ელბაქიანთკარის მაცხოვრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ელბაქიანთკარის მაცხოვრის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ელბაქიანთკარში. მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე ძამის მარჯვენა ნაპირზე, მაღალი მთის ბუნებრივად მოვაკებულ პატარა ფერდობზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ეკლესია ორი კორპუსისაგან შედგება: ძველი ეკლესიისა და მასზე ჩრდილოეთ მხრიდან მიდგმული ოდნავ მოკლე სათავსის - სამკვეთლოსაგან. მოგვიანებით ეკლესიის ძირითადი კორპუსისათვის სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით დამატებითი სათავსებიც მიუშენებიათ. სამხრეთის მინაშენში ორი სათავსია: დასავლეთით სწორკუთხა, ხოლო აღმოსავლეთით აფსიდიანი (სამლოცველო), რომელიც კარით უკავშირდება ეკლესიას. სწორკუთხა სათავსი დასავლეთ მინაშენის ნართექსთანაა დაკავშირებული კარით. დასავლეთისა და ჩრდილოეთის მინაშენები ერთიან გარშემოსავლელს ქმნიან. ძველი ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის მუქი ფერის უხეში ნატეხი ქვის კვადრებით. კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია კარგად გათლილი შირიმის ქვები. გვიანდელი მინაშენის კედლები გარედან მოპირკეთებულია ქვიშაქვის გათლილი კვადრებით.

ძველი ეკლესია დარბაზულია (9,9 X 8 მ). შესასვლელი დასავლეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო თაღოვანი სარკმელია, რომელიც გარეთკენ მკვეთრად ვიწროვდება. თითო ასეთივე სარკმელია სამხრეთით და დასავლეთით. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს მაღალი თაღოვანი ნიშებია, რომლებიც ერთ ქვაშია გამოკვეთილი და ზემოთ ოდნავ ვიწროვდება. სატრიუმფო თაღი შირიმის მარტივ (თარო და დახრილი სიბრტყე) იმპოსტებს ეყრდნობა. აზიდული პროპორციების დარბაზის კამაროვანი გადახურვა ერთ შეკიდულ საბჯენ და დასავლეთ კედლის შეკიდულ თაღებს ეყრდნობა.

ეკლესია აფსიდის ჩრდილოეთ მხართან გაჭრილი კარით დაკავშირებულია სამკვეთლოსთან. სამკვეთლოში აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდია, რომელშიც ერთი თაღოვანი სარკმელი და ორი მაღალი ნახევარწრიული ნიშია. ერთი პატარა სწორკუთხა ნიში აფსიდის სამხრეთ მხართანაა. დასავლეთ კედელში ერთი თაღოვანი სარკმელია. სამკვეთლო გადახურულია სხმული კამარით. სამხრეთ მინაშენს სამლოცველოს აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს, რომელშიც თაღოვანი სარკმელი და ერთი პატარა ნიშია. მეორე სწორკუთხოვანი სარკმელი სამხრეთ კედელშია. აფსიდის ნახევარწრიული თაღის ქუსლებთან თაროსა და დახრილი სიბრტყისაგან შედგენილი იმპოსტებია. სამლოცველოს სხმული დამრეცი კამარა სამხრეთით უშუალოდ კედელს ეყრდნობა, ხოლო ჩრდილოეთით - კედლის ფართო თაღით შექმნილ გრძივ საყრდენს. გარშემოსავლელის დასავლეთ ნაწილში ეკლესიის სიგანეზე შექმნილი ნართექსის ნახევარწრიული კამარა სამ შეკიდულ საბჯენ თაღს ეყრდნობა. ნართექსის შუა ნაწილი განაპირებზე უფრო ფართო და მაღალია. ნართექსის დასავლეთის (გარეთა) ფართო შესასვლელი ეკლესიის დასავლეთ კარის პირდაპირაა. შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით, სავარაუდოა, რომ აქ ორსაფეხურიანი პორტალი იყო.

ეკლესიის მაღალი ორფერდასახურავიანი კორპუსი მკვეთრად გამოიყოფა ცალფერდა სახურავებით გადახურული დაბალი მინაშენებისაგან. ეკლესიის დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის თავზე, ლილვებით შედგენილ თაღოვან მოჩარჩოებაში გამოსახულია რელიეფური განედლებული ჯვარი, რომელიც დასრულებულია ფართორელიეფიანი თაღით, თაღს ბოლოებზე ჰორიზონტალური გადანაკეცები აქვს. შემორჩენილია ლავგარდნის რამდენიმე ქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]