კამილუსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარკუს ფურიუს კამილუსი (ლათ. Marcus Furius Camillus) (ძვ. წ. 446 - ძვ. წ. 365). რომაელი მხედართმთავარი და პატრიციუსი, ხუთგზის დიქტატორი, ოთხგზის ტრიუმფატორი, ცენზორი ძვ. წ. 403 წელს, რომის მეორე დამაარსებლად წოდებული.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

კამილუსის ოჯახის და ადრეული ცხოვრების შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება, მიუხედავად ამისა შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ რომ იგი არისტოკრატიული წარმოშვების იყო. პლუტარქეს ცნობებით ფურიუსების გვარი არ იყო სახელგანთქმული და კამილუსი პირველი იყო თავისი ოჯახიდან ვინც სამხედრო და სამოქალაქო ასპარეზზე ასეთ წარმატებებს მიაღწია.

ახალგაზრდობაში მან მოიხვეჭა სახელი ევკებთან და ვოლსკებთან ბრძოლაში დიქტატორ პოსტუმიუს ტუბერტის მეთაურობით (ძვ. წ. 431). ძვ. წ. 403 წელს იგი ცენზორად აირჩიეს. ცენზორობისას მან დაუქორწინებელ კაცებს ცოლად ქვრივები მოაყვანინა, რომელთა რიცხვიც ხშირი ომების გამოც ძალიან დიდი იყო.

ძვ. წ. 401 წელს იგი სამხედრო ტრიბუნად აირჩიეს. ამ დროს მიმდინარეობდა ეტრუსკული ქალაქის ვეის ალყა. ამის გარდა ომი მიმდინარეობდა კაპენებთან, ფალერიებთან და ვოლსკებთან ანკსურის დასაბრუნებლად.

მეორეს სამხედრო ტრიბუნად კამილუსი ძვ. წ. 398 წელს აირჩიეს. ვეის ალყა უკვე მეშვიდე წელი გრძელდებოდა და ომს ბოლო არ უჩანდა. ამ წელს კამილუსს კაპენებთან და ფალერიებთან მოუწია ბრძოლა და სასტიკად დაამარცხა ისინი.

ვეისთან ომი[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ვეის ომი.

ძვ. წ. 396 წელს კამილუსი დანიშნეს დიქტატორად, რათა ვეისთან ომში რაიმე წინსვლა ყოფილიყო. კამილუსმა მხედრების მეთაურად კორნელიუს სციპიონი დანიშნა. ფალისკების და კაპენების დამარცხების შემდეგ კამილუსმა ისევ ალყა შემოარტყა ვეის, და ბრძალა კედლის ქვეშ თხრილის გაკეთება. როდესაც მიწისქვეშა გვირაბი მზად იყო, კამიკლუსმა ჯარისკაცების ნაწილი გვირაბით გაუშვა, ხოლო ნაწილით ვითომ კედლის აღება სცადა, რათა ვეიელების ყურადღება გაეფანტა. რომაელებმა ამ აქციის შედეგად შეძლეს 10 წლიანი ალყის შემდეგ ქალაქის აღება. ვეიდან დიდძალი ნადავლი გაზიდეს და ქალაქის მფარველი ქალღმერთის იუნონას ქანდაკება რომში გადაასვენესმ სადაც ავეტინის ბორცვზე ტაძარი აუშენეს.

