პუმა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პუმა
CMM MountainLion.jpg
ხვადი ლომი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: კატისებრნი
გვარი: Puma
სახეობა: პუმა
ლათინური სახელი
Puma concolor
დაცვის სტატუსი
გავრცელების არეალი
Wiki-Puma concolor.png

პუმა ანუ მთის ლომი კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ამ ძუძუმწოვარს ერთ-ერთი ყველაზე ფართო გავრცელების არელი აქვს, იუკონიდან სამხრეთ ანდებამდე. იგი მეოთხე ყველაზე მძიმე კატაა ვეფხვის, ლომის და იაგუარის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მცირე კატებს ენათესავება.

პუმა ნადირობს როგორც გარეულ, ისე შინაურ ცხოველებზე. მისი კვების რაციონში ზოგჯერ მწერებიც კი ხვდებიან. პუმა, დიდი კატების უმრავლესობის მსავსად, საზღვრავს მის ტერიტორიას და იცავს მას. მიუხედავად იმისა, რომ პუმა საკმაოდ დიდი მტაცებელია, იგი ყოველთვის დონიმანტად არ ითვლება: მას კონკურენცია უწევს სხვა ხორცისმჭამელებთან, მაგალითად მგლებთან, გრიზლისთან, და იაგუართან.

პუმა თავს არიდებს ადამიანებთან კონტაქტს. ადამიანებზე თავდასხმის ფაქტები იშვიათია, მაგრამ ბოლო ხანებში მათმა რიცხვმა იმატა.

ამერიკის კოლონიზაციამ და ქალაქების გაფართოებამ ხელი შეუწყო პუმების შევიწროებას. მათ დატოვეს ძველი საცხოვრებელი ადგილები, თუმცა კონტინენტის საკმაოდ დიდი ნაწილი კვლავ რჩება მათი გავრცელების ზონად. პუმა კარგად ცნობილი იყო ინდიელებისთვისაც. იგი ხშირად გვხვდება მათ კულტურაში.

ევოლუცია[რედაქტირება]

პუმა ყველაზე დიდია მცირე კატების ქვეჯგუფიდან. ვარაუდობენ, რომ ეს ქვეჯგუფი წარმოიშვა აზიაში 11 მილიონი წლის წინ. ამ სფროში ცოდნის უმეტესი ნაწილი ეყრდნობა ნამარხებზე და მიტოქონდრიულ დნმ-ზე ჩატარებულ გამოკვლევებს.

უახლესმა კვლევებმა გვიჩვენეს, რომ თანამედროვე ვეფხვისებრი კატების, ფოცხვერის, და პუმას წინაპრები ბერინგის ხიდის (რომელიც გამყინვარების პერიოდში ციმბირსა და ალასკას აერთებდა) საშუალებით ამერიკაში მოხვდნენ დაახლოებით 8 მილიონი წლის წინ. მეცნიერების აზრით თანამედროვე პუმა და იაგუარუნდი ენათესავებიან აზიურ და აფრიკულ ავაზებს, მაგრამ ეს საკითხი ბოლომდე გაურკვევლად რჩება. ერთი ვერსიის მიხედვით ავაზების ხაზი გამოეყო პუმებს ამერიკაში და თვითონ დაბრუნდა აზიასა და აფრიკაში. მეორე ვერსია კი ამტკიცებს, რომ ჯერ კიდევ ამერიკაში მიგრაციამდე ავაზები ცალკე გვარს წარმოადგენდნენ.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჩრდილოამერიკულ პუმებს ერთმანეთთან ძლიერი გენეტიკური მსგავსება ახასიათებთ. ეს იმითაა გამოწვეული, რომ ბოლო გამყინვარების ხანის განმავლობაში პუმების რიცხვი მკვეთრად შემცირდა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი ხელახლა აითვისა სამხრეთიდან გადმოსული პუმების მცირე ჯგუფმა. თანამედროვე ჩრდილოამერიკული პუმები მათი შთამომავლები არიან.

მიუხედავად სიდიდისა, პუმას მცირე კატებს მიაკუთვნებენ.

