ჭანდრების კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭანდრების კვირაცხოვლის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდრებში. მდებარეობს სოფლის დასავლეთით, მთის ფერდობზე. ეკლესია თითქმის მთლიანად იყო დანგრეული, შემორჩენილი იყო საკურთხევლის ნაწილი (სარკმლის ძირის დონეზე) და დასავლეთის კედელი (დაახლოებით 2-3 მეტრის სიმაღლეზე.) შენობის გრძივი კედლები მიწით და ნანგრევებითა იყო დაფარული. ამჟამად ეკლესი აღდგენილია და მოქმედია. [წყარო არ არის მითითებული 1126 დღე]

ეკლესია დარბაზულია (11,5 X 6,2 მ), ნაგებია ღია ფერის ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით, წყობა ირეგულარულია. წყობაში ჩართულია სხვადასხვა ფერის (უმთავრესად მწვანე) ქვები; კონსტრუქციულ ადგილებში გამოყენებულია შირიმიც.

შესასვლელი სამხრეთიდან ყოფილა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმლის კვალია. დარბაზის გრძივი კედლების შუა მონაკვეთში პილასტრები ჩანს.

ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთან აღმოჩნდა მიწაში ჩაფლული, ძლიერ დაზიანებული ქვიშაქვის მოზრდილი ორნამენტირებული ქვა (შეწყვილებული ლილვის ქვემო ნაწილი). სავარაუდოა, რომ იგი აქ ადრე (განვითარებული ფეოდალური ხანა) არსებული ეკლესიის ფრაგმენტია. ირგვლივ სხვა ორნამენტირებული ქვების ფრაგმენტებიცაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]