კამილუსი რომში არნახული ტრიუმფით დაბრუნდა. იგი ქალაქში შევიდა ოთხ თეთრ რაშიან ეტლზე, რაც უწინ მხოლოდ ღმერთებისთვის ან მეფეებისთვის იყო საკადრისი. რომაელებს ეს არ მოეწონათ. ამის შემდეგ ტრიბუნებმა შემოიტანეს წინადადება, რომლითაც სენატორები და ხალხი ორ ნაწილად უნდა გაყოფილიყვნე, ნაწილი რომში უნდა დარჩენილიყო, ხოლო მეორე ნაწილი ვეიში გადასახლებულიყო. ბევრი პატრიციუსი და მათ შორის კამილუსიც ამ კანონპროექტის სასტიკი წინააღმდეგები გამოვიდნენ, მათ მიაჩნდათ რომ ქალაქისთვის, სადაც ისედაც ბევრი უთანხმოებაა, გაყოფა მხოლოდ დასუსტების მომტანი იქნება. გაღატაკებული პლებსი კი ამ კანონის მომხრე იყო. კამილუსმა ამითაც გამოიწვია უბრალო ხალხის უკმაყოფილება.

ამას დაემატა ნადავლის გაყოფასთან დაკავშირებული გაუგებრობაც. ვეის აღების წინ კამილუსმა ფიცი დადო, რომ ქალაქის აღების შემთხვევაში ნადავლის მეათედს იგი ღმერთებს უბოძებდა, ხოლო აღების შემდეგ, როდესაც ნადავლი გაიყო, რატომღაც დაავიწყდა ამის შესახებ. ამიტომ მას მოუწია ხალხისთვის ეთხოვა რომ ყველას ნადავლის მეათედი შეეწირა. ამანაც ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ბევრს უკვე დახარჯული ჰქონდა თავისი წილი.

სენატმა და ქურუმებმა გადაწყვიტეს ოქროს დიდი ბარძიმის გაკეთება და დელფოსში აპოლონის ტაძარში გაგზავნა, მაგრამ ამისთვის საკმარისი ოქრო ვერ მოგროვდა, მაშინ ქალებმა გადაწყვიტეს ღვთაებისთვის თავისი ოქროს სამკაულების შეწირვა. სენატმა მადლობის ნიშნად გადაწვყიტა, რომ აწი ქალების დასაფლავებაზეც უნდა წარმოითქვას სიტყვა, როგორც ეს კაცების დასაფლავებაზე ხდება. ამის შემდეგ რომაელებმა შეძლეს ოქროს ბარძიმის შეწირვა აპოლონისთვის.

ფალერიებთან ომი[რედაქტირება]

ძვ. წ. 394 წელს კამილუსი ისევ აირჩიეს სამხედრო ტრიბუნად. იგი საჭირო იყო როგორც გამოცდილი მხედართმთავარიც და პლებეების გადასახლების კანონის მოწინააღმდეგეც. ამ წელს ფალისკებთან ომი დაიწყო. კამილუსი შეიჭრა ფალისკების მიწაზე და ალყა შემოარტყა ქალაქ ფალერიის. ფალერიელებს კარგად გამაგრებული ქალაქი ჰქონდათ და ალყას დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. მასწავლებლებს ბავშვები უწინდებურად გაყავდათ ქალაქის გალავნის გარეთ ფიზიკური ვარჯიშებისთვის.

ერთმა მასწავლებელმა ღალატი განიძრახა, მან სავარჯიშოთ გამოყვანილი ბავშვები რომაელების სამხედრო ბანაკში მიიყვანა და კამილუსს ჩაბარდა. კამილუსი განრისხდა ასეთი ვერაგობით, მან განაცხადა რომ ბავშვების მძევლად აყვანა რომაულ მამაცობას არ შეეფერება და რომ რომაელები ომებს მზაკვრობით კი არა სიმამაცით და იარაღის ზალით იგებენ. კამილუსნმა ბრძანა მასწავლებლის გაშიშვლება და შეკვრა, ხოლო ბავშვებისთვის წკეპლების დარიგება, რათა ასე დაბრუნებულიყვნენ ქალაქში.

როდესაც ფალერიელებმა შეიტყვეს ეს ამბავი, შეიკრიბა სენატი და გაგზავნეს რომში დესპანები მშვიდობის მოთხოვნით. მათ განაცხადეს რომ აღფრთოვანებულნი არიან რომაელთა მხედართმთავრის კეთილშობილებით და ნებდებიან.

