ოქროსოფლის მაცხოვრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოქროსოფლის მაცხოვრის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტი სოფელ ოქროსოფელში. მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 1 კილომეტრზე, ძველ სასაფლაოზე, ნასოფლარ ცუქითის (სუქითი) ტერიტორიაზე. სტილისტური ნიშნებით IX-X საუკუნეებით თარიღდება.

ეკლესია დარბაზულია (12,2 X 6,9 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის ცუდად დამუშავებული ქვიშაქვით, გამოყენებულია შირიმიც. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავული შესასვლელი სამხრეთითაა. ჩრდილოეთის კარით ეკლესია ჩრდილოეთის მინაშენს უკავშირდებოდა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ორივე მხარეს - თითო სწორკუთხა ნიში. ასეთივე თითო ნიშია გრძივი კედლების აღმოსავლეთ მონაკვეთში. სამხრეთ სარკმელი გადახურულია ბრტყელი ქვით. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო ორსაფეხურიანი პილასტრია, მის პირველ საფეხურს კედლის დეკორატიული თაღები ეყრდნობა, მეორეს - კამარის საბჯენი თაღი. იმპოსტების პროფილი შედგენილია თაროსა და დახრილი სიბრტყისაგან. დასავლეთ კედლის კუთხეებში, კამარის ქუსლის დონეზე, ბრტყელი კრონშტაინებია, რომლებსაც კედლის დეკორატიული თაღი ეყრდნობოდა.

მოხატულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიის კედლის მონაკვეთები მოგვიანებით შეულესავთ და მოუხატავთ. საკურთხევლის სარკმლის ერთ გვერდზე, სამხრეთით შემორჩენილია გვიანდელი ფეოდალური ხანის მოხატულობა - ცხენზე ამხედრებული წმ. მეომარი გველეშაპს კლავს. წმინდანი პირით სარკმლისკენაა მიბრუნებული. თანმხლები ასომთავრული წარწერა დაზიანებულია. კომპოზიცია მოჩარჩოებულია მოწითალო-ყავისფერი ხაზით. ფონი მონაცრისფრო-თეთრია. წმინდანის სხეული არაპროპორციულია. მხატვრობისათვის დამახასიათებელია ფერთა ძუნწად გამოყენება (თეთრი, მონაცრისფრო-თეთრი, შავი მოწითალო-ყავისფერი). შესრულების უკიდურესად გამარტივებული მანერით, ხაზოვანი დამუშავებით მხატვრობა ხალხური ხასიათის ნიმუშებს უკავშირდება. მოხატული ყოფილა კედლის მონაკვეთი სარკმლის მეორე გვერდზეც , ჩრდილოეთით. სავარაუდოა, რომ საკურთხეველში წარმოდგენილი იყო ფეოდალური ხანის ქართული ეკლესიის მოხატულობისათვის დამახასიათებელი ჰერალდიკური კომპოზიცია (პირით ერთმანეთისაკენ მიბრუნებული ორი ცხენოსანი წმ. მეომარი, რომელთაგან ერთი გველეშაპს კლავს, ხოლო მეორე - მეფეს).

ფასადები დასრულებული იყო თაროსებრი ლავგარდნით. ეკლესიის ჩრდილოეთით და დასავლეთით მიშენებული სათავსები მთლიანად დანგრეულია (არ ხერხდება გეგმის დადგენა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]