ბაყაყი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბაყაყი

ბაყაყი (ლათ. Rana), უკუდო ამფიბიების გვარი ბაყაყისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 200-ზე მეტ სახეობას. ამ გვარშია გაერთიანებული ყველაზე პატარა (30 მმ-მდე) და ყველაზე დიდი უკუდო ამფიბია (ბაყაყი-გოლიათი 325 მმ სიგრძისაა). საქართველოში გვხვდება ტბის ბაყაყი (Rana ridibunda) ზომით ყველაზე დიდია ჩვენი ფაუნის ამფიბიებს შორის. სხეული ზემოდან მუქი მწვანე აქვს და მუქი ხალები აყრია. ზურგის გასწვრივ ხშირად გასდევს ნათელი ზოლი. ბინადრობს ნაირგვარ წყალსატევში. მთაში გვხვდება ზღვის დონიდან 2500 მ-მდე. მთელ ცხოვრებას ატარებს წყალში ან წყლის მახლობლად. აქტიურია დღე-ღამის განმავლობაში. იკვებება უმთავრესად მწერებით, ზოგჯერ პატარ-პატარა ფრინველების ბარტყებით, ბიგებით და ამფიბიების ახალგაზრდა ფორმებით. ზამთრობს წყალსატევების ფსკერზე. დებს 9000-მდე ქვითირს. ტბის ბაყაყის თავკომბლების გროვები არსებით როლს თამაშობს ნივთიერებათა წრებრუნვაში;

მცირე აზიური ბაყაყი (Rana macrocnemis) ზემოდან ღია მურა, წენგოსფერი ან ყავისფერია და მუქი ლაქები აქვს. მუცელი უხალებოა, ვარდისფერი ან მონარინჯისფრო-წითელი. გავრცელებულია მზირე აზიაში, ამიერკავკასიაში და წინაკავკასიაში. ბინადრობს მთის ტყეებში, ტყე-სტეპებში და ალპურ მდელოებზე. ზღვის დონიდან 3000 მ-მდე. წყალს დიდ მანძილზე არ შორდება. იკვებება წვრილი უხერხემლოებით.

2007 წელს ჰიროსიმას მეცნიერებმა შექმნეს გამჭვირვალე ბაყაყი, პირველი ოთხფეხა გამჭვირვალე არსება.[1] როგორც მეცნიერები აცხადებენ, გამჭვირვალე კანიანმა ბაყაყებმა, შესაძლოა, ფართო გამოყენება პოვონ სამეცნიერო კვლევებში, რადგან კარგად ჩანს ამ ამფიბიის სისხლძარღვები, კუჭ–ნაწლავი და გული მისი გაკვეთის გარეშეც.[1][2]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Associated Press. (2007-01-10)Scientists breed see-through frogs. msnbc.msn.com. წაკითხვის თარიღი: 2011-03-12.
  2. Hiroshima scientists create transparent frogs. pinktentacle.com. წაკითხვის თარიღი: 2011-03-12.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ბაქრაძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ.379, თბ., 1997