ქვესახეობები[რედაქტირება]

1990 წლისთვის პუმების 32 ქვესახეობა იყო აღნიშნული, მაგრამ კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ბევრი მათგანი მეტისმეტად მსგავსია იმისთვის, რომ ცალკე ქვესახეობად იყოს მიჩნეული. დღესდღეობით გამოყოფენ 6 ქვესახეობას, რომელთაგან 5 მხოლოდ ლათინურ ამერიკაში გვხვდება.

ბიოლოგია და ქცევა[რედაქტირება]

ფიზიკური მახასიათებლები[რედაქტირება]

პუმა საკმაოდ მასიური და მოქნილი კატაა. ზრდასრული ინდივიდების სიმაღლე მხრებამდე 60-70 სმ-ს აღწევს, ხოლო საშუალო სიგრძე ცხვირიდან კუდის ბოლომდე კი 2.4 მ, თუმცა შეიძლება 1.5-2.7 მეტრს შორის მერყეობდეს. მამრების საშუალო წონა 53-72 კილოგრამია, მდედრებში ეს მაჩვენებელი 34-38 კგ-მდე მცირდება. ყველაზე პატარა პუმები ეკვატორის სიახლოვეს გვხვდებიან, ყველაზე დიდები კი პოლუსებისკენ.

შინაურ კატასთან მსგავსების მიუხედავად, პუმა ზრდასრული ადამიანის ზომისაა.

პუმას თავი მრგვალია, ყურები - წვეტიანი. მისი ძლიერი კისერი და ყბები ხელს უწყობს დიდი ნადავლის დაჭერასა და შეკავებას. განვითარებული ბრჭყალები და წინა ფეხები მორგებულია პუმას ნადირობის პრინციპს.

პუმა თითქმის იაგუარის ზომისაა, მაგრამ ნაკლებ კუნთოვანი და ძლიერია. როდესაც ამ ორი სახეობის გავრცელების ზონები ერთმანეთს კვეთს, პუმები საშუალოზე პატარები იზრდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ლეოპარდისა და პუმას საშუალო წონა თითქმის ერთნაირია, ამ უკანასკნელს დიდ კატებს არ მიაკუთვნებენ, რადგან ვერ ღრიალებს. შინაური კატების მსგავსად, პუმები დაბალ, სისინის მაგვარ ხმას გამოსცემენ. ისინი ასევე ცნობილი არიან თავიანთი უცნაური ”ყვირილით”, თუმცა ამ ხმას ზოგჯერ სხვა ცხოველების ხმაში ურევენ.

პუმას უკანა თათი

პუმას ბეწვი ერთი ფერისაა, მაგრამ სხვადასხვა ინდივიდებში შეიძლება იცვლებოდეს მოვერცხლისფრო-ნაცრისფრიდან მოწითალომდე. ახალშობილებს ლურჯი თვალები და კუდის ბოლოს ზოლები აქვთ, ხოლო მათი ბეწვი დაწინწკლულია. მელანიზმის შემთხვევები პუმებში არასოდეს დაფიქსირებულა. ტერმინი ”შავი პანთერა” ხშირად გამოიყენება მელანისტურ კატებთან, ძირითადად იაგუარებსა და ლეოპარდებთან მიმართებაში.

პუმას საკმაოდ მოზრდილი თათები და პროპორციულად ყველაზე დიდი უკანა ფეხები აქვს კატების ოჯახში. ეს გრძელ დისტანციაზე ხტომის საშუალებას აძლევს. ყველაზე დიდ ნახტომად დაფიქსირებულია 5.4 მეტრი ვერტიკალურად, ხოლო ჰორიზონტალური ნახტომი შეიძლება 6-12 მეტრი იყოს. პუმა 55-72 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს, მაგრამ იგი ხტომისთვის უფროა ადაპტირებული, ვიდრე დიდ მანძილებზე დევნისთვის. და მიუხედავად იმისა, რომ პუმა წყალთან არ არის ასოცირებული, იგი კარგად ცურავს.

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პუმა&oldid=2658441“-დან