ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება (1812)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება – ამ ხელშეკრულებით დასრულდა რუსეთ-ოსმალეთის 1806-1812 წლების ომი. ხელი მოაწერეს 1812 წლის 28 მაისს (რუსეთის მხრიდან მიხეილ კუტუზოვმა, ოსმალეთის მხრივ აჰმედ-ფაშამ). საზავო მოლაპარაკება დაიწყო 1811 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ რაც რუსებმა გაანადგურეს და გარემოცვაში მოაქციეს თურქეთის მთავარი სამხედრო ძალები, თურქები ცდილობდნენ გაეჭიანურებიათ მოლაპარაკება, მაგრამ კუტუზოვმა შეძლო ნაპოლეონის შემოსევამდე ერთი თვით ადრე დაედო რუსეთისათვის მეტად ხელსაყრელი ზავი. ხელშეკრულებამ უზრუნველყო რუსეთის სამხრეთის საზღვრების უსაფრთხოება და ნაპოლეონთან საბრძოლველად გამოათავისუფლა დუნაის არმია.

ბუქარესტის საზავო ხელშეკრულება შეიცავდა 16 საჯარო და 2 საიდუმლო მუხლს. ხელშეკრულების თანახმად ბესარაბია გადაეცა რუსეთს, დუნაის სამთავროებში მკვეთრად შეიზღუდა ოსმალეთის უფლებები. მე-6 მუხლი ეხებოდა კავკასიასა და საქართველოს. რუსეთს ოსმალეთისათვის უნდა დაებრუნებინა იარაღით მოპოვებული ტერიტორია და ციხესიმაგრეები ანაპა, ფოთი და ახალქალაქი, სამაგიეროდ თვითონ რჩებოდა იმერეთი, სამეგრელო, გურია და აფხაზეთი. ამგვარად ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებამ იურიდიულად გააფორმა დასავლეთ საქართველოს შეერთება რუსეთთან. ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების მთავარი პუნქტები დაადასტურა აკერმანის კონვენციამ (1826).

ლიტერატურა [რედაქტირება]