გნეუს პომპეუს მაგნუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გნეუს პომპეუს მაგნუსი

გნეუს პომპეუს მაგნუსი (ლათ. Gnaeus Pompeius Magnus; დ. 29 სექტემბერი, ძვ. წ. 106 — გ. 28 სექტემბერი, ძვ. წ. 48) — რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე, მდიდარი და გავლენიანი პატრიუციუსი. პირველი ტრიუმვირატის წევრი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გნეუს პომპეუსი დაიბადა ძვ. წ. 106 წლის 29 სექტემბერს სენატორული გვარის ოჯახში. პომპეუსების ოჯახი ერთ-ერთი უმდიდრესი იყო მთელს სახელმწიფოში. გნეუს პომპეუსი 17 წლიდან მამამისთან — გნეუს პომპეუს სტრაბონთან ერთად მარიუსის წინააღმდეგ იბრძოდა სამოქალაქო ომში. 84 წ. ახალგაზრდა პომპეუსმა 3 ლეგიონი შეადგინა და აღმოსავლეთიდან დაბრუნებულ სულას შეეგება იტალიაში. შემდგომში სულამ იგი სიცილიაში და აფრიკაში გააგზავნა მარიუსის მომხრეთა ნაშთების გასანადგურებლად. რომში ტრიუმფალური დაბრუნების შემდეგ მას სულამ მაგნუსი (ლათ. დიადი) უწოდა. 76-71 წწ. პომპეუსმა გაანადგურა მარიუსის მომხრე კვინტუს სერტორიუსი ესპანეთში. პომპეუსმა კრასუსთან ერთად დაამარცხა მონათა აჯანყება გენიალური თრაკიელის — სპარტაკის ხელმძღვანელობით. 70 წ. პომპეუსი და კრასუსი კონსულებად იქნენ არჩეული.

ბრძოლა მეკობრეთა წინააღმდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხმელთაშუა ზღვის მეკობრეები რომს მძიმე მდგომარეობაში აყენებდნენ. მათ დასაყრდენ პუნქტებს წარმოადგენდნენ კილიკიისა და კუნძულ კრეტას ქალაქები. მეკობრეებთან თავშესაფარს პოულობდნენ გაქცეული მონები და თავისუფალი წრის ავანტურისტები. მეკობრეები თავიანთი სწრაფი და მსუბუქი ხომალდებით თავს ესხმოდნენ სანაპირო ქლაქებს და ძარცვავდნენ; ისინი ყაჩაღობდნენ გზებდზედაც და სხვათა შორის 2 პრეტორიც კი გაიტაცეს. სახალხო ტრიბუნმა ავლუს გაბინიუსმა წამოაყენა კანონპროექტი რომლის საფუძველზე პომპეუსს უნდა გადასცემოდა საგანგებო უფლებები მეკობრეებთან ბრძოლაში. ხალხი აღტაცებით შეხვდა კანონპროექტს; სენატში კი კანონპროექტმა ოპოზიცია გამოიწვია. სენატში პომპეუსისადმი განსაკუთრებული უფლებების გადაცემას აქტიურად დაუჭირა მხარი ახალგაზრდა გაიუს იულიუს კეისრმა, რომელიც იმთავითვე ხალხის ნდობის მოპოვებას ცდილობდა. საბოლოოდ კანონპროექტი ძალაში შევიდა და პომპეუსმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები. პომპეუსის განკარგულებაში იყო დიდი არმია და ფლოტი 500 ხომალდით. პომპეუსი სწრაფად გაუსწორდა მეკობრეებს: მან ზღვა 30 სექტორად დაჰყო და პატრული დააწესა. მეკობრეები ბოლოს იძულებული გახდნენ კილიკიაში გამაგრებულიყვნენ. პომეუსმა სახმელეთო ბრძოლაში დაამარცხა მეკობრეები და 20 000 კაცი ტყვედ აიყვანა. ტყვე მეკობრეების მიმართ პომპეუსმა დიდი ჰუმანურობა გამოიჩინა: ისინი იტალიაში გადაიყვანა, მიწის ნაკვეთები გამოუყო და დაასახლა. პლუტარქე გადმოქვცემს: „პომპეუსი ფიქრობდაო, რომ ადამიანი ბუნებით არაა ველური და მოუთვინიერებელი ცხოველი, რომ იგი საკუთარი ბუნების წინააღმდეგ იხრება მანკიერებისაკენ, და ჩვეულების, ბინის და ცხოვრების ნირის გამოცვლით კვლავ თვინიერი ხდებაო“ (Plut. Pompeius). მეკობრეების დამარცხებამ პომპეუსის სახელი უფრო განადიდა.

