რუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რუსეთ-ოსმალეთის ომი.
ალეგორია, ეკატერინეს თურქეთზე გამარჯვება (1772), სტეფანო ტორელი

რუსეთ-ოსმალეთის ომი 1768-1774 - რუსეთის ეკონომიკური განვითარება და გაბატონებული კლასების ინტერესები გადაუდებლად მოითხოვდა შავ ზღვაზე გასვლას. ოსმალეთი თავის მხრივ სამფლობელოების გავრცელებას შავიზღვისპირეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ფიქრობდა, ასტრახანის აღებასაც ლამობდა. გარდა ამისა, რუსეთი და ოსმალეთი პოლონეთის საკითხშიც ვერ თანხმდებოდნენ. ომის საბაბად ოსმალეთმა ის გამოიყენა, რომ რუსეთმა უარით უპასუხა პოლონეთიდან ჯარის გაყვანის მოთხოვნას, საფრანგეთისა და ავსტრიის დიპლომატიის წაქეზებით 1768 წლის 25 სექტემბერს ოსმალეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა, რუსეთის სტრატეგიული გეგმა 1769 წელს იტვალისწინებდა მთავარი ძალებით (1-ლი არმია გენერალ ა. გოლიცინისა - 80-90 ათ. კაცი) შეტევანს ხოტინზე. მე-2 არმია გენერალ პეტრე რუმიანცევისა (35 ათ. კაცი) უზრუნველყოფდა მთავარი ძალების შეტევას და ყირიმელი თათრებისაგან იცავდა სამხრეთ საზღვარს დონიდან დნეპრამდე. ამავე დროს რუსეთის ფლოტი ბალტიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში უნდა შესულიყო დარდანელის ბლოკირებისათვის და საბერძნეშთი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, როგორც ანტიოსმალური ძალის მხარდაჭერისათვის. ამავე დროს აპირებდნენ ცალკეული რაზმების გამოყენებას ჩრდილოეთ კავკასიაში ნოღაელი თათრების დასამორჩილებლად და ქართლ-კახეთისა და იმერეთის მეფეების ოსმალეთის წინააღმდეგ ომში ჩასაბმელად.

1769 წლის იანვარში ყირიმის ხანი 80-ათასიანი ჯარით შეიჭრა უკრაინაში. რუსეთის მეორე არმიამ უკუაქცია ყირიმელი თათრები და აზოვის ზღვის სანაპირო დაიკავა. აპრილსა და ივნისში რუსეთის პირველმა არმიამ ორჯერ მიიტანა იერიში ხოტინზე, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ ვერც ოსმალებმა შეძლეს ხოტინის მომარაგება და სექტემბერში დატოვეს იგი. 1-ლი არმიის სარდლად რუმიანცევი დანიშნეს, ხოლო მის მაგიერ მე-2 არმიის მეთაურობა პ. პანინს დაავალეს. რუმიანცევის არმიამ ქალაქი იასი დაიკავა. ბალტიის ზღვიდან კი რუსეთის ესკადრა ადმირალ გ. სპირიდოვის მეთაურობითხმელთაშუა ზღვისკენ დაიძრა. 1770 წლის 24-26 ივნისს ეგეოსის ზღვაზე ჩესმენის ყურეში, რუსეთის ესკადრამ გაანადგურა ოსმალთა ფლოტი. რუმიანცევის არმიამ მდინარე ლარგსა და მდინარე კაგულზე გამარჯვებები მოიპოვა. შემდეგ ბენდერის, იზმაილის, კილიასა და აკერმანის ციხესიმაგრეები აიღო.

1771 წელს მეორე არმიამ ვ. დოლგორუკის ხელმძღვანელობით პერეკოპი აიღო და ყირიმში შევიდა. რუმიანცევის არმიამ დუნაის მარჯვენა ნაპირზეც დაიწყო მოქმედება. რუსეთის ჯარის წარმატებამ აიძულა ოსმალები მშვიდობიანი მოლაპარაკება დაეწყოთ ჯერ ჟურჟაში, შემდეგ ფოქშანსა და ბუქარესტში, მაგრამ ყოველივე უშედეგოდ დამთავრდა. 1772 წლის 1 ნოემბერს რუსეთმა ყირიმის ხან საჰიბ-გირეისთან ხელშეკრულება დადო. ყირიმი ოსმალეთისაგან დამოუკიდებელ და რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფ სახანოდ გამოცხადდა.

1773 წლის მარტიდან რუმიანცევი დუნაის ფორსირებისათის მზადებას სეუდგა. ალექსანდრე სუვოროვის მეთაურობით სამხედრო რაზმმა ტურტუკაისაკენ რეიდი წარმატებით ჩაატარა. 1774 წლის 6 ივნისს მთავარმა ძალებმა დუნაი გადალახეს. სუვორვის 18-ათასიანმა კორპუსმა კოზლუჯასთან 40-ათასიანი ოსმალთა ლაშქარი გაანადგურა. ი. სალტიკოვის რაზმმა კი ტურტუკაისტან გაიმარჯვა. რუსეთის ჯარმა შუმლუს, რუშჩუკისა და სილისტრიის ციხესიმაგრეების ბლოკირება მოახერხა. ამ პირობებში ოსმალები ზავის დადებაზე დათანხმდნენ, 1774 წლის 10 ივლისს ქუჩუკ-კაინარჯში ხელი მოაწერეს საზავო ხელშეკრულებას. რუსეთმა მიიღო დნეპრისა და სამხრეთის ბუგს შორის მდებარე ტერიტორია და კინბურნის, ქერჩისა და ენიკალეს სიმაგრეები. რუსეთის ფლოტმა შავ ზღვაში თავისუფალი ნაოსნობის უფლება მოიპოვა. ხელშეკრულების 23-ე მუხლით რუსეთის მთავრობა დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის უფლებას ცნობდა იმ პირობით, რომ ოსმალეთი უარს ამბობდა იმერეთის ხარკზე.

რუსეთ-თურქეთის ომი და საქართველო[რედაქტირება]

ამ ომში რუსეთის მხარეზე აქტიურად გამოვიდნენ ქართ-კახეთის მეფე ერეკლე II და იმერეთის მეფე სოლომონ I. საქართველოში რუსეთის მთავრობამ საექსპედიციო რაზმი გამოგზავნა გენერალ გ. ტოტლებენის მეთაურობით, მაგრამ ტოტლებენის თვითნებურმა მოქმედებამ ქართველ მეფეთა უკმაყოფილება გამოიწვია. 1770 წლის 19 აპრილს მან მოულოდნელად მიატოვა ერეკლე II აწყურის ციხესთან და უკან გაბრუნდა. ერეკლე II-მ მოიგერია აწყურიდან გამოსული მტრის იერიში. 20 აპრილს ასპინძასთან ქართველებმა ოსმალეთის ლაშქართან ბრძოლაში დიდი გამარჯვება მოიპოვეს.

ლიტერატურა[რედაქტირება]