საღოლაშენის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საღოლაშენის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია

საღოლაშენის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია — ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენის ცენტრში, საავტომობილო გზის პირას, ამაღლებულ ბექობზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით, გადაკეთებულია XIX საუკუნეში. გაირჩევა ორი ძირითადი სამშენებლო ფენა. ადრეულს მიეკუთვნება ეკლესიის გეგმა და კედლების ქვედა ნაწილები, რომლებიც ნაგები ყოფილა უხეშად ნატეხი, პირგათლილი მოზრდილი ლოდებით. შეკეთების დროს საშენ მასალად გამოყენებულია აგური, ნატეხი და რიყის ქვა. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს – სამხრეთით და დასავლეთით. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო სარკმელია. ეკლესიას სამხრეთით თავიდანვე ჰქონია მინაშენი. მის სამხრეთ ფასადის დასავლეთ მონაკვეთში გაჭრილი ფართო კარი ეკლესიის თავდაპირველი შესასვლელი იყო. კარის საპირეები ამოყვანილია თლილი ქვით (XIX საუკუნე). ორფერდა ფრონტზე ნახევარწრიული დეკორატიული თაღია. სამხრეთ-დასავლეთით, ეკლესიასა და მინაშენებს შორის შექმნილ კუთხეში, ჩაშენებულია მკლავი (XIX საუკუნე), რომელიც ეკლესიას ღიად უკავშირდებოდა. იგი გადახურულია ორფერდა მაღალი სახურავით. ეკლესია გადახურულია კრამიტით.

ეკლესიის დასავლეთ კარზე XIX საუკუნეში, მიშენებულია თლილი ქვით ნაგები მასიური სათავსი (4.1X3.1 მეტრი), რომლის სამხრეთის შესასვლელი ნახევარწრიული თაღითა და სხვა დეკორატიული ელემენტებით საზეიმოდ მორთულ პორტალს წარმოადგენს. სათავსზე დგას სამრეკლოს ფონჩატური, ოთხბოძიანი, ყოველმხრივ ღია თაღით. მას ნახევარსფერული გუმბათი და კონუსური სახურავი აქვს.

ეკლესიაში დაცული იყო ოქრომჭედლობის თვალსაჩინო ნიმუში საღოლაშენის ლორფინები (XI საუკუნის დასაწყისი). ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5. თბ. 1990