პომპეუსი აღმოსავლეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

66 წ. სახალხო ტრიბუნმა მანილიუსმა კომისიებში წინადადება შეიტანა, რომ მითრიდატესთან ომში უმაღლესი მთავარსარდლობა პომპეუსისთვის გადაეცათ. ციცერონის აქტიური ხელშეწყობით მანილიუსის კანონი (De Imperio Pompeii) ძალაში შევიდა და პომპეუსმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები აღმოსავლეთში. პომპეუსამდე მითრიდატეს წინააღმდეგ იბრძოდა ლუკულუსი, პომპეუსისადმი მტრულად განწყობილი სარდალი. ლუკულუსის მთავარსარდლობით აღმოსავლური კამპანიის ურთულესი ნაწილი უკვე დასრულებული იყო. ბრძოლა თავიდანვე რომაელთა უპირატესობით მიმდინაერობდა. პომპეუსმა მდ. ევფრატთან დაამარცხა პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორი დიდი, რომელიც კოლხეთში გაიქცა. სომხეთის მეფე ტიგრანი დანებდა რომაელებს. 65 წ. პომპეუსი კავკასიაში შეიჭრა. ალბანეთის მეფე ოროისემ სცადა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ დამარცხდა. რომაელებს წინააღმდეგობა გაუწია იბერიის მეფე არტაგმა. საბოლოოდ არტაგი და პომპეუსი დაზავდნენ; იბერია გამოცხადდა „რომაელი ხალხის მოკავშირედ და მეგობრად“. პომპეუსმა კოლხეთის დაპყრობა სცადა, მაგრამ რომაელებს ძალზედ უჭირდათ ბრძოლა მთიელ ქართველებთან. პარტიზანული ომი პომპეუსს დიდი რისკის წინაში აყენებდა. პომპეუსი დაკმაყოფილდა მხოლოდ იმით, რომ ქართველურმა ტომებმა სცნეს რომის პროტექტორატი, თუმც ყოველივე ეს იყო ფორმალური: რომაელებმა, ისევე როგორც პართიელებმა და ბერძნებმა, ვერ შესძლეს კავკასიის დამორჩილება. პომპეუსი სომხეთში დაბრუნდა და შემდეგ პონტოს სამეფოში გადავიდა. 64 წლისათვის მან დაასრულა პონტოს დაპყრობა: დაპყრობილი ტერიტორიები ამიერიდან გამოცხადდა პროვინცია ბითვინიად და პონტოდ. 64 წ. პომპეუსი დაიძრა სირიისკენ. სირია მანამდე სომხეთის სამეფოს გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ტიგრანის დამარცხების შემდეგ კი პომპეუსმა სირია გამოაცხადა რომის პროვინციად. მცირე აზიაში პომპეუსი ალექსანდე მაკედონელის მსგავსად მფარველობდა ბერძნულ ქალაქებს; ბევრ მათგანს მისცა პრივილეგიები. პომპეუსი სირიიდან იუდეაში შეიჭრა და აიღო იერუსალემი. იუდეა გახდა პროვინცია სირიის ერთ ერთი შემადგენელი ნაწილი. იერუსალემის ალყის დროს პომპეუსს მოუვიდა ცნობა მითრიდატე VIს სიკვდილის შესახებ. ამ ამბავმა დიდი სიხარული გამოიწვია რომაელებში. დაღუპულიყო რომის ყველაზე საშიში მტერი, რომლის დამარცხებას 3 ომი დასჭირდა. მითრიდატეს უღალატა საკუთარმა შვილმა ფარნაკემ, რომელმაც რომელებისგან მიიღო ბოსფორის მმართველობა და ამავე დროს გამოცხადდა „რომაელი ხალხის მეგობრად და მოკავშირედ“. აღმოსავლურ კამპანიას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რომის სახელმწიფოსთვის: პომპეუსმა რომს შემატა ახალი მდიდარი პროვინციები; მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო ხაზინა; დაარსდა ქალაქები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ელინისტური კულტურის გავრცელებას აღმოსავლეთში. 62 წ. პომპეუსმა, ჩათვალა რა, რომ მისი მისსია აღმოსავლეთში დასრულებულია, დაბრუნდა რომში.

