რუისის ღვთისმშობლის დიდი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუისის ღვთისმშობლის დიდი ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში. მდებარეობს ადგილ ქვეითშუაუბანში. თარიღდება XIX საუკუნით.

ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (14,15 X 9,2 მ), ნაშენია აგურისა და რიყის ქვის რიგების მონაცვლეობით. შესასვლელი სამხრეთით (ამოშენებულია) და დასავლეთითაა. ეკლესიას საერთო ზომებთან შედარებით პატარა ნახევარწრიული აფსიდი აქეს. საკურთხეველი ამაღლებულია 0,8 მეტრით და ორივე კიდეში ოთხსაფეხურიანი კიბეები აქვს. აფსიდში ერთი ფართო სარკმელი და სამი თაღოვანი ნიშია, მის გვერდებზე კი ნახევარწრიული კამარით გადახურული ვიწრო სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნე. მათ ზევით სამალავი საკნებია, რომლებსაც წინა კედელი გამონგრეული აქვთ. ჯვრის ნახევარწრიული კამარებით გადახურული მკლავების გადაკვეთაზე, აფსიდის კედლებსა და დასავლეთის ორ თავისუფლად მდგომ ბურჯებზე აღმართულია თორმეტსარკმლიანი გუმბათი. ჯვრის ყველა მკლავში თითო სარკმელია. ჩრდილოეთის მკლავის კედელში, ფართო ნიშში სანათლავი ღრმულია ამოკვეთილი. დასავლეთის მკლავი სამივე მხარეს დიდი ნახევარწრიული თაღებით იხსნება. მკლავის კამარა ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა. მკლავებშორისი მონაკვეთების კამარები დასავლეთ მკლავის კამარის პერპენდიკულარულია.

ფასადები შემკულია დეკორატიული ნახევარწრიული თაღებითა და სწორკუთხედებით. შესასვლელების საპირეები თლილი ქვისაა. ეკლესია სომხურია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]