აბისის წმინდა მარინეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბისის წმინდა მარინეს ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისში. დგას სოფლის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით, სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება X-XI საუკუნეებით. შეკეთებულია XIX საუკუნეში და XX საუკუნის 70-იან წლებში. XIX საუკუნეში მოუხსნიათ საკურთხევლის თაღი და დასავლეთ კედლის საბჯენი თაღი, გადაუკეთებიათ სამხრეთ შესასვლელის თაღი, გაუფართოვებიათ აღმოსავლეთის სწორკუთხოვანი სარკმელი. XX საუკუნეში ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია შიფერით გადახურა და სამხრეთ შესასვლელს ლითონის კარი შეაბა.

ეკლესია დარბაზულია (3,05 X 5,13 მ), ნაგებია ქვიშაქვის უსწორო კვადრებით, წყობა ირეგულარულია. შესასვლელი სამხრეთით და ჩრდილოეთითაა (აფსიდის მხართან). ჩრდილოეთ შესასვლელი ამოქოლილია და გადაკეთებულია ნიშად. სამხრეთის კარი შიგნიდან თაღოვანია. გარედან ორივე შესასვლელი არქიტრავითაა გადახურული. ნახევარწრიულ აფსიდში ჩრდილოეთით სწორკუთხა ნიშია, ხოლო სამხრეთით გაჭრილია კარი, რომელიც კედლის სისქეში მოწყობილ სადიაკვნეში გადის. სადიაკვნეს აღმოსავლეთის ვიწრო სარკმელი ამოქოლილია. დარბაზის გრძივი კედლების მარტივ პილასტრებს ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა. კედლები გვიანდელი შელესილობის სქელი ფენითაა დაფარული.

ფასადები დასრულებულია ქვიშაქვის თაროსებრი ლავგარდნით, რომელსაც განივ ფასადებზე ჰორიზონტალური შემონაკეცები აქვს. ეკლესიას თავდაპირველად მწვანე, მოჭიქული კრამიტით გადახურული ორფერდა სახურავი ჰქონდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]