ხეობის მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხეობის მთავარანგელოზის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეობაში. მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით დაახლოებით 800-900 მეტრზე, მთის ძირში. სტილისტური ნიშნებით თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (5,2 X 4 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, წყობა ირეგულარულია, შენობის კუთხეები შედარებით მოზრდილი ქვებითაა ამოყვანილი. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, გადახურული ყოფილა ხის ძელებით (შემორჩენილია ბუდეები). ღრმა (თითქმის დარბაზის სიგრძის) ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ბრტყელი ქვით გადახურული ვიწრო სარკმელია, რომლის ღიობი ქვემოდან ზემოთ ვიწროვდება. დასავლეთით შიგნიდან შეისრული ვიწრო სარკმელია. საკურთხევლის კედელში ორი ნიშია: ჩრდილოეთით იატაკის დონეზე, სამხრეთით იატაკიდან 1 მეტრის სიმაღლეზე. ჩრდილოეთის ნიში, რომლის ქვემოთ, მიწის სიღრმეში 1,6 მეტრის სიმაღლის სამალავია, უფრო ღრმაა და მოხრილი. სამხრეთ კედელშიც მცირე სწორკუთხა ნიშია. საკურთხევლის სარკმლის ქვემოთ, კედელზე მიდგმულია სატრაპეზო ქვა. ეკლესიის ნახევარწრიული სხმული კამარა დარბაზის გრძივ კედლებს და სატრიუმფო თაღს ეყრდნობა. ორფერდა სახურავი გადახურული იყო ღარიანი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]