დიდი კატები

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდი კატები (პანთერები)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: კატისებრნი
ქვეოჯახი: დიდი კატები
ლათინური სახელი
Pantherinae

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში

ITIS 552364
NCBI 338153

დიდი კატები (ლათ. Pantherinae) — კატისებრთა ქვეოჯახი, მოიცავს ამ ოჯახის უმსხვილეს წარმომადგენლებს. თუმცა დიდ კატებთან კუთვნილების კრიტერიუმად ითვლება არა სიდიდე, არამედ მორფოლოგიური დეტალები, როგორიცაა ენისქვეშა ძვლის წყობა. შესაბამისად, დიდ კატებს არ ეკუთვნის ისეთი სახეობები, როგორიცაა პუმა და გეპარდი (ავაზა).

დიდი კატების ექვსი სახეობა არსებობს. ამათგან ლომი, იაგუარი, ვეფხვი, ლეოპარდი (ჯიქი) და თეთრი ლეოპარდი პანტერათა ჯგუფს მიეკუთვნებიან. დიდი კატების ოჯახს ხშირად ე. წ. ხალებიან ლეოპარდსაც მიაკუთვნებენ, თუმცა იგი არ ენათესავება ამ ოჯახის რომელიმე წარმომადგენელს. დიდი კატები ბინადრობენ აზიასა და აფრიკაში. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ იაგუარი, რომელიც გვხვდება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკასა და აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთში.

დედამიწაზე კატები 25 მილიონი წელიწადზე მეტხანს ბინადრობენ. ყველაზე უძველესი და ცნობილი კატის სახეობა იყო ე. წ. ხმალკბილა ვეფხვი, რომლის ეშვები 20 სანტიმეტრს აღწევდა. ამ მტაცებლის ძირითადი უპირატესობა, ბასრი კბილები, მას საშუალებას აძლევდა უდიდეს ცხოველებზე ენადირა.

დიდი კატები ერთმანეთისაგან სხვადასხვა თვისებებით გამოირჩევიან. მაგალითად, ლომების, ვეფხვებისა და ლეოპარდებისათვის დამახასიათებელია ღრიალი, ხოლო იაგუარებს, თეთრ ლეოპარდებს და გეპარდებს ეს თვისება არ ახასიათებთ. დიდი კატების უმრავლესობა საკვებს მწოლიარე მდგომარეობაში მიირთმევს, გამონაკლისს წარმოადგენს თეთრი ლეოპარდი, რომელიც სადილისას მხოლოდ თავს ხრის. ყველა დიდ კატას ჩამალული ბრჭყალები აქვს.

დიდი კატები მტაცებელი მხეცები არიან, ამიტომ ნადირობა მათი გადარჩენის ერთადერთი პირობაა. ისინი მსხვერპლს უმთავრესად უსაფრდებიან ან ეპარებიან, შემდეგ კი თავს ესხმიან. მას შემდეგ რაც კატა ნადავლს დაიჭერს, ყბაში იგდებს და ამტვრევს კისერს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ახრჩობს. დიდი კატების უმრავლესობა მარტო ნადირობს, გამონალისს ლომები წარმოადგენენ: ისინი ჯგუფებად ნადირობენ, ერთი ან ორი ლომი მისდევს არჩეულ მსხვერპლს და მოტყუებით მიყავს იმ ადგილამდე, სადაც ლომთა ჯგუფია ჩასაფრებული. ჯგუფური ნადირობა მეტად წარმატებული სტრატეგიაა.

სექციების სია

[რედაქტირება] უდიდესი კატა

ვეფხვი ემზადება ნახტომში ჩიტის დასაჭერად

ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია. ვეფხვის რამდენიმე ქვესახეობა არსებობს. ყველაზე დიდ ვეფხვად ითვლება ციმბირული ვეფხვი, რომლის წონა 300 კილოგრამამდე აღწევს. იგი ბინადრობს რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, უკიდურესად ცივ კლიმატურ პირობებში, ამიტომ მას კანქვეშ ცხიმის სპეციალური ფენა აქვს, რომელიც მას ზამთრის სუსხისგან იცავს. ამგვარ პირობებში საკვების მოპოვება ჭირს, ამიტომ ვეფხვს მის მოსაძიებლად დიდი მანძილის გავლა უწევს. ციმბირული ვეფხვის განსაკუთრებულად სქელი ბეწვის საფარი მოწითალო-მოყვითალო ფერისაა და ოდნავ უფრო ღია, ვიდრე სხვა ვეფხვებისა; ამასთანავე მასში ჭარბობს თეთრი ფერი, რაც მას თოვლში ჩაფლობაში ეხმარება.

