დირბის წმინდა თევდორეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დირბის წმინდა თევდორეს ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში. მდებარეობს სოფლის ცენტრში. აშენებულია XIX საუკუნის II ნახევარში.

ეკლესია დარბაზულია (13,4 X 7,65 მ), ნაგებია აგურით, აქა-იქ ჩართულია რიყის ქვა და ბაზალტის თლილი კვადრები. შესასვლელი დასავლეთით და სამხრეთითაა. სწორკუთხა საკურთხეველში ერთი თაღოვანი სარკმელია. სამ-სამი სარკმელი ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებშია. კამარა და მისი ორი საბჯენი თაღი ისრულია. ჩრდილოეთით შემორჩენილია თაღების საყრდენი ორი მასიური პილასტრი, რომლებსაც მარტივი პროფილის კაპიტელები აქვს. ინტერიერში კედლები შელესილი და შეთეთრებულია.

ეკლესია დგას რიყის ქვით ნაგებ სუბსტრუქციაზე (სიმ. 0,7 მ). ჩრდილოეთის ფასადზე სამი ჩაღრმავებული დეკორატიული კვადრატია გამოყვანილი, აღმოსავლეთის და დასავლეთის ფასადებზე კი - მაღალი ჯვრები, რომელთა ქვედა მკლავი სამკუთხა იმპოსტებზე დგას. ნაგებობას შემოვლებული აქვს სამი რიგისგან შედგენილი აგურის ლავგარდანი (შუა რიგი დაკბილულია). დასავლეთ ფასადზე მიშენებულია გაურკვეველი დანიშნულების სათავსი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]