სამწევრისის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სამწევრისი (მრავალმნიშვნელოვანი).
სამწევრისი
სამწევრისის ტაძარი — საქართველო
სამწევრისის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°00′53″ ჩ. გ. 43°50′40″ ა. გ. / 42.01472° ჩ. გ. 43.84444° ა. გ. / 42.01472; 43.84444
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი ქარელის რაიონი
ადგილმდებარეობა სოფ. სამწევრისი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ჯვარ-გუმბათოვანი
თარიღდება VII ს. I ნახ.
დეტალები

ტაძრის გეგმა

სამწევრისის ტაძარი — სამწევრისის წმინდა გიორგის ტაძარი, მდებარეობს შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სამწევრისში, მდინარე ძამის მარცხენა ნაპირზე, მდინარეების, მტკვარისა და ძამის წყალგამყოფი სერის აღმოსავლეთ ბოლოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VII საუკუნის I მესამედით.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია წარმოადგენს „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის შენობათა რიგს (9,6X8,8 მ; სიმაღლე 10,6 მ), ნაშენია მონაცისფრო-მოწითალო ქვიშაქვის კარგად გათლილი მოზრდილი კვადრებით. გეგმის ჯვრისებრი მოხაზულობა მკაფიოდაა გამოვლენილი ინტერიერში და გარე მასებშიც. ნაგებობა დგას სამსაფეხურიან ცოკოლზე, რომლის ქვეშ განიერი ბაქანი კლდეს ემყარება. ნაგებობის აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი რამდენადმე წაგრძელებულია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ეკლესიის ინტერიერი წარმოადგენს ერთიან სივრცეს, ცენტრალურ გუმბათქვეშა კვადრატში ყოველი მკლავის წინ დამატებულია განიერი თაღი. კვადრატიდან გუმბათზე გადასვლა განხორციელებულია ტრომპების სისტემით: კვადრატის კუთხეებში მოთავსებულია ოთხი დიდი, მათ ზემოთ კი რვა მცირე ტრომპი. რვაწახნაგა გუმბათის ყელში ორი სარკმელია — აღმოსავლეთით და დასავლეთით. სარკმლების თაღის ქუსლის დონეზე მდებარეობს კუთხის ოთხი ტრომპის ქუსლი. ინტერიერში სარკმლების განთავსება მხატვრულად გააზრებულია: ერთი — აღმოსავლეთითაა, საკურთხეველში, მეორე — სამხრეთით, შესასვლელის თავზე, მესამე — დასავლეთით, კამარასთან. სარკმლების განლაგების დონე თანდათან მაღლდება აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ამით მიღწეულია შიდა სივრცის თანაბარი განათება. ჯვრის მკლავები გადახურულია ცილინდრული კამარებით. გუმბათის სფეროში რელიეფური ჯვარია.

ძეგლი დააზიანა 1940 წლის 8 მაისის ძლიერმა მიწისძვრამ: დაინგრა გუმბათი, კამარები, სამხრეთისა და აღმოსავლეთის მკლავის კედლები. სარესტავრაციო სამუშაოებმა, რომლებიც ეკლესიას 1950-1953 წლებში სამეცნიერო-სარესტავრაციო ჯგუფმა ჩაუტარა (ხელმძღვანელი ლ. ხიმშიაშვილი), ძეგლს დაუბრუნა თავისი პირვანდელი სახე.

წარწერები კედლებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლზე შემორჩენილია ორი წარწერა. პირველი (აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის სათაურის ქვემოთ) X საუკუნისაა და სოფელ სამწერვრისში არხის გვაყვანას გვაუწყებს; მეორე (სამხრეთ ფასადის ზემო მონაკვეთში) უშუალოდ ტაძარს ეხება:

ვიკიციტატა
„მეორედ მაშენებელსა ფანასკერტელს მერაბს შეუნდვნეს ღმერთმან. ზედამდეგს ცოდვილს საბას შეუნდვნეს ღმერთმან“

. XV–XVI საუკუნეების მიჯნაზე ამ ადგილის მფლობელებს — ფანასკერტელ-ციციშვილებს (კერძოდ, მერაბ ციციშვილს) ეკლესია შეუკეთებიათ და უკურთხებიათ წმინდა გიორგის სახელზე (თავდაპირველად წმ. ჯვარი ეწოდებოდა). წარწერაში მოხსენიებული ზედამდეგი საბა ეკლესიის განახლებას ხელმძღვანელობდა.

ფასადი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიის ფასადებისა და ინტერიერის მხატვრულ-ტექტონიკური გამომხატველობა მიღწეულია თლილი ქვის მოზრდილი კვადრების ოსტატურად ამოყვანილი კედლის სიბრტყეებით. მკაცრად არის დაცული წყობის რიგების ჰორიზონტალური სწორხაზოვნება. ფასადებზე შემკულობით ხაზგასმულია მხოლოდ შესასვლელი და სარკმლები. აღმოსავლეთის სარკმლის თაღის ზემოთ რქების ან გველის ორნამენტირებული გამოსახულებაა. სამხრეთისა და დასავლეთის სარკმელთა სათაურები შემკულია მცირე თაღების მოტივით (გვხვდება აგრეთვე მცხეთის ჯვრის დიდ ტაძარზე, წრომში და სხვ.). გუმბათის ყელში გაჭრილი ვიწრო სარკმლები მოურთველია, რადგან ისინი ქვემოდან ძნელად იკითხება. შესასვლელის ტიმპანზე ამოკვეთილია სადა ჯვარი.

ეკლესიის მკლავების ლავგარდანი თავდაპირველად მცირე თაღების რიგისაგან იყო შედგენილი. გუმბათქვეშა კვადრატის კუთხეებში სადა თაროსებრი ლავგარდანია (მეტი ნაწილი აღდგენილია XV-XVI საუკუნეებში). გუმბათის ლავგარდნის პროფილი შედგენილია თაღებისა და სიღრმეში საფეხურებად განთავსებული სამკუთხედებისაგან. ეკლესია გადახურული იყო კრამიტით. თავდაპირველ კრამიტთან ერთად გვხვდება XV-XVI საუკუნეებისა და XIX საუკუნის კრამიტიც.

კარიბჭე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიეფები
სამწევრისის წარწერა
საკურთხევლის სარკმელი

ეკლესიისათვის მოგვიანებით სამხრეთით მიუშენებიათ კარიბჭე, რომელიც 1925 წელს სოფლის მოსახლეობას მოუნგრევია. თუმცაღა შესძლებელია შემორჩენილი ფრაგმენტებით მისი არქიტექტურული სახის აღდგენა. კარიბჭის სამხრეთი კედელი სადაა. ჩრდილოეთის კედელი, რომელიც ეკლესიის სამხრეთ კედელს ეკვრის, დანაწევრებულია დეკორატიული თაღებით. შუა, ამაღლებული თაღი ეკლესიის შესასვლელის პირდაპირაა მოთავსებული (კარიბჭის აგებისას დაზიანებულა ტაძრის პორტალის ზედა ნაწილი, რაც აძნელებს პორტალის თავდაპირველი სახის აღდგენას). კარიბჭეს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარიბჭის ჩრდილოეთ კედლის პილასტრები ერთმანეთთან დაკავშირებულია დეკორატიული თაღებით. თაღებს ზემოთ კედელი გრძელდებოდა და წყობა თანდათან ცილინდრულ კამარას ქმნიდა. კარიბჭე, ეკლესიის მსგავსად, ნაგებია კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]