თეთრი ვეფხვები სინგაპურის ზოოპარკიდან

ყველაზე გავრცელებული და ცნობილი ვეფხვის სახეობაა ინდური, ანუ ბენგალური ვეფხვი. ხვადი ვეფხვები ხშირ შემთხვევაში მარტო ბინადრობენ, ძუ ვეფხვებს კი ურჩევნიათ ხვადებთან, ან სხვა მდედრ ვეფხვებთან ერთად ცხოვრება. ისევე, როგორც სხვა დიდი კატები, ვეფხვებიც თავიანთი კუთვნილი ტერიტორიის საზღვრებს საკუთარი შარდით ნიშნავენ.

ვეფხვები ძლიერი მტაცებლები არიან და შეუძლიათ მათზე ზომით გაცილებით დიდი ნადირის დამარცხება. მსხვერპლის მოკვლის შემდეგ ვეფხვი გვამს მიყრუებულ ადგილზე მიათრევს, ძირითადად, წყალთან ახლოს და იქ იკვებება. თუ მსხვერპლი საკმაოდ დიდია, ვეფხვს ის რამდენიმე დღე ეყოფა. ვეფხვი ნანადირევის ნარჩენებს ფოთლებით ფარავს და იცავს მას. ნადირობა დამღლელი პროცესია, ამიტომ ვეფხვი დიდ დროს უთმობს დასვენებას. ვეფხვები ღამით ნადირობენ, ისინი იმალებიან მაღალ ბალახში და სიბნელეში უეცრად ესხმიან თავს მსხვერპლს. შებინდებისას და განთიადზე ვეფხვი თავს იწესრიგებს: შინაური კატის მსგავსად, ისინიც ენით ილოკავენ ბეწვს და ასუფთავებენ. თუმცა, შინაური კატისაგან განსხვავებით, ვეფხვებს ძალიან უყვართ წყალი და დიდ დროს უთმობენ მდინარეებსა და ტბებში ცურვას.

თეთრი ვეფხვი დიდი კატების ყველაზე იშვიათი წარმომადგენელია. მას ვხვდებით მხოლოდ ინდოეთში. იგი გამოირჩევა თეთრ ბეწვზე შავი ზოლებით და ცისფერი თვალებით. ბუნებაში არსებობენ აგრეთვე ალბინოსი ვეფხვები — მტაცებლები, რომელთაც არცერთი ფერის პიგმენტი არ გააჩნიათ — მათი ბეწვი წმინდა თეთრი ფერისაა, ხოლო თვალები ვარდისფერი.

  • შეჯვარება

ვეფხვები წყვილდებიან წელიწადის ნებისმიერ დროს. წყვილი ერთად 3-4 დღეს ატარებს.

  • ზრდა-განვითარება

ძუ ვეფხვი ერთიდან ექვსამდე ბოკვერს აჩენს, მაგრამ ჩვეულებრივ, ერთი ან ორი თუ გადარჩება. დედა თვად ზრდის ბოკვერებს და არ შორდება მათ, დაახლოებით 2 წელიწადს. თავისუფალ პირობებში ვეფხვი 15-20 წელს ცოცხლობს.

  • დაბადება

ვეფხვის ბოკვერები ბრმები და უსუსურები იბადებიან. ისინი მთლიანად დედაზე არიან დამოკიდებულები .

  • ადგილსამყოფლის შეცვლა

დედა ვეფხვს ზოგჯერ თავისი ლეკვები ახალ ბუნაგში გადაჰყავს. იგი კისერში ავლებს პირს ლეკვს და სათითაოდ მიჰყავს ისინი ახალ ადგილსამყოფელთან.

