაიგო სპარტაკი ამ დროს ბრუნდიზიუმისაკენ მიემართებოდა. გადაწყვიტა დროებით სადმე გაჩერებულიყო და ძალა მოეკრიბა. მან გადაუხვია ლუკანიის სამხრეთ საზღვართნ აღამრთულ პეტელიის მთებისაკენ და იქ დაიბანაკა. მონათა არმიას ფეხდაფეხ მიჰყვებოდა კრასუსის მოწინავე კოჰორტები ლეგატ კვინტუსისა და კვესტორ სკროფუსის მეთაურობით. მათ დაბანაკებულ მონათა არმიაზე იერიში მიიტანეს. რომაელები სპარტაკის არმიამ უკუაქცია.

„სპარტაკის სიკვდილი“, ჰერმან ვოგელი, (1882)
ვიკიციტატა
„ამ წარმატებამ დაღუპა სპარტაკი, რადგან გაქცეული მონები არაჩვეულებრივად გაამაყდნენ. მათ გაგონებაც არ უნდოდათ უკან დახევის შესახებ, არ ემორჩილებოდნენ მეთაურებს და იარაღით ხელში აიძულეს ისინი, წასულიყვნენ უკან, ლუკანიაზე გავლით, რომის მიმართულებით[17].“

— წერს პლუტარქე.

სპარტაკი იძულებული იყო დაჰყოლოდა აჯანყებულთა ნებას და შებრუნდა ლუკანიაში. ასეთ სიტუაციაში სპარტაკმა კვლავ შესთავაზა მოლაპარაკება კრასუსს, მაგრამ ისევ უარი მიიღო. ამასობაში აჯანყებულებმა გაიგეს პომპეუსის მოახლოების შესახებ და ცხადი გახდა, რომ რომზე ლაშქრობა შეუძლებელი იყო. მონათა არმიამ სპარტაკის ბრძანებისამებრ აპულიისაკენ გადაუხვიეს. კრასუსმა სასწრაფოდ გადაუღობა გზა. კრასუსი ბარიერის გადალახვა არ გასჭირვებიათ აჯანყებულებს. სწრაფი სვლით მიიწევდა სპარტაკი ბრუნდიზიუმისაკენ, ჩქარობდა მანამდე ჩასულიყო სანამ პომპეუსისა და კრასუსის ლეგიონები შეერთდებოდნენ. მაგრამ დააგვიანა. ამასობაში ბრუნდიზიუმში ლუკულუსმა გადასხა ჯარი და აჯანყებულთა ეს უკანასკნელი გასასვლელიც გადაკეტა. საბოლოო იმედი ამოიწურა. სპარტაკის ამბოხებულთა წინააღმდეგ რომის სამი არმია გამოვიდა. ამბოხებულთა ლიდერმა სასწრაფოდ შეაბრუნა თავისი რაზმი და კრასუსი შესახვედრად გაემართ. ძვ. წ. 71 წელს, აპულიაში ბრუნდიზიუმის მახლობლად გაიმართა ბრძოლა. ხელჩართულ ბრძოლაში სპარტაკი გმირულად დაიღუპა. გამძვინვარებულმა ლეგიონერებმა ისე აკაფეს იგი, რომ მისი გვამის მოძებნაც კი ვერ მოხერხდა. სპარტაკის ბევრი თანამებრძოლი ჯვარზე გააკრეს[18].

მონათა ამ უდიდესმა აჯანყებამ მძლავრად შეარყია მონათმფლობელური რომის იმპერია. სპარტაკი ბრწყინვალე ორგანიზატორი და ძველი დროის ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი იყო.

სპარტაკი ხელოვნებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნის სათაური ავტორი წელი ქვეყანა
„სპარტაკი“ რაფაელო ჯოვანოლი 1847 იტალია
„სპარტაკი“ ჰოვარდ ფასტი აშშ
„გლადიატორი“ არტურ კესტლერი დიდი ბრიტანეთი
„სპარტაკი“ ლუის გრასიკ გიბონი შოტლანდია
„სპარტაკის შვილები“ გალინა რუდნიჩკა პოლონეთი
„სპარტაკი“ ვასილი იანი 1933 სსრკ
„სპარტაკი“
„სპარტაკის ანგელოზი“
ანდრეი ვალენტინოვი უკრაინა

თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კინემატოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლომოური ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 508.
  • ალექსიშვილი მ., აი, რას ამბობს ისტორია, თბ., 1952;
  • ლომოური ნ., სპარტაკი, გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება, 9, თბ., 1963

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Валентин Лесков. Спартак. М., 1987
  2. Аппиан, Гражданские войны, 116
  3. 3.0 3.1 Плутарх. Сравнительные жизнеописания, 8
  4. ლომოური ნ., სპარტაკი, გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება, 9, თბ., 1963, გვ., 34-35
  5. ლომოური ნ., სპარტაკი, გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება, 9, თბ., 1963, გვ., 36
  6. Аппиан, Гражданские войны, 116-117
  7. Саллюстий, Восстание Спартака
  8. Плутарх. Сравнительные жизнеописания, 9
  9. Ковалев С. И. История Рима. Новое издание, исправленное и дополненное / Под ред. проф. Э. Д. Фролова. — СПб., 2002. — С. 478. ISBN 5-89173-171-1
  10. Аппиан, Гражданские войны, 117
  11. ლომოური ნ., სპარტაკი, გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება, 9, თბ., 1963, გვ., 61-62
  12. Луций Анней Флор, Книга II, Спартаковская война, 11
  13. ლომოური ნ., სპარტაკი, გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება, 9, თბ., 1963, გვ., 65-66
  14. Аппиан, Гражданские войны, 118
  15. ლომოური ნ., სპარტაკი, გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება, 9, თბ., 1963, გვ., 68-69
  16. ლომოური ნ., სპარტაკი, გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება, 9, თბ., 1963, გვ., 71-72
  17. Плутарх. Сравнительные жизнеописания 10-11
  18. ლომოური ნ., სპარტაკი, გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება, 9, თბ., 1963, გვ., 79-80