ატოცის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ატოცის წმინდა გიორგის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში. მდებარეობს სოფლის ცენტრში. გადმოცემით აგებულია 1903 წელს ძველი პატარა ეკლესიის ადგილზე.

ეკლესია მოზრდილი გუმბათოვანი ნაგებობაა (17,1 X 11,7 მ), ნაგებია უხეშად ნატეხი ქვითა და აგურით. კონსტრუქციულ ნაწილებში თლილი კვადრებია გამოყენებული. საფუძვლად სამნავიანი ბაზილიკის გეგმა უდევს. ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია თითო ოთხკუთხა მასიური ბურჯითა და მათზე გადაყვანილი ფართო ნახევარწრიული თაღებით. გვერდის ნავები ტოლია და არქიტექტურულად მსგავსი. შუა ნავი საგრძნობლად მაღალია გვერდის ნავებზე. გადახურულია ნახევარსფერული კამარით და მაღალი თორმეტსარკმლიანი გუმბათი აქვს. შუა ნავის დასავლეთ შესასვლელის თავზე სამრეკლოს მეორე სართულზე გასასვლელი კარია. აღმოსავლეთით ფართოსარკმლიანი ნახევარწრიული აფსიდია. საკურთხეველი ორი საფეხურით ამაღლებულია და შუაში არდაბაგი აქვს. საკურთხეველს გასასვლელებით უერთდება სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნე, რომლებიც გვერდის ნავების უწყვეტ გაგრძელებას წარმოადგენს და თითოეულს აღმოსავლეთით თითო ფართო სარკმელი აქვს. ინტერიერის მთელი აღმოსავლეთ ნაწილი საკურთხეველთან, სამკვეთლოსა და სადიაკვნესთან ერთად გამოყოფილია ხის მაღალი კანკელით, რომელშიც კარგად შემონახული მოგვიანო ხანის ხატებია ჩასმული. ჩრდილოეთით და სამხრეთით ექვს-ექვსი სარკმელია, ხოლო დასავლეთით - ორი. კედლები გარეთ და შიგნით მთლიანად შელესილი და შეთეთრებულია.

ნაგებობას გარედან ბაზილიკური იერი აქვს - შუა ნავი მკვეთრად არის ამოწეული გვერდის ნავებიდან. გუმბათი როგორც შიგნით, ისე გარეთ არ შეესაბამება საერთო მასებს. ფასადების ქვედა ნაწილებში ნალესი დახაზულია და თლილი კვადრების იმიტაციას ქმნის. ფასადებზე სარკმლები ნახევარწრიულ დეკორატიულ თაღებშია ჩასმული. ლავგარდანი შედგენილია აგურის სამი რიგისაგან.

ეკლესიაზე დასავლეთით მიშენებულია ნაგებობა, რომლის პირველი სართული ეკლესიის კარიბჭეა, ზედა სართული კი გახსნილთაღებიანი სამრეკლო.

ეკლესიას შემოვლებული აქვს უსწორო ნატეხი ქვით ნაგები გალავანი. მის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში თლილი ქვის ფართო თაღოვანი ალაყაფის კარია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]