განდევნა[რედაქტირება]

ასეთი შედეგით ყველა კმაყოფილი იყო რომაელი ჯარისკაცების გარდა, რომლებმაც ვერ მოახერხეს ქალაქის გაძარცხა და ნადავლის აღება. ამ დროს ისევ წამოიწია გადასახლების შესახებ კანონი, რომლის წინააღმდეგაც კამილუსი უწინდებურად გამოდიოდა. ამან მოქალაქეების კიდევ უფრო დიდი რისხვა გამოიწვია. ამ დროს გარდაიცვალა კამილუსის ერთერთი შვილი, უბედურებით დათრგუნული კამილუსი საზოგადოებრივ ცხოვრებას გამოეთიშა და როდესაც სასამართლოდან მოწვევა მიიღო არ წავიდა.

კამილუსს ადანაშაულებდნენ ეტრუსკებთან ომის შედეგად ნადავლის მითვისებაში. კამილუსი იმდენად შეურაცხყოფილი იყო ასეთი ბრალდებით რომ დატოვა რომი.

გალების შემოსევა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : გალებთან რომისთვის ომი.

ამ პერიოდში ალპებიდან მოხდა გალების გადმოსახლება, მათ დაიკავეს ეტრუსკების ქალაქები. თავდაპირველად ისინი არ გეგმავდნენ რომაელებთან ომს, მაგრამ ამ უკანასკნელების მიერ ეტრუსკებისთვის გაწეულმა დახმარებამ განარისხა გალთა ბელადები.

რომაელებსა და გალებს შორის პირველი ბრძოლა მოხდა მდინარე ალიასთან რომიდან 16 კილომეტრში ძვ. წ. 390 წლის 18 ივლისს, სადაც რომაელები სასტიკად დამარცხდნენ. რომისთვის საბედნიეროთ გალებმა მაშინვე ვერ გააცნობიერეს მიღწეული წარმატების მნიშვნელობა და არ დალაშქრეს რომი.

რომაელები კაპიტოლიუმში გამაგრდნენ. ზოგმა ქურუმებმა და სენატორებმა არ მოისურვეს კაპიტოლიუმისთვის თავის შეფარება. ისინი გამოეწყვნენ საუკეთესო სამოსში და ფორუმზე სპილოსძლის სავარძლებში დასხდნენ.

21 ივლისს გალების არმია რომს მოადგა. მათ ღია კარიბჭე და ცარიელი ქალაქი დახვდათ. გალები განცვიფრდნენ, როდესაც ფორუმზე მდიდრულად გამოწყობილი მდუმარე ხალხი იხილეს. როდესაც კი დარწმუნდნენ გალები რომ მათ წინაშე ხალხია და არა ღმერთები, მათ მოკლეს ისინი, შემდეგ გაძარცვეს ქალაქი და დაანგრიეს, კაპიტოლიუმს კი ალყა შემოარტყეს.

კამილუსი ამ დროს ქალაქ არდეუმში ცხოვრობდა როგორც კერძო პირი. როდესაც მან შეიტყო რომის დაცემის ამბავი, მან მიმართა ხელისუფლებას თხოვნით შეეიარაღებინა ხალხი და ღამე დასხმოდა თავს გალთა ბანაკს. ხელისუფლება დათანხმდა. კამილუსმა საიდუმლოდ მოამზადა ხალზი და ღამე, როდესაც ნაქეიფარ გალებს ჩაეძინათ შეიჭრა მათ ბანაკში და ამოჟლიტა.