პირველი ტრიუმვირატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომში დაბრუნებული პომპეუსი გარკვეული სირთულეების წინაშე აღმოჩნდა: სენატორული ოლიგარქია წინ ეღობებოდა ცალკეულ პირთა განდიდებას. ამიტომ პომპეუსმა ვერ მოიპოვა მხარდაჭერა წამყვან წრეებში. პომპეუსი უმთავრესად მოითხოვდა მისი ჯარისკაცებისთვის მიწების დარიგებას და აღმოსავლეთში მის მიერ გაცემულ ბრძანებათა დაკანონებას. სენატი მის მოთხოვნებს არ იღებდა. გარდა ამისა, პომპეუსი ცუდ დამოკიდებულებაში იყო ლიცინიუს კრასუსთან. ამ გარემოებებმა აიძულა პომპეუსი დაახლოვებოდა პოპულართა ბელადებს. კეისარმა კი შესძლო გამოეყენებინა შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია და პომპეუსი კრასუსს შეარიგა. მსოფლიოს სამი უძლიერესი ადამიანი შეკავშირდა. ეს შეთანხმება იყო არაოფიციალური და ისტორიაში შევიდა პირველი ტრიუმვირატის სახელით. პომპეუსმა ცოლად შეირთო კეისრის ქალიშვილი იულია. 59 ძვ. წ. კეისარი აირჩიეს კონსულად. 56 წ. გაზაფხულზე, ტრიუმვირები ხელმეორედ შეხვდნენ ერთმანეთს ქ. ლუკაში. მოლაპარაკებათა შედეგად, ტრიუმვირთა უფლებები გაიზარდა: კეისარი ხელმეორედ 5 წლით დაინიშნა გალიის მმართველად, პომპეუსი და კრასუსი — კონსულებად. კონსულობის შემდგომ პომპეუსმა 5 წლით მიიღო ესპანეთის მმართველობა. კრასუსმა კი სირიის მმართველობა. კეისრის არყოფნაში, რომში პოლიტიკური ვითარება დაიძაბა. ოპტიმატები განაგრძობდნენ ბრძოლას ტრიუმვირთა წინააღმდეგ. 53 წ. კონსულების არჩევნებზე ხელჩართული ბრძოლები იმართებოდა. კეისრის აგენტ-პროვოკატორის — სახალხო ტრიბუნ კლოდიუსის წინააღმდეგ გამოვიდა მილონი, ოპტიმატთა წარმომადგენელი. რომში მათ შორის ხშირად ხდებოდა სისხლიანი შეტაკებები. ციცერონმა გაძევების შემდეგ ურთიერთობა დაიძაბა კლოდიუსსა და პომპეუსს შორისაც. 52 წ. მორიგ შეტაკებაში დაიღუპა კლოდიუსი. მისმა სიკვდილმა დიდი მღელვარება გამოიწვია რომში, რადგან კლოდიუსს მხარს უჭერდა რომის პლებსი. სენატმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა რომში; წესრიგის დამყარება კი სახალხო ტრიბუნებს და პომპეუს დაავალა. პომპეუსი დიქტატურისკენ მიისწრაფოდა და მოქმედებას აჭიანურებდა მანამ, სანამ სენატორული ოლიგარქია არ წავიდა დათმობებზე. პომპეუსი დაინიშნა უკოლეგო კონსულად. გარდა ამისა მას მიენიჭა ძალზედ ფართო უფლებები. ყოველივე ამან განაპირობა პომპეუსის და ოპტიმატთა დაახლოება. პომპეუსსა და კეისარს შორის კი ურთიერობა გამწვავდა. ამას თან დაემატა კრასუსის სიკვდილი, რამაც ფაქტობრივად დაშალა ტრიუმვირატი, და კეისრის ქალიშვილის — იულიას სიკვდილი, რომელიც ცოლად ჰყავდა პომპეუსს.

პომპეუსის ბიუსტი. მიუნხენი

სამოქალაქო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

49 წ. იანვარში კეისარმა მდ. რუბიკონი გადალახა, რითაც დაიწყო სამოქალაქო ომი. პომპეუსი არ მოელოდა კეისრის ასეთ გაბედულ და სწრაფ მოქმედებას. პომპეუსის ძირითადი სამხედრო ძალები იტალიის გარეთ იყო კონცენტრირებული. იტალიაში წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი გახდა და პომპეუსი სენატორთა დიდ ნაწილთან ერთად საბერძნეთში გადავიდა. საბერძნეთში, დირაქიუმთან პომპეუსმა უკუაქცია კეისარი, მაგრამ უპირატესობა ვერ გამოიყენა და საშუალება მისცა მოწინააღმდეგეს ძალები მოეკრიბა. კატასტროფას გადარჩენილი კეისარი ახალ პოზიციაზე გამაგრდა. შემდეგი ბრძოლა ფარსალოსთან პომპეუსის კატასტროფული მარცხით დასრულდა. პომპეუსი გაიქცა ეგვიპტეში. ეგვიპტის სამეფო კარზე ერთხანს ყოყმანობდნენ, მიეღოთ თუ არა კეისრის მოწინააღმდეგე. ბოლოს გადაწყვიტეს სამსახური გაეწიათ კეისარისთვის და მოეკლათ მისი ყველაზე საშიში მტერი. ძვ.წ. 48, 28 სექტემბერს, პომპეუსი ხომალდიდან გადმოსვლისას ვერაგულად იქნა მოკლული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Abbott, Frank Frost (1901). A History and Description of Roman Political Institutions. Elibron Classics (ISBN 0-543-92749-0).
  • Boak, Arthur E.R. A History of Rome to 565 A.D. (MacMillan, New York, 1922)
  • Brice, Lee L., Warfare in the Roman Republic: From the Etruscan Wars to the Battle of Actium: From the Etruscan Wars to the Battle of Actium, ABC-CLIO, 2014. ISBN 9781610692991
  • De Souza, P., Piracy in the Graeco-Roman World, Cambridge University Press, 2002. ISBN 978-0-521-01240-9
  • Cassius Dio, Roman History, Volume 3 (Loeb Classical Library, 1914)
  • Adrian Goldsworthy. In the name of Rome: The Men Who Won the Roman Empire. London: Weidenfeld & Nicolson, 2004 (hardcopy, ISBN 0-297-84666-3); New York: Phoenix Press, (paperback, ISBN 0-7538-1789-6).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]