წითური ფოცხვერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წითური ფოცხვერი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Lynx rufus (Schreber, 1777)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 12521
გავრცელება

წითური ფოცხვერი (ლათ. Lynx rufus) — ძუძუმწოვარი ცხოველი კატისებრთა ოჯახისა. შეფერილობით ყვითელ-რუხიდან მოწითალო-ყავისფრამდეა, ბევრად მუქი ფერისაა ზაფხულობით. აქვს მუქი ზოლები და ლაქები, მოკლე კუდი, რომელიც მუქი ბოლოთია. ზომით დაახლოებით მოზრდილი შინაური კატის ხელაა — ყველაზე პატარაა ფოცხვრებს შორს. მასა 9–12 კგ-ია, სიმაღლე მინდაოში 45–58 სმ, სიგრძეში ძირითადად 65–70 სმ-ია, თუმცა ცნობილია 47 სმ და 125 სმ სიგრძის ინდივიდებიც. გავრცელებულია ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატების კონტინენტურ ნაწილში, შუა დასავლეთის სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიისა და აღმოსავლეთი სანაპიროს ზოგიერთი ადგილის გამოკლებით, სადაც მასზე აქტიურად ნადირობდნენ XX საუკუნის პირველ ნახევარში. აგრეთვე გვხვდება მექსიკაში, უკიდურესი სამხრეთით აღწევს ოახაკისა და ქვემო კალიფორნიის შტატებს, ჩრდილოეთით ვრცელდება სამხრეთ კანადამდე.[1] იკვებება მღრღნელებით, კურდღლებით, ბოცვრებით და ზოგიერთი ფრინველით. მრავლდება გაზაფხულზე (ზოგჯერ წლის ბოლოს მეორეჯერაც). მაკეობა 50 დღემდე გრძელდება, შობს 1–6 კნუტს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბოცვრებისა და მღრღნელების რაოდენობის კონტროლში, ამას გარდა, გარკვეული ფასეულობა აქვს ბეწვის გამო.[2] იმის მიუხედავად, რომ აშშ-ში ყოველწლიურად ბეწვით კომერციული ვაჭრობისათვის ათასობით ფოცხვერს კლავენ, ცხოველის რიცხოვნობა არსებითად არ შემცირებულა. ითვლება, რომ აქ მისი რაოდენობა რამდენიმე ასეული ათასია.[1] ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიერ მიკუთვნებული აქვს ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ მყოფის (LC) კატეგორია.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Rafferty, John P.. Lynx. Encyclopedia Britannica (18 მარტი, 2021). ციტირების თარიღი: 5 მაისი, 2021
  2. Bobcat. Encyclopedia Britannica (18 მარტი, 2021). ციტირების თარიღი: 5 მაისი, 2021
  3. Kelly, M.; Morin, D. & Lopez-Gonzalez, C. A. (2016). Lynx rufus. IUCN Red List of Threatened Species. 2016: e.T12521A50655874.