ამ წარმატების შესახებ ცნობები მალე გავრცელდა იტალიაში. ალიის ბრძოლის შედეგად მიმოფანტულმა რომაელმა ჯარისკაცებმა გადაწყვიტეს არდეუმში ჩასვლა და კამილუსის რაზმთან შეერთება. კამილუსმა განაცხადა, რომ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ კი კაპიტოლიუმში თავშეყრილი მოქალაქეები მისცემენ ამის უფლებას. რომაელმა დევნილებმა გაგზავნეს ადამიანი რათა შეუმჩნევლად შეპარულიყო ალყაშემორტყმულ კაპიტოლიუმში. რომაელებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ კამილუსის გამარჯვების შესახებ, ხოლო როდესაც სენატმა შეიტყო მომხდარი მოვლენების შესახებ, მიიღო გადაწყვეტილება კამილუსი დიქტატორად დაენიშნათ.

დევნილი რომაელები ამ ცნობას სიხარულით შეხვდნენ. კამილუსი ვეიში ჩავიდა, სადაც მას 20000 შეიარაღებული რომაელი დახვდა. ამასობაში გალებმა შეამჩნიეს ის ადგილი, საიდანაც რომაელთა ელჩი შეიპარა კაპიტოლიუმში და გადაწყვიტეს ღამით იმავე გზით შეპარულიყვნენ ციხესიმაგრეში.

გალებმა განახორციალეს ეს გეგმა, ვერც ციხის მცველებმა ვერც ძაღლებმა ვერაფერი ვერ გაუიგეს, მაგრამ იუნონას ტაძარში ბატებმა გაიგეს ჯარისკაცების ხმა და ატეხეს ხმაური, რითაც იხსნეს კაპიტოლიუმი.

გალების საქმე ამის შემდეგ საკმაოდ ცუდად წავიდა, კამილუსის შიშით ისინი ვეღარ ახერხებდნენ მიმდებარე ტერიტორიების ძარცვას და განიცდიდნენ საკვების ნაკლებობას. მათ ბანაკებში კი გვამების დაუმარხავობის გამო სხვადასხვა დაავადებებმა იფეთქა. ალყაშემორტყმულ რომში კი შიმშილი მძვინვასრებდა. დაიწყო მოლაპარაკებები. შეთანხვდნენ რომ რომაელებს უნდა გადაეხადათ 1000 ფუნტი ოქრო და გალები დატოვებდნენ ქალაქს. როდესაც ოქრო მოიტანეს გალებმა ჯერ ფარულად, შემდეგ კი ღიად დაიწყეს სასწორის გადაწევა, ბოლოს კი გალთა ბელადმა სასწორზე ხმალი დააგდო. რომაელთა აზრი გაიყო, ნაწილი მოითხოვდა ოქროს აღებას და ციხესიმაგრეში დაბრუნებას, მეორე ნაწილი კი მეტი ოქროს გადახდას და შეურაცხყოფის გადაყლაპვას.

სანამ ამ საკითხზე ბჭობდნენ გამოჩნდა კამილუსი თავისი ჯარით. მან უბრძანა ლიქტორებს აეღოთ ოქრო და განაცხადა რომ რომაელებს სამშობლოს დაცვა იარაღით სჩვევიათ და არა ოქროთი. გალები იძულებულნი გახდნენ დაეხიათ. მეორე დღეს გაიმართა ბრძოლა რომელშიც რომაელებმა სასტიკად დაამარცხეს გალები. კამილუსმა კიდევ ერთხელ გადაიხადა ტრიუმფი.

რომის აღდგენა[რედაქტირება]

ძალაგამოცლილ ხალხს წინ კიდევ ერთი დიდი გამოცდა ელოდებოდათ, მათ უნდა აღედგინათ დანგრეული ქალაქი. ამჯერადაც გაისმოდა მოწოდებები ვეისი გადასახლებისკენ, სადაც ყველაფერი შენარჩუნებული იყო. კამილუსი ამას უწინდებურად სასტიკად ეწინააღმდეგებოდა და ყველა ღონეს ხმარობდა ქალაქის აღსადგენად. სენატს ეშინოდა უწესრიგობის, ამიტომ კამილუსს დიქტატორის უფლებამოსილება კიდევ ერთი წლის მანძილზე გაუხანგძლივეს. მიუხედავად ყველა სირთულისა ქალაქის აღდგენა ერთ წელიწადში მოხერხდა.