  • პირველი გაკვეთილები

თავიანთ თავზე ზრუნვას ბოკვერებს დედა ასწავლით. ვეფხვის ნაშიერნი სანადიროდ პირველად ექვსი თვისანი გადიან

[რედაქტირება] ფარული მონადირეები

[რედაქტირება] ლეოპარდი

ლეოპარდმა თავისი მსხერპლი გარეული ღორი ხეზე აიტანა სხვა მტაცებლებისგან დასაცავად

ლეოპარდი (ჯიქი) დიდი კატების ყველაზე ფართოდ გავრველებული სახეობაა. მას კარგად აქვს განვითარებული გარემო პირობებთან ადაპტაციის უნარი. ლეოპარდი ერთ-ერთი მოხდენილი ცხოველია დიდ კატებს შორის. მისი სხეული ძალიან მოქნილია. ლეოპარდს ლამაზად შეფერილი, ხალებიანი ბეწვი აქვს. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხალები მის ბეწვზე ისეთივე ინდივიდუალურია , როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდები. ასევე არსებობს შავი ლეოპარდი, რომელიც ცნობილია როგორც შავი პანთერა. მასაც ახასიათებს ხალებიანი საფარი, თუმცა ამ ხალების დანახვა ძალზე რთულია. შავი ლეოპარდი ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტყეებში, სადაც მუქი შეფერილობა მას საუკეთესო შენიღბვის შესაძლებლობას უქმნის. შავი ლეოპარდი მეტად აგრესიულია სხვა ლეოპარდებთან შედარებით.

შავი პანთერა იცავს თავის ტერიტორიას უცხო მამრისაგან

ლეოპარდი ყველაზე მალული დიდი კატაა, მისი კვალის მიგნება თითქმის შეუძლებელია. როგორც ძუ, ისე ხვადი ლეოპარდები ძალიან სასტიკნი არიან. საკვების მოპოვებისას ლეოპარდი მუდამ მეტოქეობს სხვა დიდ კატებთან. ლეოპარდი ჩინებული მცოცავია და იგი მსხვერპლს მაღალ ხეებზე მიათრევს სხვა მტაცებლებისაგან დასაცავად. ლეოპარდებს ყველაზე მრავალფეროვანი საკვები აქვთ. მათი მსხვერპლის რიცხვს მიეკუთვნება, როგორც ქურციკი, ტურა და სირაქლემა, ასევე — კუ. ლეოპარდს ხშირად ნახავთ ხის ტოტზე, ან ტყის მიყრუებულ ადგილას მძინარეს, რადგან დასვენებას ისინი დიდ დროს უთმობს.

[რედაქტირება] თეთრი ლეოპარდი

თეთრი ლეოპარდი სან-დიეგოს ზოოპარკიდან

ბუნებაში არსებობს ე.წ. თეთრი (თოვლის) ლეოპარდი (ირბისი), რომელიც ბინადრობს 3000-4000 მეტრის სიმაღლის კლდეებზე, განსაკუთრებულად ცივ კლიმატურ პირობებში. ზამთარში იგი ჩამოდის შედარებით დაბალ სიმაგლეზე. თეთრი ლეოპარდი ღამით ნადირობს. მას აგვს გრძელი წინა თათები, მოკლე უკანა თათები და ძლიერი გულმკერდი, რაც მას კლდიდან კლდეზე ხტომის დროს ეხმარება. თეთრ ლეოპარდს ასევე განკასუთრებულად გრძელი კუდი აქვს, რაც წონასწორობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ე.წ. ლაქებიანი ლეოპარდი თავისი აგებულებით ძალიან წააგავს სხვა დიდ კატებს, ყველაზე მეტად კი ლეოპარდს, თუმცა იგი არ ენათესავება არცერთ მათგანს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ლაქებიანი ლეოპარდი ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლია დიდ და მცირე კატებს შორის, ისევე, როგორც ოცელოტი.

