მითრიდატე VI ევპატორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მითრიდატე.
მითრიდატე VI-ს გამოსახულება
მითრიდატე VI-ს სამეფო

მითრიდატე VI ევპატორი, დიონისე, მითრიდატე დიდი (Mithridatēs Eūpatōr Dionysos; დ. ძვ. წ. 132 — გ. ძვ. წ. 63) — პონტოს მეფე ძვ. წ. 121-იდან (ფაქტობრივად, ძვ. წ. 111-იდან) — როდესაც მამამისი, მითრიდატე V ევერგეტი, შეთქმულებმა მოკლეს, მითრიდატე VI გაიქცა და 10 წლის მანძილზე იმალებოდა. ძვ. წ. 111 დაბრუნდა პონტოს დედაქალაქ სინოპში, სიკვდილით დასაჯა დედა ლაოდიკე და მისი მომხრეები, დაახოცვინა ძმები და შეუდგა მეფობას. მემკვიდრეობით მიიღო შედარებით მცირე სამეფო, მაგრამ მალე გააფართოვა მისი საზღვრები; ძვ.წ. 111—110 შემოიერთა მცირე არმენია, დაიპყრო კოლხეთი, ძვ. წ. 107ბოსფორის სამეფო და ყირიმის ბერძნული ქალაქები; ცდილობდა მთელი შავიზღვისპირეთის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას და აზიიდან რომაელთა განდევნის მიზნით კავშირი შეკრა შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროს ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოებთან; გარკვეული დროით კაპადოკია და ბითვინიაც შემოიერთა. დაახლოებით ძვ. წ. 95 ხელშეკრულება დადო ტიგრან II-თან. ძვ.წ. 89—85 ებრძოდა რომს (I მითრიდატული ომი), მცირე აზიიდან განდევნა რომაელები და საბერძნეთში გადავიდა, მაგრამ დამარცხდა და დაპყრობილი ტერიტორიები დათმო. ძვ.წ. 83—81 უმნიშვნელო შეტაკება ჰქონდა რომთან (II მითრიდატული ომი); ძვ. წ. 74 დაიწყო მისი III ომი რომთან. რომაელთა სარდალმა ლუკულუსმა მითრიდატე VI დაამარცხა და აიძულა სომხეთში გაქცეულიყო, სადაც მან ტიგრან II-თან ერთად განაგრძო რომაელებთან ომი. დროებით დაიბრუნა პონტოს სამეფო, მაგრამ ძვ. წ. 66 პომპეუსმა კვლავ დაამარცხა. მითრიდატე VI-მ თავი შეაფარა ჯერ კოლხეთს, შემდეგ — ბოსფორს, სადაც რომაელებთან ახალი ბრძოლებისათვის ემზადებოდა. ძვ. წ. 63 მას აუჯანყდა ვაჟიშვილი ფარნაკე. ბრძოლაში მითრიდატე VI დაიღუპა.

მითრიდატე VI იყო ენერგიული, ფიზიკურად ძლიერი განათლებული პიროვნება, (ფლობდა 22 ენას), ნიჭიერი მხედართმთავარი და პოლიტიკოსი, ამასთანავე ძალზე მკაცრი და შეუბრალებელი. მის დროს პონტოს სამეფო ვრცელ სახელმწიფოს წარმოადგენდა, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ სხვადასხვა ხალხები და ტომები, მათ შორის ქართველური ტომებიც.

ისტორიული წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეიმურაზ ბატონიშვილის მიერ

ვიკიციტატა
„ხოლო უწინარესს ამისა არა მრავლისა ჟამისა გამოჩენილ იყო მიტრიტად ეკპატორი, მეფე პონტოჲსა და დაიპყრა მან მცირე აზიაჲ და მოსწყვიტნა პონტოჲსა და აზიისა რომელთამე ადგილთა შინა მოსახლენი მხედრობათაგან რომალთასა ვიდრე ორმეოცი-ათასადმდე, შეიპყრა მხედართ მძღვანი მათი აკვილა და შთაასხა პირსა გამდნარი ოქრო და რქვა მას. ნუ აწცა არა განსძღე. ხოლო მიტრიდატმან დაიმორჩილნა ივერიისა რაოდენნიმე კერძონი და კოლხიდა სრულიად, დაუტევა კოლხიდას განმგედ ძეჲ თჳსი მახარე და კერძოთა ივერიისათა და ოდეს იძლია მიტრიდატ რომაელთა კონსულისა სილასგან, მაშინ განსდგეს მისგან სრულიად ივერილნი — ამერ-იმერნი, ხოლო მეფე მირვან მეორე სრულიად ივერიელთა იყო ზემოსა ივერიასა შინა სიმაგრეთა შინა მხედრობითა თჳსითა; მაშინ მოვიდა მიტრიდატ კოლხიდად მხედრობითა თჳსითა, შეიპყრა ძეჲ თჳსი მახარე, რომელიცა ბრალეულ ჰყო შფოთისა ამისთჳს და მოკლა იგი, და დასაჯნა ყოველნივე მეშფოთარნი და დაიმორჩილნა განდგომილნი, ვიდრე მოსლვამდე პომპეჲ დიდისა რომაელთა მხედართ-მძღვანისა.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]