ლათინებთან ომი[რედაქტირება]

ქალაქის აღდგენა არ იყო დასრულებული, როდესაც ლათინების და ვოლსკების ჯარები შემოიჭრნენ რომის ტერიტორიაზე. კამილუსი მესამედ აირჩიეს დიქტატორად. როდესაც ლათინებმა რომს ალყა შემოარტყეს, კამილუსი თავისი ჯარით მეორე მხრიდან მოადგა მათ ბანაკს. ლათინებმა ეს რომ აღმოაჩინეს ბანაკი გაამაგრეს. კამილუსს შეეშინდა რომ თუ მათთან ეტრუსკებისგან დახმარება მოვა, ისიც ორი მხრიდან აღმოზჩნდება ალყაშემორტყმული, ამიტომ მან შეარჩია ხელსაყრელი მომენტი და მტრის ხითნაგებ ბანაკს დაუშინა ცეცხლიანი ისრები. ბანაკს ცეცხლი მალევე წაეკიდა, ლათინები გამორბოდნენ და რომაელ ჯარისკაცების ხელში ხვდებოდნენ, ხოლო ვინც შიგნით დარჩა, ყველა დაიწვა.

ამის შემდეგ იგი გაემართა ევკების და ვოლსკების მიწაზე და დაიმორჩილა ისინი. შემდეგ გაემართა მოკავშირე ქალაქ სუტრიუმისკენ, რომელსაც ასევე ემუქრებოდა საფრთხე. სუტრიუმი უკვე დანებდა ეტრუსკებს, რომლებმაც გაყარეს მოსახლეობა და დაკავებულ ქალაქში ღრეობა მოაწყეს.

კამილუსი იმავე ღამეს დაესხა თავს გაბრუებულ ეტრუსკებს და დაიკავა ქალაქი. ამ გამარჯვების შედეგად კამილუსმა მესამე ტრიუმფი გადაიხადა.

ძვ. წ. 385 წელს კამილუსი მეექსვსეჯერ[1] გახდა სამხედრო ტრიბუნი. კამილუსის ჯანმრთელობა უკვე შერყეული იყო. ვოლსკები კიდევ ერთხელ შემოიჭრნენ რომაელების მოკავშირეების მიწებზე. კამილუსი და მეორე სამხედრო ტრიბუნი, ლუციუს ფურიუსი დაბანაკდნენ. კამილუსს არ სურდა მაშინვე დიდი ბრძოლის გამართვა, მაგრამ ლუციუსი ყველანაერად ცდილობდა გადაერწმუნებინა იგი. კამილუსს შეეშინდა რომ ხალხი იფიქრებდა, თითქოს იგი შურის გამო არ აძლევს ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალებას და ნება დართო ლუციუსს ბრძოლა გაემართა. თვითონ ავადმყოფობის გამო ბანაკში დარჩა.

როდესაც რომაელებმა დახევა დაიწყეს, კამილუსი ადგა ლოგინიდან და შეაჩერა რომაელთა დახევა, მეორე დღეს კი თვითონ ჩაუდგა ჯარს სათავეში და დაამარცხა მტერი. ამ დროს მოვიდა ცნობა რომ სატურიუმი ისევ აირეს ეტრუსკებმა და მთელი მოსახლეობა გაჟლიტეს. კამილუსმა აქაც დაამარცხა ეტრუსკები.

შემდეგ ტუსკულანელები ჩამოშორდნენ რომაელებს. მათ დასასჯელად ისევ კამილუსი გაუშვეს, სხვა სამხედრო ტრიბუნებსაც სურდათ მასთან ერთად ლაშქრობაში წასვლა, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად, მან ისევ ლუციუს ფურიუსი აირჩია. ტუსკულანელებმა ომს დამორჩილება არჩიეს. კამილუსმა მათ სენატში ელჩობა გააგზავნინა და თვითონვე უქომაგა პატიების მისაღებად.