[რედაქტირება] ლომი

ხვადი ლომები ფაფარით უფრო დიდები გამოიყურებიან, ვიდრე სინამდვილეში არიან

სხვა დიდი კატებისაგან განსხვავებით, ლომები ცხოვრობენ ოჯახებად, ე.წ. პრაიდებად, რომელიც ითვლის, დაახლოებით, 12 ძუ ლომს და 5-6 ხვად ლომს. ოჯახს მართავს ყველაზე დიდი და ძლიერი ლომი. ხვადი ლომი ბევრად დიდია ძუ ლომზე და, მისგან განსხვავებით, აქვს სქელი და ხშირი ფაფარი. იმის გარდა, რომ ფაფარი ლომს მეტად შთამბეჭდავ იერს აძლევს, იგი ასევე იცავს კისრის ნაწილს მტერთან შეტაკების დროს. მონადირის მოვალეობები ძუ ლომებს აკისრიათ, რადგან ისინი ხვად ლომებწე მეტად სწრაფები არიან. ლომები იკვებებიან, როგორც დიდი ცხოველებით, ასევე თაგვით ან გველით.

ძუ ლომები როგორც წესი აჩენენ 3-4 ბოკვერს, რომელთა აღზრდაზე მთელი ოჯახის ძუ ლომები ზრუნავენ. დაახლოებით, სამი თვის ლომის ბოკვერები ხორცის ჭამას იწყებენ, თუმცა მომდევნო სამითვის განმავლობაში განაგრძობენ ოჯახის წევრის რომელიმე ძუს რძით გამოკვებას.


[რედაქტირება] იაგუარი

იაგუარი რომელიც გადაღებულია ამაზონის მდინარესთან

დიდი კატის ყველაზე იშვიათი წარმომადგენელია იაგუარი, რომელიც სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში ბინადრობს. ბეწვის საფარით იგი ძალიან წააგავს ლეოპარდს. ნადირობისას მისი მთავარი უპირატესობა მოთმინებაა. იგი ნადირობს ეულად. იაგუარი იკვებება ტროპიკული ტყეების სხვადასხვა მობინადრეებით. იგი მიირთმევს როგორც ირმის ხორცს ასევე ბაყაყისას. იგი მრისხანედ იცავს თავის კუთვნილ ტერიტორიას სხვა იაგუარებისაგან. იაგუარის ნაკბენი განსაკუთრებით სასტიკია. მისი ზედა და ქვედა ყბის განსაკუთრებული აგებულება საშვალებას აძლევს იაგუარს ჩაკბიჩოს, დაანაკუწოს და დაღეჭოს მეხვერპლი ძვლებიანად. სხვა დიდი კატების მსგავსად იაგუარიც შებინდებისას ნადირობს. მსხვერპლის ძებნაში იგი ასობით მეტრს გადის.

[რედაქტირება] მომაკვდავი ჯიში

მოზარდი იაგუარისთვის ბუნებაში არცერთი ცხოველი საფრთხეს არ წარმოადგენს, გარდა გიგანტური ანაკონდისა . იაგუარს საფრთხეს მხოლოდ ადამიანი უქმნის. სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში, სადაც იაგუარი ბინადრობს, ადამიანებს სჩვევიათ დროდადრო მისი დახოცვა, თუმცა უმეტესი ნაწილი დიდი კატების ამ წარმომადგენელს პატივს სცემს და მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

მიუხედავად ამისა, იაგუარების რიცხვი მაინც იკლებს. ამ მტაცებლის ძვირფასი და ულამაზესი ბეწვი მონადირეების ყურადღებას იპყრობს. მართალია, დღეისათვის იაგუარებზე ნადირობა აკრძალულია, მაგრამ ბრაკონიერებობა მაინც ხშირია. ასევე სწრაფი ტემპით ნადგურდება იაგუარის თავშესაფარი ტყიანი ადგილები.

[რედაქტირება] განსხვავებული ხალები

[რედაქტირება] სურათები

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • სამეცნიერო-შემეცნებითი კოლექცია „შემეცნების სამყარო“ №1, გვ. 315.

[რედაქტირება] რესურსი ინტერნეტში


პირადი ხელსაწყოები