არეულობა[რედაქტირება]

პლებეები მოითხოვდნენ რომ ერთერთი კონსული პლებეი ყოფილიყომ, ამის გამო კონსულების არჩევნების ჩატარების საშუალება არ მისცეს სენატს. მეოთხეჯერ კამილუსი დიქტატორად აირჩიეს სახალხო არეულობის ჩასახშობად. კამილუსი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, მან გადაწყვიტა კენჭისყრის დღეს სამხედრო შეკრება მოეწყო და ფორუმიდან ხალხი მარსის მოედანზე გადაეყვანა. ტრიბუნები დაემუქრნენ ჯარიმით, თუ იგი არ შეწყვეტს ხალხის გადაბირებას. კამილუსს ან არ სურდა ხალხთან დაპირირისპირება, ან ახალი სასამართლო პროცესის შეეშინდა, მან უარი თქვა თანამდებობაზე ავადმყოფობის მიზეზით.

გალებთან მეორე ომი[რედაქტირება]

არეულობა რომში მხოლოდ გალების გამოჩენის შესახებ ცნობამ შეწყვიტა. ძვ. წ. 367 წელს კამილუსი მეხუთედ აირჩიეს დიქტატორად, მიუხედავად იმისა რომ იგი ღრმა მოხუცი იყო. მან კარგად იცოდა რომ გალების მთავარი იარაღი უხეში ხმლებია, რომლითაც ისინი თავსა და მხრებზე ურტყავენ. ამიტომ ბრძანა მძიმე მუზარადების დამზადება, რომელზეც ხმალი ასრიალდებოდა, ხოლო ფარებისთვის სპილენძის კანტის გაკეთება.

კამილუსი ისე დაბანაკდა მდინარე ანიენთან რომ გალების პოზიციიდან რომაული ჯარების მხოლოდ მცირე ნაწილი ჩანდა. ბრძოლამდე მან კარგად შეისწავლა გალების ბანაკის მდგომარეობა, სანამ ნაწილი მიდამოებში საჭმლის მოსაპოვებლად დაძრწოდა, დანარჩენები ბანაკში ლოთობდნენ.

ღამით კამილუსმა მსუბუქი ქვეითები გაგზავნა მტრის ბანაკში, ხოლო დილით მძუიმე ქვეითები გამოიყვანა. მსუბუქმა ქვეითებმა გალები აიძულეს მოუმზადებლად დაეწყოთ ბრძოლა. რომაელებმა ჯერ შუბებით განაიარაღეს გალები, შემდეგ კი ხმლებით დაერივნენ და გაანადგურეს მტრის ჯარი.

გარდაცვალება[რედაქტირება]

პოლიტიკურ ასპარეზზე კამილუსის უკანასკნელი საქმე იყო რომ მან ნება დართო ერთერთი კონსული პლებსიდან ყოფილიყო არჩეული. ამ გადაწყვეტილების მიღების სემდეგ მან უარი თქვა დიქტატორობაზე.

შემდეგ წელს რომში ეპიდემია მძვინვარებდა, რომესაც შეეწირა კამილუსიც. მიუხედავად იმისა რომ იგი უკვე ძალიან ბებერი იყო, რომაელებმა მისი სიკვდილი განსაკუთრებულად იგლოვეს.

წყაროები[რედაქტირება]

შენიშვნები[რედაქტირება]

  1. მეექვსეჯერ კამილუსი ტრიბუნად ძვ. წ. 385 წელს აირჩიეს. ამ მოწვევის ტრიბუნები ძვ. წ. 382 წლამდე მმართველობდნენ, მაგრამ ლუციუს ფურიუსი მათ შორის არ იყო. იგი ძვ. წ. 380 წელს იყო ტრიბუნად არჩეული, ანუ როდესაც კამილუსი მეშვიდეჯერ გახდა ტრიბუნი...